საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სწავლის საფასურის გადახდის შეღავათიანი წესებით 3220 სტუდენტმა უკვე ისარგებლა

ახალი სასწავლო წლის დაწყებისას, ჯერ კიდევ 18 სექტემბერს უნივერსიტეტის გაზეთში გამოქვეყნდა ბლიც-ინტერვიუ ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან ნუნუ ოვსიანიკოვასთან, რომელიც აცხადებდა, რომ სწავლის საფასურთან დაკავშირებული შეღავათებით სარგებლობისთვის სტუდენტთა მხრიდან შემოსული განცხადებების უმეტესობა დაკმაყოფილებულია. ციტატა - ,,დღე­ის­თ­ვის არ­სე­ბუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბით, სა­ფა­სუ­რის ეტა­პობ­რივ გა­დახ­დას­თან და­კავ­ში­რე­ბით შე­მო­სუ­ლი გან­ც­ხა­დე­ბე­ბის 95%-ზე მე­ტი დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბუ­ლია, ანუ ამოქ­მე­დე­ბუ­ლია სტუ­დენ­ტის­თ­ვის შე­ღა­ვა­თი­ა­ნი გა­დახ­დის წე­სი. დარ­ჩე­ნი­ლი გან­ც­ხა­დე­ბე­ბის გან­ხილ­ვა კი მიმ­დი­ნა­რე­ობს ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ რე­ჟიმ­ში” (გაზეთი ,,თბილისის უნივერსიტეტი”, # 8, 2017 წ. 18 სექტემბერი). ამ წინაპირობის მიუხედავად, აღნიშნული საკითხი კვლავ აქტუალურია. სტუდენტების ნაწილი საფასურის გადახდის შეღავათიანი პირობების კიდევ უფრო გამარტივებას ითხოვს. 29 სექტემბრის მონაცემებით,  განაცხადების რაოდენობა გაიზარდა და უნივერსიტეტის ადმინისტრაციას 3555 სტუდენტმა მიმართა, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობა დაკმაყოფილებულია. სტუდენტებს, რომელთაც არ დაუკმაყოფილდათ განაცხადი, დაეგზავნათ შეტყობინება. ადმინისტრაცია მათ უნივერსიტეტში გამოცხადებას და ინდივიდუალურ რეჟიმში საკითხის გადაჭრას სთავაზობდა.

ადმინისტრაციამ არაერთი შეხვედრა გამართა სტუდენტებთან სწავლის საფასურის გადახდასთან დაკავშირებული პრობლემების და, ზოგადად, სასწავლო პროცესის ორგანიზების თაობაზე.

28 სექტემბერს ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან ნუნუ ოვსიანიკოვასთან და რექტორის მოადგილესთან მიხეილ ჩხენკელთან გამართულ შეხვედრაზე სტუდენტებს კიდევ ერთხელ განემარტათ ის შეღავათები, რომელსაც თსუ მათ სთავაზობს. შეღავათიანი გადახდის საშუალება გასული სასწავლო წლის მსგავსად ამჯერადაც მიეცათ სტუდენტებს, რომელთაც გარკვეული მიზეზების გამო არ შეეძლოთ დადგენილი წესით სწავლის საფასურის გადახდა. დამატებითი შეღავათების დაწესება კი მხოლოდ უნივერსიტეტის ხელმძღვანელობის კეთილი ნება და სტუდენტების სოციალური მდგომარეობიდან გამომდინარე დაწესებული გამონაკლისია.

„უნივერსიტეტმა გაითვალისწინა სტუდენტების  მომართვა და იმ განცხადებების სიმრავლე, რომელშიც მითითებული იყო თხოვნა სწავლის საფასურთან დაკავშირებით შეღავათის დაწესების თაობაზე. უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ ჯერ კიდევ გასულ სასწავლო წელს შესთავაზა სტუდენტობას გადახდის შეღავათიანი პირობები. თითოეულ სტუდენტს საშუალება ჰქონდა დაეწერა განცხადება, მიეთითებინა ის გარემოებები, რის გამოც ითხოვდა შეღავათებით სარგებლობას. განცხადებები ადმინისტრაციის შესაბამისმა დეპარტამენტებმა განიხილეს და სტუდენტებს მიეცათ საშუალება  - შეღავათიანი პირობებით გადაეხადათ სწავლის საფასური“,- განაცხადა ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა. მისივე თქმით, სტუდენტებს  ასევე იწვევდნენ გასაუბრებაზე, რათა ინდივიდუალურ რეჟიმში შეთანხმებულიყვნენ გადახდის ისეთი გრაფიკზე, რომელიც მათთვისაც მისაღები იქნებოდა და უნივერსიტეტისთვისაც.

უნივერსიტეტში სწავლის საფასურის  გადახდის წესის შესაბამისად, სტუდენტი ვალდებულია სწავლის სემესტრული საფასურის 50 პროცენტი გადაიხადოს ადმინისტრაციული რეგისტრაციისათვის დადგენილ ვადებში, დარჩენილი ნაწილი კი  გამოცდების დაწყებამდე პერიოდში. პირველი სემესტრის სტუდენტებმა სწავლის სემესტრული საფასური 1125 ლარი უნდა გადაიხადოს სრულად, ხოლო დავალიანების მქონე სტუდენტს მომდევნო სემესტრში სწავლის უფლება მიეცემა დავალიანების დაფარვის შემდეგ.    

აღნიშნულის მიუხედავად, უნივერსიტეტის ხელმძღვანელობამ მიიღო   გადაწყვეტილება  და დავალიანების მქონე სტუდენტებს მათთან შეთანხმებით ინდივიდუალურად განესაზღვრათ სწავლის საფასურის გადახდის გრაფიკი და მიეცათ სწავლის გაგრძელების საშუალება. პირველსემესტრელებს, რომლებიც ელოდებიან სახელმწიფო გრანტს  და სტუდენტებს, რომლებიც მატერიალური პრობლემების გამო ვერ იხდიდნენ  სწავლის საფასურს,  100 ლარის  შენატანის შემთხვევაშიც კი გაეხსნათ ბაზები და მათ გაიარეს აკადემიური რეგისტრაცია. შეღავათები, პირველ რიგში, შეეხოთ სტუდენტებს სოციალურად დაუცველი ან მრავალშვილიანი ოჯახებიდან.

სწავლის საფასურის გადახდასთან დაკავშირებული საკითხები სენსიტიური თემაა როგორც სტუდენტებისთვის, ასევე უნივერსიტეტის ადმინისტრაციისთვის. უნივერსიტეტის ფინანსური მდგომარეობა კი პირდაპირ დამოკიდებულია სტუდენტის მიერ სწავლის საფასურის გადახდაზე,  ვინაიდან ბიუჯეტის შევსების ძირითად წყაროს სტუდენტის მიერ გადახდილი სწავლის საფასური წარმოადგენს.

არსებული სტატისტიკა ადასტურებს, რომ სტუდენტებისთვის დამატებითი შეღავათების დაწესება ადმინისტრაციისთვის გარკვეულ ფინანსურ სირთულეებს წარმოქმნის. „უკვე მეორე წელია სტუდენტთა მომართვებს მაქსიმალურად ვითვალისწინებთ, მიუხედავად იმისა, რომ ამ შეღავათების დაწესებით სტუდენტების დავალიანების საერთო თანხამ მიმდინარე სასწავლო წელს 4 მილიონ ლარამდე მიაღწია. შეღავათების დაწესება ფინანსურად საკმაოდ რისკიანი გზაა, მაგრამ ჩვენ დავადექით ამ გზას სტუდენტების ინტერესების გათვალისწინებით. ამდენად, მნიშვნელოვანია, რომ მათ შეთანხმებული  გრაფიკით დროულად დაფარონ დავალიანება, რათა ჩვენ მოგვეცეს დაგეგმილი პროექტების დაფინანსების საშუალება“, - აღნიშნა ნუნუ ოვსიანიკოვამ. მისივე თქმით, უნივერსიტეტის ფინანსური მდგრადობა მნიშვნელოვნად განსაზღვრავს უნივერსიტეტის ბიუჯეტიდან ინფრასტრუქტურული, სამეცნიერო-კვლევითი, გაცვლითი  თუ სტუდენტური პროექტების, საერთაშორისო კონფერენციებში მონაწილეობის, სპორტულ-კულტურული ღონისძიებების და სხვა აქტივობების დაფინანსების შესაძლებლობას.

„ჩვენი საქმიანობის პრიორიტეტია  სტუდენტების ინტერესების გათვალისწინება და, ვფიქრობ, სწორედ ერთობლივი ძალისხმევით შევძლებთ არსებული სირთულეების გადალახვას“, - განაცხადა ნუნუ ოვსიანიკოვამ. მან, ადმინისტრაციის სახელით, მზაობა  გამოხატა, შესაძლებლობების ფარგლებში, მაქსიმალურად გაითვალისწინონ  თითოეული სტუდენტის მოსაზრება და   პრობლემა და დროული რეაგირება მოახდინონ მასზე.

ადმინისტრაციული და აკადემიური რეგისტრაციისას ზოგიერთ სტუდენტს შეფერხება ჰქონდა ბაზების გახსნისას.  საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსის ნატო ჩუბინიძის განცხადებით,  ბაზები პრაქტიკულად ყველას გაეხსნა და ტექნიკური ხასიათის პრობლემა არ ყოფილა. მისი განმარტებით, ნებისმიერი სახის პრობლემა, რომელიც შესაძლოა შექმნოდა სტუდენტს, დაკავშირებული იყო კონკრეტულ სიტუაციასთან. „პირველივე წუთებში, როგორც კი რეგისტრაცია დაიწყო, ფაკულტეტების მიხედვით, 95%-ს გავლილი ჰქონდა აკადემიური რეგისტრაცია, ხოლო ის 5% იყვნენ ის სტუდენტები, რომელთაც თანხა არ ჰქონდათ გადახდილი მითითებულ ვადებში; შესაბამისად, იგი ვერ გაივლიდა აკადემიურ რეგისტრაციას, რადგან  აკადემიური რეგისტრაციის გავლის წინაპირობა არის ადმინისტრაციული რეგისტრაციიის გავლა. ყველა სხვა შემთხვევაში, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, არანაირი შეფერხება არ ყოფილა“, - განაცხადა საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსმა. მან ასევე არ გამორიცხა, რომ რეგისტრაციისას დაბალი ხარისხის ინტერნეტს შეექმნა გარკვეული ხარვეზები. ამიტომ, IT დეპარტამენტი სტუდენტებს ურჩევს ისარგებლონ თსუ-ს რესურს-ცენტრებში გამოყოფილი კომპიუტერებით.

სტუდენტების განცხადებების განხილვა ამ დრომდე გრძელდება და ადმინისტრაცია თითოეულ სტუდენტს, საჭიროების შემთხვევაში, საკითხის ინდივიდუალურ  რეჟიმში გადაჭრას სთავაზობს.

გაზეთი ,,თბილისის უნივერსიტეტი”
თარიღი: 16/09/2019