საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია „1921 - საქართველოს ოკუპაცია 100 წლის პერსპექტივიდან“

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი მართავს სტუდემტურ სამეცნიერო კონფერენციას „1921 - საქართველოს ოკუპაცია 100 წლის პერსპექტივიდან“. კონფრენცია ჩატარდება 2021 წლის 29 მაისს.

1921 წელს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის (1918-1921) ძალისმიერი დამხობის შემდეგ ქვეყანაში საბჭოთა რეჟიმი დამყარდა, რომელმაც ტოტალიტარული სახელმწიფოს, საბჭოთა კავშირის, შემადგენლობაში შეიყვანა ქვეყანა. საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას შეეწირნენ თბილისის უნივერსიტეტის სტუდენტებიც. კომუნისტური ტირანიის დამყარებას მოჰყვა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის ემიგრაცია ევროპაში, საქართველოში კი წინააღმდეგობის კერების წარმოშობა, ქართველ ინტელექტუალთა, პატრიოტ მოქალაქეთა პროტესტი, მათი რეპრესიები და მასობრივი ტერორი.

1921 წელი მრავალმხრივ მნიშვნელოვანი თარიღია საქართველოს ისტორიისთვის. ამ პერიოდის მოვლენებმა ასახვა პოვა ქვეყნის ცხოვრების სხვადასხვა სფეროში. ეს არის ტრაგიკული წელი, რომელმაც მნიშვნელოვნად განაპირობა საქართველოს ისტორიაში სხვა მოვლენებიც. 1921 წელი საქართველოსთვის არის საბჭოთა ეპოქის დასაწყისი. ეპოქისა, რომელსაც სჭირდება ახლებური გააზრება თანამედროვე გადასახედიდან და თანამედროვე ინტერდისციპლინური ანალიზი. აღნიშნული განსაკუთრებულ დატვირთვას იძენს ამ ტრაგიკული მოვლენიდან 100 წლის შემდეგ როგორც ეპოქის, ისე მისი ცალკეული ასპექტების შეფასების პერსპექტივისათვის.

კონფერენციის მიზანია ხელი შეუწყოს სტუდენტურ კვლევებს 1921 წლის ისტორიული, ლიტერატურული, კულტურული, ეთნოლოგიური და სხვა ასპექტების მიხედვით.

კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ როგორც ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის, ასევე სხვა ფაკულტეტების ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურების სტუდენტებს.

სავალდებულოა პროფესორის, სტუდენტის ხელმძღვანელის/რეკომენდატორის, წერილობითი  დასკვნა, რომ თეზისები აკმაყოფილებს კონფერენციის სამეცნიერო და ტექნიკურ მოთხოვნებს და შესაძლებელია წარმოდგენილი იყოს თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტთა ყოველწლიურ კონფერენციაში.

კონფერენცია ჩატარდება დისტანციურ ფორმატში

მნიშვნელოვანი თარიღები:
თეზისების მიღება 30. 01. 2021 – 30. 04. 2021
ინფორმაცია მონაწილეობის შესახებ - 10. 05. 2021

თეზისების გაფორმების წესი:
ფონტი: Sylfaen
ზომა:    12
ინტერვალი: 1,5
მოცულობა: მაქსიმუმ 1 გვერდი  ( 250  სიტყვა) 

განაცხადები მიიღება ელექტრონულ ფოსტაზე: 1921studentconference@tsu.ge

საკონტაქტო პირი:
ნინო პოპიაშვილი, ფილოლოგიის დოქტორი, თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის წამყვანი სპეციალისტი

თარიღი: 27/01/2021