საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სტუდენტური პროექტების დაფინანსების წესი იცვლება

2017 წლიდან უნივერსიტეტში სტუდენტური პროექტების დაფინანსების ახალი წესი ამოქმედდება. თსუ რექტორის გიორგი შარვაშიძის ინიციატივით, გამჭვირვალობის და პარიტეტის დასაცავად შეიქმნება სპეციალური საბჭო, რომელშიც არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები შევლენ. საბჭო შეიმუშავებს იმ კრიტერიუმებს, რის მიხედვითაც გაიცემა დაფინანსება სტუდენტური პროექტების განსახორციელებლად. ,,2017 წლის პირველი იანვრიდან შეიქმნება კომპეტენტური საბჭო, რომელიც მიიღებს გადაწყვეტილებას, სხვადასხვა ჯგუფების მიერ განსახილველად შემოტანილი პროექტების დაფინანსებაზე. ეს პროცესი იქნება გამჭვირვალე, ღია, ყველას ექნება მასში მონაწილეობის მიღების საშუალება, იქნებიან ცალკეული სტუდენტები, თუ სტუდენტური ჯგუფები.’’ -განაცხადა თსუ-ს რექტორმა გიორგი შარვაშიძემ. მისი თქმით, ინიციატივის საფუძველი გახდა უნივერსიტეტის სტრატეგიული განვითარების დოკუმენტზე სამუშაო ჯგუფის შეხვედრებზე სტუდენტების მიერ წამოყენებული მოსაზრება სტუდენტური პროექტების და ღონისძიებების დაფინანსებისას თანაბარი პირობების შექმნის შესახებ. დოკუმენტი საჯაროა და ღიაა მსჯელობისთვის.

რექტორმა კომენტარი გააკეთა ,,აუდიტორია 115’’ -ის წევრების მოთხოვნებთან დაკავშირებით. მისი განცხადებით, „მოთხოვნებს გავეცანი, ყველა სტუდენტი თანასწორუფლებიანია - ვეთანხმები, რა თქმა უნდა; ავტონომია უნივერისტეტს - ძალიან მომწონს ეს იდეა. რაც შეეხება იმას, თუ რა ფორმით არის ეს განხორციელებული, ეს უკვე გემოვნების საკითხია. არსებული ფორმა არ მომწონს და, უპირველესად, არ მინდა ხელი შეეშალოს სასწავლო პროცესს. ავტონომიის დონე აუცილებლად გაიზრდება, რისთვისაც ყველა მზადაა, მათ შორის კანონმდებლებიც, საქართველოს პარლამენტიც, მზაობა მაღალია, თუმცა ფორმები არის სხვადასხვა’’. უნივერსიტეტის რექტორს მიაჩნია, რომ კანონმდებლობით უნივერისტეტს უნდა გადაეცეს ის უფლებები, რომელიც საშუალებას მისცემს უნივერსიტეტსა და სტუდენტებს განსაზღვრონ როგორი მოწყობა ურჩევნიათ. „ხაზი მინდა გავუსვა იმასაც, რომ პრივილეგირებული ჯგუფები უნივერსიტეტში არ იქნებაინ.’’-განაცხადა რექტორმა.

როგორც გიორგი შარვაშიძემ აღნიშნა, აუდიტორია 115-ს წევრების განცხადება საერთო საცხოვრებლის თემაზე ახალი არ არის. ,,საერთო საცხოვრებლების პრობლემა არსებობს, რომელიც გუშინ არ გაჩენილა. უკვე დაწყებულია სველი წერტილების, კვების საკითხების მოგვარება, კეთდება უკაბელო ინტერნეტი, ასევე მივაღწიეთ შეთანხმებას, რომ უფასო იქნება საბაგირო გზა სტუდენტებისთვის, რომლებიც მაღლივ კორპუსში დადიან საერთო საცხოვრებლიდან. ამ პრობლემის მოგვარებას სჭირდება, რა თქმა უნდა, სახსრები, დრო და, რაც მთავარია, არის ნებაც, რომ მოწესრიგდეს ეს საკითხები. ‘

თსუ რექტორის განცხადებით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი გახდება წამყვანი კვლევითი ევროპული დონის სასწავლებელი. თსუ ითანამშრომლებს ყველასთან, რათა უნივერისტეტში გარემო გაუმჯობესდეს, მათ შორის იმ მიმართულებით, რათა ყველას ჰქონდეს თანაბარი უფლებები. ორი თვის განმავლობაში აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა უნივერსიტეტის სტრატეგიული განვითარების გეგმაზე, ყველას შეუძლია იხილოს უნივერსიტეტში განსახორციელებელი ცვლილებების პროექტის ბრძანება, რომელიც ღია სივრცეშია განთავსებული, ჩაერთოს მასში და თავისი წვლილი შეიტანოს მის გაუმჯობესებაში. სტრატეგიული გეგმის ფარგლებში ასევე განიხილება 2017 წლიდან სტუდენტური ღონისძიებების დასაფინანსებელი პროექტების სავარაუდო მიმართულებები, რომელიც ასევე შეგიძლიათ იხილოთ თანდართულ დოკუმენტში, გამოხატოთ თქვენი აზრი და შეიტანოთ ცვლილებები.

თარიღი: 28/09/2018