საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სისხლის სამართლის ზოგადი ნაწილის (სსკ 1-38-ე მ.) კომენტარის პრეზენტაცია

 6 აპრილს  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში  თსუ იურიდიული ფაკულტეტის სისხლის სამართლის მიმართულების პროფესორთა თანაავტორობით გამოცემული სისხლის სამართლის ზოგადი ნაწილის (სსკ 1-38-ე მ.) კომენტარის პრეზენტაცია გაიმართა.

 

კომენტარის რედაქტორები არიან: პროფ. ნონა თოდუა,  პროფ. მაია ივანიძე,  პროფ. მერაბ ტურავა.

კომენტარის ავტორები არიან: ნონა თოდუამაია ივანიძემერაბ ტურავალალი ფაფიაშვილიირინა აქუბარდიაირაკლი დვალიძემორის შალიკაშვილილევან ხარანაულიირინე ხერხეულიძეთემურ ცქიტიშვილი.

 

კომენტარზე მუშაობა დაიწყო  თსუ საგრანტო პროექტის ფარგლებში. პროექტის სამეცნიერო კონსულტანტი გახლდათ გერმანიის თიუბინგენის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ამჟამად თსუ საპატიო პროფესორი, ბერნდ ჰაინრიხი, რომლის მიერ გაწეულმა კონსულტაციამ დადებითი ზეგავლენა იქონია ნაშრომის როგორც ტექნიკურ, ისე შინაარსობრივ მხარეზე.

 

წარმოდგენილი სისხლის სამართლის ზოგადი ნაწილის კომენტარის ორტომეული გამოიცა საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის გერმანული ფონდის (IRZ)  ფინანსური მხრადაჭერით.

 

პრეზენტაციას ესწრებოდნენ მოწვეული სტუმრები: საქართველოს უზენაესი სასამართლოდან, თბილისის სააპელაციო სასამართლოდან და თბილისის საქალაქო სასამართლოდან, საქართველოს გენერალური პროკურატურიდან, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციიდან, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან, საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტიდან, კავკასიის სამართლის სკოლიდან; თსუ იურიდიული ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლები.

 

პრეზენტაცია გახსნა თსუ იურიდიული ფაკულტეტის პროფესორმა ნონა თოდუამ, რომელმაც ისაუბრა ამ გამოცემის მნიშვნელობაზე - კომენტარში მოცემულია სისხლის სამართლის ზოგადი ნაწილის დეტალური მეცნიერული ანალიზი, სასამართლო პრაქტიკა და გადმოცემულია არაერთი საკანონმდებლო წინადადება კანონმდებლობის შემდგომი სრულყოფის მიზნით. ამდენად, ნაშრომი საინტერესოა არა მხოლოდ პრაქტიკოსებისა და სტუდენტებისთვის, არამედ საქართველოს კანონმდებლებისთვისაც.

 

პრეზენტაციაზე სიტყვით გამოვიდნენ იურიდიული ფაკულტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები - დეკანი ასოც. პროფ. თამარ ზარანდია, დეკანის მოადგილე პროფ. ირმა ხარშილაძე, დეკანის მოადგილე, ასოც. პროფ. გიორგი დგებუაძე; საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის გერმანული ფონდის (IRZ) წარმომადგენელი საქართველოში სულხან გამყრელიძე; იურიდიული ფაკულტეტის პროფესორი, ირაკლი ბურდული; კომენტარის რედაქტორები - პროფ. მერაბ ტურავა და პროფ. მაია ივანიძე.

 

პრეზენტაციის შემდეგ კომენტარის ორტომეული საჩუქრად გადაეცა მოწვეულ სტუმრებს. კომენტარის ორტომეული საჩუქრად გადაეცემა საქართველოს პარლამენტის, საქართველოს უზენაესი სასამართლოს, საქართველოს გენერალური პროკურატურის, თსუ, თსუ იურიდიული ფაკულტეტის ბიბლიოთეკებს, ასევე სხვადასხვა უნივერსიტეტების ბიბლიოთეკებს. 

თარიღი: 08/04/2024