eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სიახლეები თსუ ეკონომიკის და ბიზნესის ფაკულტეტის ტურიზმის სკოლაში

თსუ რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ, თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანთან მერაბ ხოხობაიასთან ერთად, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ტურიზმის სკოლაში განახლებული კომპიუტერული ლაბორატორია დაათვალიერა და სტუდენტებისთვის შექმნილ ახალ სასწავლო შესაძლებლობებს გაეცნო.

 

ტურიზმის საბაკალავრო პროგრამის ფარგლებში შემუშავდა და დაინერგა ახალი სასწავლო კურსები – „დაჯავშნის გლობალური სადისტრიბუციო სისტემა AMADEUS“ და „საკუთრების მართვის სისტემა OPERA CLOUD“. ორივე სისტემა ფართოდ გამოიყენება საერთაშორისო ტურიზმისა და სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიაში და მათი შესწავლა სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს, თეორიულ ცოდნასთან ერთად, პრაქტიკული პროფესიული უნარებიც განივითარონ.

 

ახალი სასწავლო კურსების ეფექტიანად განხორციელებისთვის ტურიზმის სკოლაში მოეწყო და თანამედროვე ტექნიკით სრულად აღიჭურვა კომპიუტერული ლაბორატორია. სტუდენტებს ოფიციალური, ლიცენზირებული პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებით სრული წვდომა აქვთ AMADEUS-ისა და OPERA CLOUD-ის სისტემებზე და სასწავლო პროცესში პრაქტიკულად ეუფლებიან მათ გამოყენებას.

 

თსუ-ის რექტორმა ასევე დაათვალიერა ტურიზმის სკოლის ბიბლიოთეკა და გაეცნო მისთვის შეძენილ თანამედროვე სასწავლო და პროფესიულ ლიტერატურას. შეხვედრის ფარგლებში ყურადღება გამახვილდა ბიბლიოთეკის რესურსების შემდგომ განვითარებაზე, ახალი სახელმძღვანელოების შექმნასა და საერთაშორისო გამოცემების ქართულ ენაზე თარგმნაზე. გამოითქვა ინიციატივა, მომზადდეს ახალი სახელმძღვანელო „ქართული ტურიზმის ისტორია“, რომელიც სტუდენტებსა და სფეროთი დაინტერესებულ მკითხველს საქართველოს ტურიზმის განვითარების ისტორიის, მნიშვნელოვანი ეტაპებისა და თანამედროვე ტენდენციების შესახებ სისტემატიზებულ ცოდნას შესთავაზებს.

 

 

თარიღი: 07/10/2026