საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

საჯარო ლექცია-სემინარი „მედიცინა და ევოლუცია“

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ადამიანის ევოლუციაზე, ამ მიმართულებით მსოფლიო  კვლევების ბოლო შედეგებზე საჯარო ლექცია-სემინარი „მედიცინა და ევოლუცია“ გაიმართა.

 

ღონისძიებაზე, მოხსენება წაიკითხა აკადემიკოსმა, პროფესორმა, საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალურმა დირექტორმა, ევროპის აკადემიის თბილისის რეგიონული ცენტრის აკადემიურმა დირექტორმა დავით ლორთქიფანიძემ. მისი ლექციის თემა იყო „ადამიანები აფრიკის გარეთ - ვინ? როდის? რატომ?“.  როგორც დავით ლორთქიფანიძემ აღნიშნა,  იყო ძალიან დიდი აღმოჩენები, რომლებმაც მოახდინა გარღვევა დარგში. დღევანდელი წარმოდგენით, ადამიანის ევოლუციის პირველი ეტაპი ხდება აფრიკაში. „ვინ, როდის და რატომ გავრცელდა აფრიკის გარეთ? შეუძლებელია ამ კითხვაზე პასუხი იყოს მხოლოდ ერთი აღმოჩენიდან. ეს არის სინთეზი აღმოჩენების, სხვადასხვა დარგების. მეცნიერება ვითარდება, მათ, შორის პალეოანთროპოლოგიაც, ბევრი თანამედროვე მეთოდიკა შემოდის ჩვენს სფეროში. დღეს უკვე შესაძლებელია მოლეკულური ბიოლოგიის გამოყენება და გვინდა, რომ ეს ინტერდისციპლინური კვლევის შედეგები უფრო ფართოდ იყოს ცნობილი“, - განაცხადა დავით ლორთქიფანიძემ.

 

დავით ლორთქიფანიძემ წარმოადგინა კვლევების ბოლო შედეგები, რომელიც დმანისის არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილ მასალებს უკავშირდება. მან ისაუბრა ქართული მეცნიერების მნიშვნელოვან როლსა და ადგილზე საერთაშორისო სივრცეში. „ძალიან სასიამოვნოა ამ კედლებში ვისაუბროთ მეცნიერებაზე. მიხარია, რომ დღეს ბევრ ახალგაზრდას ვხედავ. მნიშვნელოვანია, რომ მათ თავიდანვე გაითავისონ თანამედროვე მეცნიერების კულტურა. თანამედროვე მეცნიერება შეუძლებელია ვითარდებოდეს ჩაკეტილ სივრცეში, მედიცინა, პალეობიოლოგია, არქეოლოგია სრულ კავშირშია ერთმანეთთან. წარსულის კვლევა სხვადასხვა მეცნიერების ინტეგრაციით არის ის ინსტრუმენტი, რომლითაც ჩვენ ვცდილობთ ამოვხსნათ ის ამოცანები და აღვადგინოთ წარსულის ის სურათი, რომელიც აინტერესებს კაცობრიობას“, -აღნიშნა დავით ლორთქიფანიძემ.

 

ღონისძიებაზე საჯარო ლექცია-სემინარი წაიკითხა პროფესორმა, თსუ-ის მოწვეულმა დოქტორმა, საქართველოს ეროვნული მუზეუმის უფროსმა მეცნიერ-თანამშრომელმა, საქართველოს უნივერსიტეტის სტომატოლოგიის სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელმა ანა მარგველაშვილმა.

 

ანა მარგველაშვილის მოხსენების თემა იყო „კბილები- ადამიანის ევოლუციური წარმატების გასაღები“. როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, კბილები ბევრ საინტერესო ინფორმაციას ინახავს, ისევე როგორ თვითმფრინავის შავი ყუთი. „თუ ჩვენ კბილებიდან მიღებული ინფორმაციის სწორად გაშიფვრას შევძლებთ, გავარკვევთ გენეტიკურ ინფორმაციას, ძალიან ბევრ ინფორმაციას გავიგებთ სახეობის შესახებ, ცხოვრების სტილის, ასაკის შესახებ“, - განაცხადა ანა მარგველაშვილმა. მისი ინფორმაციით, კბილები არის ყველაზე მყარი ქსოვილი ადამიანის სხეულში და პალეონტოლოგიაში მონაპოვრების უმეტესობას წარმოადგენს კბილები.

 

საჯარო ლექცია-სემინარი „მედიცინა და ევოლუცია“ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ევროპის აკადემიის თბილისის რეგიონული ცენტრის ორგანიზებით გაიმართა. ღონისძიებას თბილსის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის დეკანი მაია ბიწკინაშვილი, სამედიცინო წრის წარმომადგენლები, პროფესორები, სტუდენტები, მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

თარიღი: 14/02/2024