საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სახელოვნებო ორგანიზაცია „პროპაგანდა“ ახალი პროექტის - „ექსტერნის“ მონაწილეთა შესარჩევად განაცხადების მიღებას იწყებს

სახელოვნებო ორგანიზაცია „პროპაგანდა“ ახალი პროექტის - „ექსტერნის“ მონაწილეთა შესარჩევად განაცხადების მიღებას იწყებს.

სახელოვნებო ორგანიზაციამ ხელოვნებით დაინტერესებული პირებისათვის თვით-განათლების ახალი პლატფორმა შექმნა. „ექსტერნი“ კოლექტიური კითხვისა და დისკუსიის რეგულარული სესიებია, არტისტებს, კურატორებს ან/და ხელოვნებით დაინტერესებულ პირებს საშუალება ექნებათ ამ სფეროში არსებულ თანამედროვე იდეებსა და სააზროვნო მიმართულებებზე ერთობლივად მოახდინონ რეფლექსია და მსჯელობის რეჟიმში ერთმანეთს ცოდნა და ინფორმაცია გაუცვალონ.

„ექსტერნი“ ერთგვარი არაფორმალური საგანმანათლებლო პროგრამაა, რომელიც დასაწყისისთვის ორ „კურსს“ მოიცავს: კრიტიკის თეორიასა და თანამედროვე ხელოვნების ისტორიას. თითოეული ასეთი კურსი სამ თვეს გასტანს და მოქნილი გრაფიკით, კვირაში ორ შეხვედრას გულისხმობს. შეხვედრების მინიმალური ხანგრძლივობა ორი საათია. საკითხავი მასალა ინგლისურენოვანია, ხოლო მსჯელობის პროცესი ქართულ ენაზე წარიმართება. საჭირო ტექსტებს მონაწილეებს მოდერატორები მიაწვდიან.

თითოეული ჯგუფისთვის შეირჩევა 7 მონაწილე. მონაწილეობის მსურველებმა საჭიროა შეავსონ განაცხადის ფორმა მითითებულ ბმულზე https://goo.gl/forms/wkvlRpWAJuCdhoMC3

განაცხადების მიღების ბოლოო ვადაა 10 ოქტომბერი; შერჩევის შემთხვევაში ორგანიზაცია 13 ოქტომბერს დაგიკავშირდებათ. კითხვების შემთხვევაში მიწერეთ facebook-ის გვერდზე.

• ტექსტები •

• კრიტიკის თეორია

1.ვალტერ ბენიამინი - „ხელოვნების ნაწარმოები მისი ტექნიკური რეპროდუცირებადობის ეპოქაში“

ცნობილი გერმანელი მწერლის, ფილოსოფოსისა და კულტურის მკვლევარის უმნიშვნელოვანესი ნაწარმოები: წერილი ხელოვნების ნიმუშის „აურის“ დაკარგვის ახსნას გვთავაზობს და ამ მოვლენას ტექნიკური რეპროდუცირების პირობებით განსაზღვრავს. ამ ტექსტმა განსაკუთრებული აქტუალურობა შეიძინა 1960-იან წლებში და ის თანამედროვე ხელოვნების ყველა მიმდევარისა თუ მომავალი თეორეტიკოსისათვის სამაგიდო წიგნად იქცა.

2.ჰიტო შტაიერლი „უფასო ხელოვნება - ხელოვნება პლანეტარული სამოქალაქო ომის ერაში“

გერმანელი არტისტი და მწერალი, პედაგოგი, ჰიტო შტაიერლი ხელოვნების უახლესი ისტორიის ერთ-ერთი წამყვანი ფიგურაა. რეჟისორი, კონტროვერსიული არტისტი და კინო-ესეს ნოვატორი თანამედროვე სახელოვნებო სცენის ყველაზე გავლენიან არტისტად იქცა. შტაიერლი ბერლინის ხელოვნების უნივერსიტეტის პედაგოგი და ვენის უნივერსიტეტის ფილოსოფიის დოქტორია. მისი ბოლო ნამუშევარი, „უფასო ხელოვნება -ხელოვნება პლანეტარული სამოქალაქო ომის ერაში“ ესსეების კრებულია, რომელიც თვითგამოხატვის ფორმებს თანამედროვე სამყაროს ციფრული ტექნოლოგიების, გლობალური პოლიტიკისა და ეკონომიკის გავლით აანალიზებს.

დისკუსიების მოდერატორი: დავით კოროშინაძე (ხელოვნების მკვლევარი, ავტორი)

• თანამედროვე ხელოვნების ისტორია

ჰანს ბელტინგი - ხელოვნების ისტორია მოდერნიზმის შემდეგ

ცნობილი ხელოვნების ისტორიკოსის, ჰარვარდის, მიუნიხის, ჰაიდელბერგისა და ჰამბურგის უნივერსიტეტების პროფესორის, კარლსრუეს სახელოვნებო უნივერსიტეტის დამაარსებლის, გერმანელი ჰანს ბელტინგის უახლესი ნამუშევარი ამომწურავად აანალიზებს თვითგამოხატვის ყველა მნიშვნელოვან გამოვლინებას, მათი წარმოშობის ისტორიულ კონტექსტებსა და სვლას თანამედროვე სახელოვნებო ენამდე. ტექსტი იმ კონცეპტუალურ მოდელებს მიმოიხილავს, რომლებმაც ხელოვნების ისტორია შექმნეს

დისკუსიების მოდერატორი: ქეთევან შავგულიძე (ხელოვნებათმცოდნე. პედაგოგი)
თარიღი: 03/10/2018