საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სახელმწიფო ენის დეპარტამენტის 2023-2024 წლების სტრატეგიის განხილვა თსუ-ში

სახელმწიფო ენის დეპარტამენტმა უწყებათაშორისი საბჭოს წევრებთან, პასუხისმგებელ და პარტნიორ უწყებებთან თანამშრომლობით მოამზადა სახელმწიფო ენის ერთიანი პროგრამის (სტრატეგიის) 2023-2024 წლების სამოქმედო გეგმის პროექტი, რომლის საჯარო განხილვაც გაიმართა.

 

საჯარო განხილვაში მონაწილეობდა თსუ რექტორი, აკადემიკოსი ჯაბა სამუშია, სახალხო დამცველთან არსებული ეთნიკურ უმცირესობათა საბჭოს, სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრის, ასევე, სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის, სამოქალაქო თანასწორობის პლატფორმის წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებულ პირები.

 

სახელმწიფო ენის ერთიანი პროგრამა (სტრატეგია)  არის ქართულის, როგორც სახელმწიფო ენის  2021-2030 წლების განვითარების პოლიტიკის დოკუმენტი 2021 წლის 27 დეკემბერს დამტკიცდა საქართველოს მთავრობის მიერ. პროგრამის მიზანია სახელმწიფო ენის სრულფასოვანი ფუნქციონირება, დაცვა, განვითარება და მისი სიცოცხლისუნარიანობის შენარჩუნება.

 

აღნიშნული სამოქმედო გეგმა სტრატეგიის რიგით მეორე გეგმაა, პირველი კი 2021-2022 წლებში განხორციელდა.

 

სახელმწიფო ენის სტრატეგიის მთავარი მიზანია სახელმწიფო ენის სრულფასოვანი ფუნქციონირების უზრუნველყოფა, რისთვისაც განისაზღვრა შემდეგი ამოცანები შესაბამისი აქტივობებით.

1. ქართული და აფხაზური ენების ფუნქციონირებისა და პოპულარიზაციის მხარდაჭერა;

2. სალიტერატურო ქართული ენის ნორმების რეგულარული განახლება და დანერგვა;

3. ქართულენოვანი ტერმინოლოგიის განვითარება;

4. ქართული ენის ფლობის დონის ამაღლების ხელშეწყობა ფორმალური და არაფორმალური განათლების ყველა დონეზე;

5. აფხაზური ენის სწავლების ხელშეწყობა;

6. ქართველური ენებისა და აფხაზურის ფუნდამენტური და გამოყენებითი კვლევების ხელშეწყობა;

7. საქართველოს ეთნიკური უმცირესობის ენების სწავლებისა და კვლევის მხარდაჭერა.

2023-2024 წლების სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულია ისეთი მნიშვნელოვანი აქტივობების განხორციელება, როგორებიცაა: საგამოცდო სისტემის დანერგვა, სახელმწიფო ენის პორტალის შექმნა, ტერმინოლოგიის სტანდარტიზაციისა და  ნორმალიზაციის პროცესის გაგრძელება და სხვ.

 

სამოქმედო გეგმის დოკუმენტი მომზადდა მთავრობის მიერ 2019 წლის 20 დეკემბრის #629 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს მთავრობის პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავების, მონიტორინგისა და შეფასების ერთიანი პროცედურების, მეთოდოლოგიისა და სტანდარტების“ შესაბამისად, რომელიც ამავდროულად  ითვალისწინებს დოკუმენტის საჯარო განხილვას. 

 

საჯარო კონსულტაციები დოკუმენტის შესახებ გაგრძელდება სხვადასხვა ფორმატით.

თარიღი: 18/05/2023