საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

საქართველოში EPLO-ს რეგიონული წარმომადგენლობა გაიხსნა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ევროპის საჯარო სამართლის ორგანიზაციის (EPLO) რეგიონული წარმომადგენლობა ოფიციალურად გაიხსნა.

 

საქართველოში ევროპის საჯარო სამართლის ორგანიზაციის რეგიონული წარმომადგენლობა საქართველოს მთავრობის, EPLO-ს და თსუ-ს ერთობლივი გადაწყვეტილების საფუძველზე გაიხსნა და ევროპულ ქვეყანათა თანამეგობრობაში საქართველოს ინტეგრაციის ხელშემწყობი საგანმანათლებლო - კვლევითი კომპონენტის შექმნას ისახავს მიზნად. რეგიონალური წარმომადგენლობა იქნება ერთგვარი ფორმატი, სადაც ევროპელი ექსპერტების, მეცნიერების და პრაქტიკოსების ჩართულობით განხორცილდება კვლევები, ტრენინგები, შეიქმნება საგანამანათლებლო პროგრამები, მათ შორის საჯარო სამსახურებისთვის იმ საჭიროებებისა და გამოწვევების გათვალისწინებით, რაც ევროინტეგრაციის პროცესს უკავშირდება. სამუშაო პროცესში აქტიურად მიიღებენ მონაწილეობას აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის წევრი ქვეყნების, ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნების მეცნიერები, მკვლევრები და პრაქტიკოსები.

 

EPLO-ს წარმომადგენლობა ასევე ხელს შეუწყობს ევროპული ინტეგრაციის საკითხებზე პროფესიული და კვალიფიციური საჯარო დისკუსიების, ლექციების, სემინარების წარმართვას, რაც მიმართული იქნება ანტიევროპული პროპაგანდისა და ევროპული ინტეგრაციის შესახებ დეზინფორმაციის წინააღმდეგ. ამ პროცესში აქტიურად იქნება ჩართული დიპლომატიური წარმომადგენლობები საქართველოში.

 

„EPLO-ს ოფისი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე შეიქმნება, რომელიც კოორდინაციას გაუწევს საჯარო სამართალში ბევრ ინიციატივას კავკასიის რეგიონში,“ - განაცხადა თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ. მისივე თქმით, ძალიან იშვიათია, როდესაც ევროგაერთიანების არაწევრ ქვეყანაში იხსნება წარმომადგენლობა.

 

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად ორი სახელმწიფო უწყება - საქართველოს იუსტიციის სამინისტრო და საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტრო არის EPLO-ს რეგიონული წარმომადგენლობის თანადამფუძნებელი.

 

როგორც განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩმა აღნიშნა, საქართველოში ევროპის საჯარო სამართლის ორგანიზაციის წარმომადგენლობის გახსნა მნიშვნელოვან ნაბიჯს წარმოადგენს ევროინტეგრაციის მიმართულებით საგანმანათლებლო და კვლევით სივრცეში. „ევროპული ინტეგრაციის პროცესები, როგორც უმაღლესი განათლების, ასევე სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტების მხრიდან არის კვლევების სახით მხარდაჭერილი. ამ პროგრამის ფარგლებში წარმომადგენლობა იმუშავებს ახალ საგანმანათლებლო პროგრამაზე როგორც სამაგისტრო, ასევე სადოქტორო საფეხურისთვის. ასევე, უფრო ინტენსიური გახდება კვლევები ევროპის მიმართულებით,“ - განაცხადა ნუნუ მიცკევიჩმა.

 

ცერემონიას EPLO-ს მმართველი საბჭოს პრეზიდენტი, პროფესორი სპიროს ფლოგაიტისი, რეგიონული წარმომადგენლობის ხელმძღვანელი იოსებ ნანობაშვილი, საბერძნეთის სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩი საართველოში დიმიტრიოს კარაბალისი, საქართველოს განათლების და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩი, კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი კახა შენგელია ესწრებოდნენ.

 

„ჩვენ გვსურს წვლილი შევიტანოთ საქართველოს სამზადისში ევროპული ინტეგრაციის გზაზე. იმისათვის, რომ ეს ოცნება ახდეს, ქვეყანას სჭირდება მზაობა განათლების, მენტალიტეტის, რეფორმების თვალსაზრისით, რადგან როცა ეს მომენტი დადგება, ქვეყანა მზად იყოს. ჩვენ ყველა ვიქნებით მოხარული, როცა ევროკავშირში ახალი წევრი სახელმწიფო გვეყოლება“ - განაცხადა EPLO-ს მმართველი საბჭოს პრეზიდენტმა სპიროს ფლოგაიტისმა. მისი თქმით, საქართველო არის ერთ-ერთი პირველი რეგიონში, ვისთანაც წარმატებით ხორცირელდება თანამშრომლობა.

 

„ევროპის საჯარო სამართლის ორგანიზაციის რეგიონულ წარმომადგენლობას აქვს პოტენციალი რომ გახდეს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის ხელშემწყობი კვლევითი-საგანმანათლებლო კომპონენტი. ამ მიზნით, განცხორციელდება ევროკავშირთან დაკავშირებული საკითხების რეგულარული კვლევა, რომელშიც ჩაერთვებიან როგორც ამ საერთაშორისო ორგანიზაციის სამეცნიერო - კვლევითი ქსელი, ასევე თვალსაჩინო ექსპერტები სხვადასხვა ევროპული ქვეყნიდან. ჩვენ ვართ უაღრესად მადლიერები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, რომელმაც გადმოგვცა სარგებლობაში ოფისი და უაღრესად ვაფასებთ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წვლილს ამ წარმომადგენლობის დაფუძნების საქმეში,“-განაცხადა წარმომადგენლოობის ხელმძღვანელმა იოსებ ნანობაშვილმა.

 

საქართველო EPLO-ში 2010 წელს გაწევრიანდა, 2020 წლის 13 აგვისტოს კი ამოქმედდა შეთანხმება რეგიონული წარმომადგენლობის გახსნის შესახებ, რაც კიდევ ერთი ხელშემწყობი ფაქტორი იქნებოდა საქართველოში ევროპული ფასეულობების განმტკიცების, ევროპის საჯარო სამართლის პრინციპების და საჯარო მმართველობის საუკეთესო პრაქტიკის დასანერგად.

 

თარიღი: 02/08/2021