საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

საქართველო – საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის ცენტრი


22 სექტემბერს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში  "DAAD -SDG   საზაფხულო სკოლა- 2025 - გეოინჟინერია და მონიტორინგი მდგრადი და გამძლე კრიტიკული ინფრასტრუქტურისთვის“  გაიხსნა.

 

ღონისძიება 28 სექტემბრის ჩათვლით გაიმართება და თსუ-ში ლექციების გარდა ასევე მოიცავს, სემინარებსა და საველე ვიზიტებს  ბოლნისში და ენგურის კაშხალზე. პროგრამა ფოკუსირებულია კრიტიკული ინფრასტრუქტურის უსაფრთხოებასა და მდგრადობაზე, ბუნებრივი საფრთხეებისა და კლიმატის ცვლილების პირობებში. 


გახსნის ცერემონიას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე ერეკლე ასტახიშვილი, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩოს ეკონომიკისა და კულტურის დეპარტამენტის ხელმძღვანელი საქართველოში – ლეიფ ერიკ შტროესსნერი, KIT-ის სამოქალაქო ინჟინერიის, გეო და გარემოს მეცნიერებების ფაკულტეტის დეკანი პროფესორი ჰანსიორგ კუტერერი, გერმანიის გეომეცნიერებათა გაერთიანება (DVGeo)  პრეზიდენტი პროფესორი ფრანკ შილინგი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლები და სტუდენტები ესწრებოდნენ.


სკოლის პროგრამა მოიცავს თემებს, როგორიცაა: ხელოვნური ინტელექტის გამოყენება ინფრასტრუქტურის მონიტორინგში,  მიწისზედა ლაზერული სკანირება და რადარული დისტანციური სენსორები (SAR),  დაბალბიუჯეტიანი სენსორები კრიტიკული ინფრასტრუქტურისთვის, ინდუცირებული სეისმურობა და საქართველოს სეისმურობის მონიტორინგი, ინფრასტრუქტურის მოწყობა გეოლოგიურად რთულ რეგიონებში, კლდეზვავებისა და მეწყრის გეოტექნიკა: მიზეზები, შედეგები, დამცავი სისტემები და ადრეული აღმოჩენის მეთოდები. 


პროექტის ხელმძღვანელია დოქტორი ანდრეას შენკი, ხოლო კოორდინატორი – დოქტორი ნინო წერეთელი.
ლექციებსა და სესიებს უძღვებოდნენ პროფესორ-მასწავლებლები და ექსპერტები თსუ-დან, სტუ-დან, კარლსრუეს ტექნოლოგიური ინსტიტუტიდან და KIT-ის სხვადასხვა პარტნიორული ინსტიტუტებიდან Geotechnik Aberle-დან, Piewak & Partner-დან და ევროპის ენერგეტიკული კვლევის ინსტიტუტიდან (EIFER).

 

გარდა თეორიული სწავლებისა, პროგრამაში შედის საველე ვიზიტები ბოლნისის „Rich Metals Group“-ის კაშხალზე და ენგურის თაღოვან კაშხალზე, სადაც მონაწილეები გაეცნობიან სენსორულ ქსელებსა და თანამედროვე მონიტორინგის ტექნოლოგიებს. DAAD–SDG Summer School 2025 მიზნად ისახავს ახალგაზრდა თაობის მომზადებას, რათა მათ დამოუკიდებლად შეძლონ როგორც ახალი  ინფრასტრუქტურის ინოვაციური განვითარება, ასევე არსებული სისტემების მდგრადობის უზრუნველყოფა.


ბოლო წლებში თსუ და სტუ გეომეცნიერებისა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების მიმართულებით საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელოვან კერად იქცა. განსაკუთრებით საინტერესოა ქვეყნის მთიან რეგიონებში არსებული მსხვილი ჰესები, როგორიცაა ენგურის თაღოვანი კაშხალი, რომელიც ქვეყნის ელექტროენერგიის დაახლოებით 40%-ს აწვდის. ამ ინფრასტრუქტურას სერიოზული ბუნებრივი საფრთხეები ემუქრება – მიწისძვრები, მეწყერები, ღვარცოფები, ძლიერი ნალექები და ნალექის სტაბილურობის პრობლემები.

 

2019 წლიდან 2022 წლამდე გერმანიის მხარდაჭერით  განხორციელებული DAMAST პროექტის ფარგლებში ენგურის კაშხალი ბუნებრივ ლაბორატორიად იქცა. გერმანელმა და ქართველმა მეცნიერებმა ერთობლივად შეისწავლეს სეისმური და ჰიდროლოგიური პროცესები, ნალექის დინამიკა და კაშხლის დეფორმაციები. პირველად საქართველოში დამონტაჟდა თანამედროვე სეისმომეტრები ღრმა ჭაბურღილებში. მონიტორინგის ტექნოლოგიებში გამოიყენეს დისტანციური ზონდირების მეთოდი, გაზომვები ჭაბურღილებში,  სახმელეთო რადიოლოკაციური ინტერფერომეტრია, წყალქვეშა დრონი, მრავალსხივიანი ბათიმეტრია, მრავალსიხშირული და ახალი მინი - სენსორები.


ამ წარმატებაზე დაყრდნობით, DAMAST-Transfer (2022–2024) გაგრძელდა ჭუბერის ხეობაში, სადაც მაღალი სეისმური და მეწყრული რისკებია. ამ თანამშრომლობის გაგრძელებაა DAAD–SDG Caucasus პროექტი (2022–2025), რომლის მიზანია განათლება და ახალგაზრდა თაობის მომზადება. პროექტის ფარგლებში 40-მდე სტუდენტი და 20-ზე მეტი ახალგაზრდა მკვლევარი ჩაერთო საველე ექსპედიციებსა და კვლევებში, ხოლო ბევრმა მათგანმა გამოცდილება გერმანიაში, კარლსრუეს ტექნოლოგიურ ინსტიტუტში (KIT) მიიღო.

თარიღი: 23/09/2025