საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სან დიეგოს უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები ცერემონია

თსუ რექტორი, აკადემიკოსი ჯაბა სამუშია, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის და სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთობლივი პროგრამების კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ცერემონიას დაესწრო. ცერემონიაზე კურსდამთავრებულებს გადაეცათ საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე ამერიკული საბაკალავრო დიპლომი: კომპიუტერული ინჟინერიის, ელექტრული ინჟინერიის, სამოქალაქო ინჟინერიისა და ქიმია/ბიოქიმიის დარგებში.

 

წელს, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროგრამებს საქართველოში 103 კურსდამთავრებული ჰყავს, რომლებიც მზად არიან ჩაერთონ ქვეყნის მდგრადი განვითარებისთვის ინიცირებული პროექტების განხორციელებაში. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე გამოშვების 66% სწავლას წარჩინებით ასრულებს და კურსდამთავრებულთა 40% ქალია, რაც სდსუ საქართველოს მიერ აქამდე განხორციელებული, STEM დარგებში ქალთა ჩართულობის გაზრდისკენ მიმართული აქტიური ღონისძიებების შედეგია.

 

სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები აღჭურვილი არიან ყველა საჭირო უნარითა და ცოდნით, რათა საკუთარი წვლილი შეიტანონ საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში და ინოვაციური მიდგომებით გადაჭრან გლობალური პრობლემები. სპეციალურად ამ ცერემონიისთვის საქართველოს ეწვია სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური დელეგაცია, უნივერსიტეტის პრეზიდენტის, ადელა დე ლა ტორეს ხელმძღვანელობით.

 

ღონისძიებას 2022-2023 წლების კურსდამთავრებულები, მათი ოჯახის წევრები, პროფესორ-მასწავლებლები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი ამილახვარი, საქართველოში ამერიკის საელჩოსა და ათასწლეულის ფონდის წარმომადგენლები, პროექტის პარტნიორი საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რექტორები, თსუ სამეცნიერო კვლევების და განვითარების დეპარტამენტის უფროსი გიორგი ღვედაშვილი, ადმინისტრაციული პერსონალი, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი-საქართველოს მრჩეველთა საბჭოს წევრები, კერძო-საჯარო პარტნიორობის ფონდის დონორები, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი-საქართველოს სხვა პარტნიორები ესწრებოდნენ.

 

სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი (SDSU) 125-წლიანი ისტორიის მქონე ამერიკული უნივერსიტეტია. ის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი უმაღლესი სასწავლებელია კალიფორნიაში. SDSU, აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (MCC) მეორე კომპაქტის ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოში 2015 წლიდან სთავაზობს მაღალი ხარისხის, საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე საბაკალავრო პროგრამებს საინჟინრო და ტექნოლოგიურ (STEM) დარგებში.

 

თარიღი: 30/05/2023