საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სამეცნიერო კონფრენცია "მხოლოდ ქართული"

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკისა და "ბიბლიოთეკის მეგობართა კლუბის“ ინიციატივით, გაიმართა სამეცნიერო კონფერენცია, რომელიც მიზნად ისახავდა ქართული დამწერლობის უნიკალობის კიდევ ერთხელ წარმოჩენას, ასევე, მისი კულტურული, ისტორიული და ეროვნული მნიშვნელობის ხაზგასმას.

 

ღონისძიება თსუ ბიბლიოთეკის ხელმძღვანელმა ზურაბ გაიპარაშვილმა გახსნა. „მივესალმები ძალიან საინტერესო კონფერენციას, საინტერესო თემით, რომელიც ქართულ ანბანს ეძღვნება. ქართული ანბანი არის ერთ-ერთი ნიშანი ჩვენი თვითმყოფადობის, რომლითაც ყველანი ვამაყობთ.

 

ველოდები, რომ ჩვენი სტუდენტები დღეს წარმოადგენენ საინტერესო სამეცნიერო მოხსენებებს. თსუ ბიბლიოთეკა ახალგაზრდების მხარდაჭერას ტრადიციულად განაგრძობს. დღევანდელი დღეც ამის დამადასტურებელია. ჩვენ გავხსენით ის მდიდარი წიგნადი ფონდები, რომლებიც ყველასთვის ხელმისაწვდომი ყოველთვის არ არის, – ჩვენს სტუდენტებს მივეცით შესაძლებლობა, საკუთარი თვალით იხილონ უძვირფასესი წიგნები, რომლებიც ქართული ანბანის ისტორიას ასახავენ. ამ დარბაზში სწორედ ის ძველნაბეჭდი წიგნებია გამოფენილი, რომლებიც იტალიაში, რომში დაიბეჭდა“, - განაცხადა ზურაბ გაიპარაშვილმა.

 

კონფერენციის მსვლელობისას, სტუდენტებმა ყურადღება გამახვილეს ქართული ანბანის (ასომთავრული, ნუსხური, მხედრული) სტრუქტურულ და გრაფიკულ თავისებურებებზე. გამომსვლელებმა კიდევ ერთხელ იმსჯელეს ქართული დამწერლობის უნიკალური მახასიათებლების მნიშვნელობაზე.

 

კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებმა.

 

საუკეთესო მოხსენებები გამოქვეყნდება საკონფერენციო მასალების სახით. ყველა მონაწილეს გადაეცემა შესაბამისი სერტიფიკატი.

თარიღი: 19/06/2025