საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

საერთაშორისო სემინარი/ვორქშოფი "DIPED-2020"

ელექტრომაგნიტიზმის, ელექტროდინამიკის, ანტენების და აკუსტიკის თეორიის მიმართულებებით უახლესი სამეცნიერო კვლევის შედეგები გაუზიარეს ერთმანეთს ქართველმა და უცხოელმა მეცნიერებმა ყოველწლიურ საერთაშორისო სემინარ/ვორქშოფზე “პირდაპირი და შებრუნებული ამოცანები ელექტრომაგნიტურ და აკუსტიკურ ტალღურ თეორიაში” (DIRECT AND INVERSE PROBLEMS OF ELECTROMAGNETIC AND ACOUSTIC WAVE THEORY – DIPED). 

სემინარში ქართველ მეცნიერებთან ერთად მონაწილეობენ ცნობილი მეცნიერები უკრაინიდან, პოლონეთიდან, აშშ-დან, ჩინეთიდან, თურქეთიდან, საბერძნეთიდან, ბულგარეთიდან, ინდოეთიდან, ისრაელიდან, იაპონიიდან, სამხრეთ კორეიდან, რუსეთიდან. კონფერენციის შრომათა კრებული ინდექსირებულია ისეთ საერთაშორისო ბაზებში როგორებიცაა: IEEE Xplore Digital Library, Elsevier SCOPUS, Clarivate Analytics Web of Science.

ონლაინ ღონისძიება თსუ სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტის,  ელექტროტექნიკის და ელექტრონიკის ინჟინერთა ინსტიტუტის (IEEE) საქართველოს და უკრაინის სექციებთან ერთობლივად ტარდება.

COVID-19 პანდემიის გამო DIPED-2020  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალი ჰიბრიდული მოდელის გამოყენებით ტარდება, რომელიც მოიცავს როგორც ონლაინ, ასევე პირისპირ ელემენტებს.

DIPED-2020 ორგანიზებულია IEEE დასავლეთ უკრაინისა და საქართველოს სექციების მიერ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა (საქართველო) და უკრაინის პიდსტრაჩის მექანიკისა და გამოყენებითიმათემატიკის  პრობლემების ინსტიტუტის (NASU, ლვოვი, უკრაინა) მხარდაჭერით, ტექნიკურ სპონსორია IEEE, ასევე ღონისძიების სპონსორიასაზღვაო კვლევების ოფისი (ONR) Global (გრანტი N62909-20-1-2065).

სემინარის მონაწილეებს თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე მიესალმა.  მისი თქმით,  ისეთი პატარა ქვეყნისათვის, როგორიც საქართველოა, რომელიც მდებარეობს ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე, საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობის და მსოფლიო კვლევითი პოტენციალიდან სარგებლობის შესაძლებლობას  გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

დარგისთვის სემინარის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ფაკულტეტის დეკანმა რამაზ ხომერიკმა და მონაწილეებს წარმატებული და ნაყოფიერი მუშაობა უსურვა.

 

თარიღი: 16/09/2020