თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე პირველი საერთაშორისო სამეცნიერო სიმპოზიუმი „ადამიანის უფლებათა დაცვის მულტიდისციპლინური ასპექტები გლობალური გამოწვევების ფონზე“ გაიმართა.
სიმპოზიუმში მონაწილეობა იურიდიული ფაკულტეტის დეკანმა თამარ ზარანდიამ; იუსტიციის მინისტრის მოადგილე თორნიკე ჭეიშვილმა, იურიდიული ფაკულტეტის დეკანის მოადგილემ, პროექტის ხელმძღვანელმა გიორგი დგებუაძემ; აგრეთვე, აკადემიური წრეების წარმომადგენლებმა და დოქტორანტებმა მიიღეს.
საერთაშორისო სიმპოზიუმი, რომელიც თსუ იურიდიულ ფაკულტეტზე ყოველწლიურად გაიმართება, იუსტიციის სამინისტროს საგრანტო პროგრამის შედეგად დაფუძნდა. მისი მიზანი, ეროვნული და საერთაშორისო საუნივერსიტეტო თანამშრომლობის ხელშეწყობა; დარგის განვითარებაში დოქტორანტთა და ახალგაზრდა მეცნიერთა როლისა და მნიშვნელობის წარმოჩენა; ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში არსებული პრობლემები და მათი გადაჭრის თანამედროვე მეთოდების ჩვენებაა.
ღონისძიება, რომელიც იუსტიციის მინისტრის მოადგილემ გახსნა, პანელური დისკუსიების ფორმატში წარიმართა. საუბარი ადმინისტრაციული სამართლის, სამართლის ისტორიის და სამართლის მეთოდების, კერძო სამართლის, კონსტიტუციური სამართლის, საერთაშორისო სამართლისა და სისხლის სამართლის აქტუალურ საკითხებს შეეხო, ადამიანის უფლებების დაცვის ჭრილში.
საერთაშორისო სიმპოზიუმი ყოველწლიურად გაიმართება, რაც შესაძლებლობას შექმნის ინტენსიური საერთაშორისო საუნივერსიტეტო თანამშრომლობისათვის.
პროექტი იუსტიციის სამინისტროს საგრანტო კონკურსის ფარგლებში დაფინანსდა, რომელსაც უწყება სისტემის საქმიანობაში სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობის ხელშეწყობისა და სამოქალაქო ინიციატივების მხარდაჭერის მიზნით ყოველწლიურად აცხადებს.