საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია 1921 წლის ისტორიულ-კულტურული მოვლენები: ხედვა საუკუნის შემდეგ

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელწიფო უნივერსიეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი 2021 წლის 27-29 მაისს ატარებს საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას "1921 წლის ისტორიულ-კულტურული მოვლენები: ხედვა საუკუნის შემდეგ"

კონფერენცია ეძღვნება ჭაბუა ამირეჯიბის დაბადებიდან 100 წლის იუბილეს

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის მიზანია, ინტერდისციპლინურ კონტექსტში წარმოაჩინოს 1921 წლის მოვლენები, დამოუკიდებლობის დაკარგვისა და ოკუპაციის ისტორიული, ლიტერატურული,  კულტურული, პოლიტიკური, ეთნოლოგიური და სხვა ასპექტები.

1921 წელს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის (1918-1921) ძალისმიერი დამხობის შემდეგ ქვეყანაში საბჭოთა რეჟიმი დამყარდა, რომელმაც ტოტალიტარული სახელმწიფოს, საბჭოთა კავშირის, შემადგენლობაში შეიყვანა ქვეყანა. საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას შეეწირნენ თბილისის უნივერსიტეტის სტუდენტებიც. კომუნისტური ტირანიის დამყარებას მოჰყვა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის ემიგრაცია ევროპაში, საქართველოში კი წინააღმდეგობის კერების წარმოშობა, ქართველ ინტელექტუალთა, პატრიოტ მოქალაქეთა პროტესტი, მათი რეპრესიები და მასობრივი ტერორი.

1921 წელი მრავალმხრივ მნიშვნელოვანი თარიღია საქართველოს ისტორიისთვის. ამ პერიოდის მოვლენებმა ასახვა პოვა ქვეყნის ცხოვრების სხვადასხვა სფეროში. ეს არის ტრაგიკული წელი, რომელმაც მნიშვნელოვნად განაპირობა საქართველოს ისტორიაში სხვა მოვლენებიც. 1921 წელი საქართველოსთვის არის საბჭოთა ეპოქის დასაწყისი. ეპოქისა, რომელსაც სჭირდება ახლებური გააზრება თანამედროვე გადასახედიდან და თანამედროვე ინტერდისციპლინური ანალიზი. აღნიშნული განსაკუთრებულ დატვირთვას იძენს ამ ტრაგიკული მოვლენიდან 100 წლის შემდეგ როგორც ეპოქის, ისე მისი ცალკეული ასპექტების შეფასების პერსპექტივისათვის.

კონფერენცია ეძღვნება ქართველი მწერლის, ჭაბუა ამირეჯიბის (1921-2013), დაბადებიდან 100 წლის იუბილეს. ჭაბუა ამირეჯიბის ცხოვრება და შემოქმედება დიდად არის განპირობებული მისი ანტისაბჭოთა მოღვაწეობითა და საბჭოთა იდეოლოგიის წინააღმდეგ ბრძოლით. 1943 წელს იგი დააპატიმრეს შეიარაღებული აჯანყების ბრალდებით. სხვადასხვა დროს მისჯილი ჰქონდა დახვრეტა, 25-წლიანი პატიმრობა, განაჩენის გამოტანას თვე-ნახევარი ელოდა სიკვდილმისჯილთა საკანში. პატიმრობის დროს სამჯერ გაიქცა და სასჯელი გაუორმაგეს, მონაწილეობდა პოლიტპატიმართა აჯანყებებში. 16-წლიანი პატიმრობისა და გადასახლების შემდეგ, 1960 წლიდან, ჭაბუა ამირეჯიბი ლიტერატურულ მოღვაწეობას იწყებს. 1972 წელს გამოქვეყნებულმა რომანმა „დათა თუთაშხია“ მწერალს საყოველთაო აღიარება მოუტანა. რომანი თარგმნილია მრავალ ენაზე, რუსული თარგმანი კი ავტორისეულია. გადაღებულია მრავალსერიანი ფილმი „დათა თუთაშხია“. ჭაბუა ამირეჯიბის მეორე რომანი „გორა მბორგალი“ (1995) აღწერს საბჭოთა ეპოქას, გულაგს, მისი მთავარი პერსონაჟი მიიჩნევა ავტორის ალტერ ეგოდ. კონფერენციის ფარგლებში დაგეგმილია მრგვალი მაგიდა თემაზე: „ჭაბუა ამირეჯიბი 100 - საბჭოთა ეპოქა ლიტერატურასა და კინოში“.

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად ვიწვევთ ჰუმანიტარული და მომიჯნავე დარგების წარმომადგენლებს: ისტორიკოსებს, ფილოლოგებს, პოლიტოლოგებს, სოციოლოგებს, კულტუროლოგებს, ეთნოლოგებს, ხელოვნებათმცოდნეებს და სხვ.
კონფერენციის ორგანიზატორია ივანე ჯავახიშვილის სახეობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი.

კონფერენცია ჩატარდება დისტანციურ ფორმატში

კონფერენციის სამუშაო ენები: ქართული, ინგლისური

მნიშვნელოვანი თარიღები:
თეზისების მიღება 20. 01. 2021 – 10. 04. 2021
მიღებული თეზისების რეცენზირება - 20. 03. 2021 – 15. 04. 2021
ინფორმაცია მონაწილეობის შესახებ - 20. 04. 2021
სტატიების გაგზავნა - 20. 08. 2021
განაცხადის ფორმა:
მომხსენებლის სახელი, გვარი;
ორგანიზაცია;
აკადემიური ხარისხი;
ტელეფონი (მობილური), ელექტრონული ფოსტის მისამართი

თეზისების გაფორმების წესი:
თეზისები მიიღება ქართველი ავტორებისთვის ქართულ და ინგლისურ ენებზე.
უცხოელი ავტორებისთვის - ინგლისურ ენაზე.
თეზისების მოცულობა 300-500 სიტყვა თითოეულ ენაზე.
ორივე ენაზე შრიფტი – Sylfaen. შრიფტის ზომა – 11, ინტერვალი – 1;

მოსაკრებელი
საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეობა უფასოა.
განაცხადები მიიღება ელექტრონულ ფოსტაზე: 1921conference@tsu.ge

საკონტაქტო პირი:
ნინო პოპიაშვილი, ფილოლოგიის დოქტორი, თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის წამყვანი სპეციალისტი

დაგეგმილა მოხსენებების კრებულის გამოცემა.

თარიღი: 15/01/2021