საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

საერთაშორისო საზაფხულო სკოლა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის, კობლენცის (გერმანია) გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტისა და აზერბაიჯანის უნივერსიტეტის ორგანიზებით, 2021 წლის 2 - 11 სექტემბერს, ონლაინ რეჟიმში, მეექვსე, უკვე ტრადიციად ქცეული საერთაშორისო საზაფხულო სკოლა “ციფრული კომპეტენციები და სოციალური პასუხისმგებლობა“ გაიმართა. სკოლის მუშაობაში ასევე მონაწილეობდნენ სამი აზერბაიჯანული უნივერსიტეტისა და თბილისის ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სტუდენტები.
 

11 სექტემბერს, საერთაშორისო საზაფხულო სკოლა საზეიმო ვითარებაში დაიხურა. ცერემონიალში მონაწილეობდნენ პარტნიორი უნივერსიტეტების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები. სკოლის ხელმძღვანელებსა და სტუდენტებს მიესალმა და წარმატებული მუშაობა მიულოცა თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა გიორგი ღაღანიძემ.


2016 წელს აღნიშნული სკოლა ბაქოში ჩატარდა. 2017 და 2018 წლებში მას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მასპინძლობდა. 2019 წელს შეკრების ადგილი კვლავ აზერბაიჯანის დედაქალაქი იყო, სადაც ასევე ქართველი სტუდენტებიც მონაწილეობდნენ. ხოლო 2020 და 2021 წლებში გლობალური პანდემიის გამო, საზაფხულო სკოლა დისტანციურად, ინტერნეტ სივრცეში გაიმართა, სადაც საქართველოდან თსუ-ს სტუდენტების გარდა, ბტუ-ს სტუდენტებიც შეუერთდნენ.


დაარსების დღიდან, პროექტის საერთო ხელმძღვანელია გერმანელი პროფესორი მაგდალენა შტულბი, თანახელმძღვანელები პროფესორი გაბრიელა ვოლფი და სვენ ბინდერი. საერთაშორისო საზაფხულო სკოლის კოორდინატორია თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი უჩა გოგრიჭიანი. თეორიულ მეცადინეობებს უძღვებოდნენ გერმანელი, ქართველი და აზრბაიჯანელი პედაგოგები. საქართველოს მხრიდან პროექტში მონაწილეობენ თამარ კბილაძე და სოფიკო ჯვარშეიშვილი.
 

ჩვეულებისამებრ, საზაფხულო სკოლის პროგრამით გათვალისწინებულია არა მხოლოდ თეორიული, არამედ პრაქტიკული მეცადინეობებიც. ამ მიზნით, წელს, სამივე მონაწილე ქვეყანაში წინასწარ შეირჩა არასამთავრობო ორგანიზაციები, სოციალური, ჯანმრთელობის დაცვის, ბუნებრივი რესურსებისა და მდგრადი განვითარების მიმართულებებიდან.

 

2021 წლის საერთაშორისო საზაფხულო სკოლის მონაწილე, თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტებმა პროექტის შესახებ ისაუბრეს:
 

ლუკა ხმალაძე - „ჩემთვის კავკასიის საზაფხულო სკოლაში მონაწილეობა ერთ-ერთ შესანიშნავ მოგონებად დარჩება. პროექტი საკმაოდ მრავალფეროვანი იყო, ვინაიდან გავეცანით განსხვავებულ თემებს გარემოსა და მდგრადი განვითარების შესახებ. ასევე გავიცანით სხვა ქართველი, აზერბაიჯანელი და გერმანელი სტუდენტები და ლექტორები. პროექტი ძალიან ინტერაქტიული იყო. სტუდენტებს, რომლებიც ინტერნაციონალურ ჯგუფებად ვიყავით დაყოფილი, მოგვიწია ინტერვიუების მომზადება და ჩაწერა სხვადასხვა ქვეყნის არასამთავრობო ორგანიზაციებთან, შემდგომ კი ანალიზი და პრეზენტაციის მომზადება. არ შემიძლია არ აღვნიშნო არაფორმალური შეხვედრებისთვის შექმნილი პლატფორმა, რომელიც უამრავი თამაშით იყო აღჭურვილი და საშუალებას იძლეოდა განტვირთულიყავი პროდუქტიული სამუშაო დღის შემდეგ.“


ანარ მამედოვი - „კავკასიის საზაფხულო სკოლა სტუდენტებს საშუალებას გვაძლევს მივიღოთ საერთაშორისო გარემოში სწავლისა და მუშაობის გამოცდილება. წლევანდელ საზაფხულო სკოლაში მონაწილეობით, მე შევისწავლე დედუქციური მეთოდის გამოყენებით თვისობრივი კვლევის ჩატარება, გამოვიმუშავე ისეთი უნარები, რომლებიც საჭიროა მრავალკულტურულ გუნდში მუშაობისთვის, ასეთ გუნდში წარმოქმნილი პრობლემების მოგვარების, გადაწყვეტილების მიღებისა და უცხო ენაზე მისი წარდგენისთვის. მივიღე ინტერვიუს აღების გამოცდილება და გავაანალიზე თუ რა კრიტერიუმებით სარგებლობენ საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციები ახალი წევრების სამუშაოზე აყვანისას და რა რჩევებს აძლევენ ახალგაზრდებს, განსაკუთრებით კი სტუდენტებს.“


ია სიხარულიძე - „პროექტის მონაწილეები იყვნენ როგორც ქართველი, ასევე გერმანელი და აზერბაიჯანელი სტუდენტები. 10 დღის განმავლობაში, მე მქონდა შესაძლებლობა მათთან ერთად შემესრულებინა ძალიან საინტერესო, სახალისო პრაქტიკული დავალებები და ამასთან ერთად გამეუმჯობესებინა ჩემი უნარები. მიუხედავად დატვირთული გრაფიკისა, დიდი სიამოვნებით ვასრულებდი ყველა დავალებას. პანდემიიდან გამომდინარე, პროექტი დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობდა, თუმცა პროექტის დამფუძნებლებისა და ორგანიზატორების დამსახურებით, საზაფხულო სკოლამ ძალიან წარმატებით ჩაიარა. ჩემი აზრით, ეს პროექტი ყველა სტუდენტს საშუალებას აძლევს მიიღოს ძალიან დიდი გამოცდილება. ჩვენ გავიცანით და ძალიან დავუახლოვდით როგორც უშუალოდ საზაფხულო სკოლის მონაწილეებს, ასევე გავეცანით აზერბაიჯანისა და გერმანიის კულტურას. სახალისო აქტივობების დახმარებით, აღმოვაჩინეთ როგორც მსგავსება, ასევე განსხვავებები მონაწილე სამ ქვეყანას შორის. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს უნივერსიტეტს, რომელმაც მომცა საშუალება მიმეღო მსგავს პროექტში მონაწილეობა და რა თქმა უნდა ამ საზაფხულო სკოლის დამფუძნებლებს.“


ლიკა სარაჯიშვილი - „ეს პროექტი ჩემთვის ძალიან დიდი სიახლე და ამასთანავე კარგი გამოცდილებაც იყო. გარდა იმისა, რომ შევხვდი არაჩვეულებრივ ადამიანებს, მონაწილეობა მივიღე ისეთ აქტივობებში, რომელთა საშუალებითაც საკმაოდ ბევრი რამ ვისწავლე. ძალიან კარგი შესაძლებლობაა შეხვდე ადამიანებს სხვადასხვა ქვეყნიდან, განსხვავებული კულტურისა და ტრადიციების მქონეს და ისაუბრო მათთან ერთად სხვადასხვა თემებზე, ერთად შეასრულოთ ესა თუ ის დავალება, ერთად გაუმკლავდეთ სირთულეებს და ა.შ. ასეთ დროს აცნობიერებ, რომ ამ სამყაროში ძალიან ბევრი განსხვავებული აზრი და შეხედულება არსებობს, მე კი ამ პროექტის საშუალებით ეს იდეები პირადად მოვისმინე და ვფიქრობ საკმაოდ ბევრიც ვისწავლე .“


საზახულო სკოლა ინგლისურ ენაზე მიმდინარეობდა. დასრულების შემდეგ სტუდენტებს გადაეცათ საერთაშორისო სერტიფიკატები. მომავალი წლისთვის ასევე იგეგმება ტრადიციის გაგრძელება და სამი ქვეყნის უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება.

თარიღი: 17/09/2021