საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

საერთაშორისო სავალუტო ფონდის დირექტორის მოადგილე ტაო ჟენგი თსუ-ში

„ჩემთვის დიდი პატივია, რომ ვიმყოფები კავკასიაში პირველ უმაღლეს სასწავლებელში. მინდა, რომ პირველმა მოგილოცოთ წინასწარ 100 წლის იუბილე. ამ დარბაზში წარმოდგენილია საქართველოს მომავალი. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ თქვენ შეუერთდებით იმ ხალხს, რომელიც განსაზღვრავს ქვეყნის მომავალს,“- განაცხადა საერთაშორისო სავალუტო ფონდის დირექტორის მოადგილემ ტაო ჟენგმა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრაზე. ღონისძიებას სტუდენტებთან ერთად ესწრებოდნენ თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე, პროფესორები.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის დირექტორის მოადგილემ სტუდენტებთან ისაუბრა თემაზე „გლობალური ეკონომიკა და სავალუტო ფონდის როლი მსოფლიოში“. მათ შორის, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტის საქმიანობაზე, სავალუტო ფონდის მოღვაწეობაზე საქართველოში, იმ გამოწვევებზე, რომლის წინაშეც დგას საქართველო. „ხელისუფლებამ შესანიშნავ პროგრესს მიაღწია ეკონომიკური ზრდის და  სტაბილურობის თვალსაზრისით. იმისათვის, რომ უფრო მდგრადი, ძლიერი ზრდა უზრუნველყოს, მომავალი რამდენიმე წლისათვის მნიშვნელოვანი ბიძგებია გაკეთებული. დარწმუნებული ვარ,  რომ ჩვენი ერთობლივი მუშაობა კიდევ უფრო წარმატებული იქნება. განსაზღვრულია მთელი რიგი პრობლემები, რომელიც მოსაგვარებელია მენეჯმენტის გასაუმჯობესებლად, ფინანსური სტაბილურობის უზრუნველსაყოფად, განსაკუთრებით, სოციალური ხარჯების თვალსაზრისით, სოციალურად დაუცველთა დასაცავად. გარდა ამისა, ყურადღება უნდა მივაქციოთ სამუშაო ადგილების შექმნას და დავრწმუნდეთ, რომ ეს ადგილები საკმარისი იქნება მოსახლეობისათვის და განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობისათვის.  უნდა ვიზრუნოთ კერძო ინვესტორებისათვის  მეგობრული გარემოს შექმნაზე, ტექნოლოგიურ განვითარებაზე, რაც საჭიროა ეკონომიკური წინსვლისა და განვითარებისთვის,“- აღნიშნა ტაო ჟენგმა.

„ძალიან საინტერესო შეხვედრა იყო. მნიშვნელოვანია სხვადასხვა კუთხიდან დანახული ეკონომიკის განვითარება. ჩვენი განვითარების გეგმა და ის მხარდაჭერა, რომელიც საერთაშორისო სავალურო ფონდისგან გვაქვს - ერთმანეთს ემთხვევა. ძალიან საინტერესო კითხვები დაგვისვეს სტუდენტებმა,-  განაცხადა ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის თქმით, „შეხვედრაზე საუბარი შეეხო გლობალური ეკონომიკის განვითარებას, რეგიონული ეკონომიკის საკითხებს და, რა თქმა უნდა, საქართველოს ეკონომიკის საკითხებს. საერთაშორისო სავალუტო ფონდის დირექტორის მოადგილეს ტაო ჯანგს  აქვს ძალიან კარგი ინფორმაცია და ანალიზი იმაზე, თუ რა ხდება, რა საკითხები არის აქტუალური. აქედან გამომდინარე მისი ხედვა ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც გლობალურ ეკონომიკაზე, ასევე რეგიონულ და საქართველოს ეკონომიკაზეც. განვიხილეთ მაკროეკონომიკის საკითხები, ასევე ეკონომიკის ზრდის საკითხები და პროგრამა, რომელიც მიმდინარეობს საქართველოში და რომელსაც აფინანსებს საერთაშორისო სავალუტო ფონდი, რომელსაც დადებითი შეფასებები მიეცა.“

შეხვედრის ბოლოს სტუმრებმა უპასუხეს სტუდენტების შეკითხვებს.

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით ჩამოსულ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის მოადგილე ტაო ჟენგი შეხვდება საქართველოს პრემიერ-მინისტრს  გიორგი კვირაკაშვილს და სხვა უმაღლესი რანგის პოლიტიკოსებს.
   







თარიღი: 12/03/2019