საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

საერთაშორისო კონფერენცია “მიკრობების ვირუსები”

 

თბილისი, 3-7 ივლისს  გაიმართება საერთაშრისო კონფერენცია "მიკრობების ვირუსები" რომელიც ვირუსების კვლევის სხვადასხვა ასპექტებს ეძღვნება. ასეთი კონფერენციების სერიას საფუძველი ჩაეყარა 2010 წელს პარიზის პასტერის ინსტიტუტში, ამ ინსტიტუტის პროფესორის დავით ფრანგიშვილის ინიციატივით. კონფერენციები ყოველ მეორე წელს ტარდებოდა ევროპის სხვადასხვა ქალაქში, თბილისის კონფერენცია კი ამ  სერიის რიგით მე-7 კონფერენციაა, რომელიც ისევე როგორც მისი წინამორბედები, დიდ საერთაშორისო ინტერესს იწვევს: კონფერენციაზე უკვე დარეგისტრირებულია ოთხ ასეულზე მეტი მონაწილე ხუთივე კონტინენტის 47 ქვეყნიდან, რომელთა შორის არის მრავალი მსოფლიო მნიშვნელობის მეცნიერი. კონფერენციას ატარებს საქართველოს ფუნდამენტური და გამოყენებითი მიკრობიოლოგიის ასოციაცია, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის ინსტიტუტი. ორგანიზატორები არიან აკადემიკოსი დავით ფრანგიშვილი და პროფესორი ნინა ჭანიშვილი.

 

კონფერენციაზე წარმოდგენილი იქნება მიკროორგანიზმების ვირუსების ფუნდამენტური კვლევების ფართო სპექტრი, დაწყებული ვირუსების აგებულებით და მასპინძელთან ურთიერთქმედების დეტალებით და დამთავრებული ეკოლოგიური და ევოლუციური საკითხებით. დიდი ყურადღება დაეთმობა მიკროორგანიზმების ვირუსების კვლევის გამოყენებით ასპექტებს, როგორიცაა ახალი ნანო-ბიო-ტექნოლოგიების შექმნა და ბაქტერიების ვირუსების (ბაქტერიოფაგების) გამოყენება სამედიცინო პრაქტიკაში  დაავადების გამომწვევ ბაქტერიებთან საბრძოლველად. ბაქტერიოფაგების ასეთი გამოყენების ერთი-ერთი პიონერი, რომელიც ამ საკითხში დღემდე აღიარებული ლიდერია,  კონფერენციის ერთ-ერთი ორგანიზატორი გიორგი ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგის ინსტიტუტია, რომელიც მიმდინარე წელს დაარსებიდან 100 წლისთავს აღნიშნავს. ნიშანდობლივია ისიც, რომ ქართველი მეცნიერები ლიდერობენ არა მხოლოდ ბაქტერიების ვირუსების (ბაქტერიოფაგების), არამედ არქეების ვირუსების კვლევაშიც. სწორედ ამ გარემოებების ამსახველია ის, რომ მიკრობების ვირუსოლოგების მსოფლიო ფორუმი ტარდება თბილისში, რაც, თავის მხრივ, უდაოდ ხელს შეუწყობს ამ დარგის მნიშვნელობის გამოვლენას ქართულ სამეცნიერო სივრეში და მის შემდგომ განვითარებას. 

თარიღი: 14/06/2023