საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

საერთაშორისო კონფერენცია: „მეორე ენის სწავლა/სწავლება მულტილინგვური განათლების კონტექსტში“

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ორდღიანი საერთაშორისო კონფერენცია: „მეორე ენის სწავლა/სწავლება
მულტილინგვური განათლების კონტექსტში“ გაიხსნა. ღონისძიების ორგანიზატორები არიან: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ვილნიუსის უნივერსიტეტი (ლიეტუვა) და სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრი  (CCIIR).

ღონისძიებას თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, განათლების და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ეკა დგებუაძე, სახელმწიფო ენის დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშილი, თსუ ხარისხის მართვის სამსახურის ხელმძღვანელი ირმა გრძელიძე, თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი ნანა გაფრინდაშვილი, პროფესორ-მასწავლებლები სხვადასხვა ქვეყნის უნივერსიტეტებიდან, სტუდენტები, თსუ ადმინისტრაციის თანამშრომლები და დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.

„თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დიდი ტრადიცია არსებობს ენების შესწავლისა და კვლევის კუთხით.  უკვე ას წელზე მეტია მიმდინარეობს ენების შესწავლა, ისწავლება 50-ზე მეტი ენა.  დიდი ყურადღება ექცევა აფხაზური, ოსური და კავკასიური ენების შესწავლას, მათ შორის მცირე ენებისას. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გურამ რამიშვილის კვლევები ორენოვნებასთან და მრავალენოვნებასთან მიმართებით. გასათვალისწინებელი და საყურადღებოა ის ფაქტი, რომ საქართველოში ცხოვრობს ეთნიკური უმცირესობის ბევრი წარმომადგენელი, ამიტომ მულტილინგვური სწავლება არის აუცილებლად განსავითარებელი. აღსანიშნავია, რომ ჩვენთან წარმატებით მუშაობს ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა 1+4, რომელიც აფხაზურენოვანი, აზერბაიჯანულენოვანი, სომხურენოვანი და ოსურენოვანი მოქალაქეებისთვის არის განკუთვნილი.

მინდა მადლობა გადავუხადო ორგანიზატორებს, მათ შორის ვილნიუსის უნივერსიტეტსა და სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეთნიკური ურთიერთობების ცენტრს, ასეთი მნიშვნელოვანი ღონისძიების გამართვისთვის“.- აღნიშნა თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ.

წელს კონფერენცია მეოთხედ იმართება და მასში მონაწილეობას იღებს 100-ზე მეტი მონაწილე 13 ქვეყნიდან. წელს სიახლეა ის, რომ კონფერენციის ორგანიზებაში აქტიურად ჩაერთო განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო; გარდა მულტილინგვური განათლების მიმართულებით სტრატეგიული ხედვის წარმოდგენისა, სამინისტრომ ორგანიზება გაუწია  სკოლის პრაქტიკოს მასწავლებელთა ჩართვას - პედაგოგებისა, რომლებიც მუშაობენ ქართულის, როგორც მეორე ენისა და საგნის ინტეგრირებული სწავლების საკითხებზე. ეს ხაზს უსვამს საქართველოში მულტილინგვური სწავლების მიდგომების დანერგვისა და განვითარების მნიშვნელობას.

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ ეკა დგებუაძემ აღნიშნა, რომ ასეთი შინაარსის და მასშტაბის ღონისძიებები აუცილებელია მულტილინგვური განათლების რეფორმის სწორად დაგეგმვისა და ორგანიზებისთვის. „განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთვის მულტილინგვური განათლების დანერგვა და განვითარება  პრიორიტეტულია. მადლობა ყველა იმ პირს თუ ინსტიტუციას, რომლებიც ჩართულნი არიან ღონისძიების ორგანიზებაში და საკუთარ მრავალწლიან გამოცდილებას მულტილინგვური განათლების სფეროში ფართო საზოგადოებას უზიარებენ“. -განმარტა ეკა დგებუაძემ.

კონფერენციის მიზანია, განიხილოს და ერთიან კონცეფციად ჩამოაყალიბოს ადგილობრივ და უცხოელ სპეციალისტთა ნააზრევი მეორე ენის სწავლების, მიდგომებისა და სტრატეგიების თაობაზე მულტილინგვური განათლების კონტექსტში.

ღონისძიების თემატიკა საინტერესო და მრავალფეროვანია. ძირითადი თემებია:

  • მულტილინგვური განათლების თეორია და პრაქტიკა;
  • ენისა და საგნის ინტეგრირებული სწავლება (CLIL);
  • ენობრივი პოლიტიკის დაგეგმვა და მისი მნიშვნელობა მულტიკულტურული განათლებისა და მეორე ენის სწავლების თვალსაზრისით;
  • მეორე/უცხო ენის სწავლა/სწავლების მეთოდები და სტრატეგიები;
  • ელექტრონული/დისტანციური სწავლების ასპექტები და მულტიმედია მეორე ენის სწავლა/სწავლების კონტექსტში;
  • ინტერკულტურული/მულტიკულტურული განათლების ასპექტები;
  • მრავალფეროვანი კლასის მართვა და ენის სწავლება;
  • ენის სწავლების სოციოკულტურული და პრაგმატული ასპექტები;
  • სასწავლო მასალისა და დამატებითი წყაროების პრეზენტაცია.

„ყოველი ახალი კონფერენცია არის წინა წლებში გამართული ღონისძიების გამოცდილების, მუშაობის, თეორიული და პრაქტიკული კვლევების, სამეცნიერო მუშაობის შედეგების ერთგვარი შეჯამება, ანალიზი და დაგროვილი გამოცდილების ერთმანეთისთვის გაზიარება. მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ ეს გამოცდილება არ არის შიდა საუნივერსიტეტო, არამედ საერთაშორისო დონეზე მიღებული გამოცდილებაა და სწორედ ეს მრავალფეროვნება მნიშვნელოვან შედეგებს იძლევა. წელს გვაქვს სიახლე, რომ ამ ღონისძიებაში ჩართულები არიან პრაქტიკოსი მასწავლებლები. რომლებიც წარმოგვიდგენენ საკუთარი გამოცდილების შედეგებს.“ - განაცხადა თსუ პროფესორმა და ღონისძიების ორგანიზატორმა გიული შაბაშვილმა.

მულტილინგვური განათლებისა და მეორე ენის სწავლების პრობლემებზე კონფერენცია პირველად 2008 წელს ჩატარდა. 2011 წელს ქალაქ ბათუმში (შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფინანსებით) გაიმართა მეორე კონფერენცია, რომელშიც მონაწილეობა 80-მდე მონაწილემ მიიღო. 2018 წელს გაიმართა მესამე კონფერენცია, რომელიც, ასევე,  დააფინანსა შოთა რუსთაველის ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა და რომლის ორგანიზატორები იყვნენ თსუ, ტარტუს უნივერსიტეტი და სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრი (საქართველო). კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო 17 ქვეყნის 100-ზე მეტმა მომხსენებელმა.

მულტინგვური განათლების რეფორმა უშუალოდ უკავშირდება სახელმწიფო ენის სწავლების საკითხებს. ქართული ენის ფლობა დღემდე რჩება სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის არაქართულენოვანი მოსახლეობის უმთავრეს ხელისშემშლელ ფაქტორად სამოქალაქო ინტეგრაციის გზაზე. ჩვენი პარტნიორების - ბალტიისპირეთის ქვეყნების გამოცდილების გათვალისწინებით, ყველაზე ეფექტური და შედეგიანი გზა - მულტილინგვური განათლების რეფორმაა. ვიმედოვნებთ, მსგავსი მასშტაბური ფორუმები ხელს შეუწყობს, ერთი მხრივ, უცხოელ კოლეგათა გამოცდილების გაზიარებას და, მეორე მხრივ - ენის სწავლების პროცესში კონკრეტული პრობლემური საკითხების გადაჭრის გზების ძიებასა და აზრთა ურთიერთგაზიარებას პრაქტიკოს ლექტორ-მასწავლებელთა შორის.

თარიღი: 30/09/2021