საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

საერთაშორისო კონფერენცია - „გამოყენებითი მათემატიკის თანამედროვე პრობლემები“

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში III საერთაშორისო კონფერენცია - „გამოყენებითი მათემატიკის თანამედროვე პრობლემები“ გაიხსნა. კონფერენცია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლის და ამავე უნივერსიტეტის ილია ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტის 50 წლის იუბილეს ეძღვნება.

კონფერენციის მთავარი თემაა: უწყვეტ გარემოთა მექანიკის მათემატიკური პრობლემები და ანალიზის მონათესავე საკითხები; მათემატიკური მოდელირება და გამოთვლითი მათემატიკა; დისკრეტული მათემატიკა და ალგორითმების თეორია; ალბათობის თეორია და მათემატიკური სტატისტიკა.

ღონისძიებას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

ილია ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტის ხელმძღვანელის გიორგი ჯაიანის თქმით, კონფერენციას სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული გამოჩენილი მეცნიერები ესწრებიან. „ილია ვეკუას სახელობის ინსტიტუტს 50 წელი შეუსრულდა. ინსტიტუტი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაარსდა, ჩვენ მისი განუყოფელი ნაწილი ვართ და უნივერსიტეტისა და ინსტიტუტის იუბილე ერთიანად მიგვაჩნია. საიუბილეო თარიღი ყოველთვის საერთაშორისო კონფერენციებით აღინიშნებოდა და ყოველთვის წარმომადგენლობითი იყო. ახლაც ქართველ მეცნიერებთან ერთად, კონფერენციას 14 გამოჩენილი უცხოელი მეცნიერი ესწრება,“ - აღნიშნა ინსტიტუტის ხელმძღვანელმა.

ევროპის მათემატიკური საზოგადოების პრეზიდენტმა პაველ ექსნერმა ილია ვეკუას სახელობის ინსტიტუტს 50 წლის იუბილე მიულოცა და განაცხადა, რომ ქართული მათემატიკოსები ევროპული მათემატიკური საზოგადოების აქტიური წევრები არიან. „ქართველი მათემატიკოსები არიან ძალიან აქტიურები ისეთი სერიოზული კონფერენციების ორგანიზებაში, როგორიც არის კავკასიის მათემატიკური კონფერენციები. ჩვენ ძალიან ბედნიერები ვართ ქართველი მათემატიკოსების ამ აქტივობებით,“ - აღნიშნა ექსნერმა.

კონფერენცია სამ დღეს გაგრძელდება. სამი დღის განმავლობაში საქართველოს, ჩეხეთის, გერმანიის, ავსტრიის, იტალიის, ისრაელის, აშშ-ის, რუმინეთის, პოლონეთის, აზერბაიჯანის, სომხეთის სამეცნიერო ცენტრებში მოღვაწე მკვლევრები ერთმანეთს მათემატიკის დარგში მიმდინარე კვლევების უახლეს შედეგებს გააცნობენ.

კონფერენციის ორგანიზატორები არიან: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (ი. ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტი და ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი), თბილისის საერთაშორისო ცენტრი მათემატიკასა და ინფორმატიკაში, საქართველოს ეროვნული კომიტეტი თეორიულ და გამოყენებით მექანიკაში. ღონისძიება დაფინანსდა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ.  


თარიღი: 19/09/2018