საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

საერთაშორისო კონფერენცია - „ATLAS დეტექტორის ტაილ კალორიმეტრის კვირეული“

1-6 ოქტომბერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო კონფერენცია „ATLAS დეტექტორის ტაილ კალორიმეტრის კვირეული“ გაიმართება.

სამხრეთ კავკასიის ქვეყნების, კერძოდ, საქართველოს მკვლევართა ევროკავშირის ქვეყნებთან სამეცნიერო და ტექნოლოგიური თანამშრომლობის ერთ-ერთი შესანიშნავი მაგალითია ქართველი ფიზიკოსებისა და ინჟინრების მონაწილეობა ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციის (CERN, შვეიცარია) დიდ ადრონულ კოლაიდერზე (LHC) ATLAS-ის ექსპერიმენტში. ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაცია (CERN, შვეიცარია) არის ევროპის კვლევითი ორგანიზაცია, სადაც მოქმედებს ნაწილაკთა ფიზიკის მსოფლიოში უდიდესი ლაბორატორია. 1954 წელს დაარსებული ორგანიზაცია მდებარეობს ჟენევის ჩრდილო დასავლეთით საფრანგეთ-შვეიცარიის საზღვართან. CERN-ის ძირითადი ფუნქციაა უზრუნველყოს მაღალი ენერგიების ფიზიკის კვლევისათვის ნაწილაკთა ამაჩქარებლის და მასზე არსებული დეტექტორების მუშაობა - შედეგად მრავალი ექსპერიმენტი განხორციელდა CERN-ში ძირითადად საერთაშორისო კოლაბორაციების  (თანამშრომლობების) ფორმირებით.

ATLAS ექსპერიმენტი არის დიდი კვლევითი პროექტი ფუნდამენტური კვლევების ფრონტზე, რომელიც იყენებს თანამედროვე სამეცნიერო ინსტრუმენტებს სამყაროს შესახებ ჩვენი წარმოდგენების გაფართოების მიზნით. ATLAS ექსპერიმენტი არის დიდ ადრონულ კოლაიდერზე არსებულ ოთხ მთავარ ექსპერიმენტთაგან ერთ-ერთი, რომელსაც გადაჰყავს ნაწილაკების ფიზიკა შემეცნების ახალ საფეხურზე. დიდ ადრონულ ამაჩქარებელზე ბუნების ფუნდამენტური პროცესების გამოკვლევისათვის ATLAS ექსპერიმენტში მონაწილე ფიზიკოსებმა შექმნეს უპრეცედენტო ზომის და სირთულის დეტექტორი: 46 მეტრი სიგრძის, 25 მეტრი სიმალღლის და 7000 ტონა წონის ATLAS დეტექტორი არის ერთ-ერთი ყველაზე დახვეწილი დეტექტორი ნაწილაკების ფიზიკის ექსპერიმენტებისათვის ოდესმე შექმნილ დეტექტორებს შორის და წარმოადგენს მსოფლიოს მასშტაბით 38 ქვეყანის 180 უნივერსიტეტის და ლაბორატორის 3000-ზე მეტი მეცნიერის ერთობლივი ძალისხმევის შედეგს, რომლებიც მჭიდროდ თანამშრომლობენ მსოფლიოს წამყვან სამრეწველო კომპანიებთან. ATLAS ექსპერიმენტის დიდი პოტენციალი ფიზიკის შესწავლის საქმეში დიდად არის დამოკიდებული მისი მრავალი ქვე-დეტექტორის საიმედო მუშაობაზე, კერძოდ კი ადრონული კალორიმეტრის ფუნქციონირებაზე. ATLAS დეტექტორის ტაილ კალორიმეტრი, რომელსაც ხშირად უწოდებენ TileCal-ს, მოიცავს დეტექტორის ცენტრალურ ნაწილს, რომლის მიზანია ნაწილაკების - ადრონების ენერგიისა და მდებარეობის განსაზღვრა.

ქართველი ფიზიკოსები ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღალი ენერგიების ფიზიკის ინსტიტუტიდან (თსუ მეფი) და ე. ანდრონიკაშვილის ფიზიკის ინსტიტუტიდან მონაწილეობენ ATLAS ექსპერიმენტში 1994 წლიდან, ექსპერიმენტის მომზადების ადრეულ ეტაპებიდან და არიან ATLAS კოლაბორაციის სრულუფლებიანი  წევრები.

ATLAS დეტექტორის ტაილ კალორიმეტრის კვირეულში მონაწილეობას მიიღებს ცერნის ATLAS-ის ექსპერიმენტში მომუშავე მეცნიერები მსოფლიოს სხვადასვა ქვეყნებიდან (ამერიკის შეერთებული შტატები, შვეიცარია, რუსეთი, შვედეთი, პორტუგალია, ესპანეთი, ბრაზილია, იტალია, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, ჩეხეთი და სხვა). ტაილ კალორიმეტრის პროექტი აერთიანებს 25 ინსტიტუტს და უნივერსიტეტს მთელი მსოფლიოდან. ჩვეულებრივ ტაილ კალორიმეტრის კვირეული ტარდება წელიწადში 3-ჯერ. ორ წელიწადში ერთხელ მხოლოდ იგი ტარდება არა ცერნში, არამედ მის გარეთ. ATLAS ექსპერიმენტის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა რომ 2018 წლის ოქტომბერში იგი თბილისში ჩატარდება.

კონფერენცია შეაჯამებს დეტექტორის მთავარი ამოცანების სტატუსს, როგორებიცაა: კომპიუტერული და პროგრამული უზრუნველყოფა, მონაცემთა მომზადება და ვარგისიანობა, მომსახურეობა, ფუნქციონირება და განახლება.


თარიღი: 20/09/2018