საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

რუსუდან გორგილაძის წიგნის პრეზენტაცია და საჯარო ლექცია თსუ-ში

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფსიქოლოგის, თსუ კურსდამთავრებულის რუსუდან გორგილაძის საჯარო ლექცია და წიგნის პრეზენტაცია გაიმართა. ნაშრომი სახელწოდებით „დიქტატურის გემო“ 2021 წელს გამოქვეყნდა და ლიტერატურული პრემია „საბას“ ლაურეატი გახდა. წიგნი მოგვითხრობს სამი დიქტატორის-სტალინის, მუსოლინისა და ჰიტლერის პირადი და საზოგადოებრივი ცხოვრების მნიშვნელოვან ასპექტებზე.

 

ღონისძიებას თსუ რექტორი, აკადემიკოსი ჯაბა სამუშია, თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი ნანა გაფრინდაშვილი, აკადემიური და ადმინისტრაციული წრის წარმომადგენლები, სტუდენტები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

 

 „ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, როგორც სტალინზე, ასევე მუსოლინიზე, ჰიტლერზე, არაერთი მონოგრაფია წამიკითხავს, ამ ეპოქას კარგად ვიცნობ, მაინც იმდენი ახალი შევიმეცნეთ ამ წიგნიდან, რომ ძალიან მიკვირდა, როგორ შეძლო ავტორმა ამდენი ინფორმაციის შეგროვება. ამ წიგნს აქვს ერთი ძალიან საინტერესო ნიუანსი, რომ ეს დიქტატორები არიან დანახული იმ კუთხით, რასაც ჩვეულებრივ სამეცნიერო ნაშრომში ვერ ამოიკითხავთ და ვერ ვნახავთ,“ - აღნიშნა თსუ რექტორმა ჯაბა სამუშიამ.

 

წიგნის ავტორმა რუსუდან გორგილაძემ მადლობა გადაუხადა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს ჯაბა სამუშიასა და თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებაა ფაკულტეტის დეკანს ნანა გაფრინდაშვილს მასპინძლობისთვის. „ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მომეცა შესაძლებლობა უნივერსიტეტში წარვადგინო ეს წიგნი. ნაშრომი ბევრგან წარდგენილა, მაგრამ არ ყოფილა ჩემთვის ისე მნიშვნელოვანი, როგორც დღეს არის. რაც შეეხება წიგნს, ის მოიცავს ისეთ თემას, რომელსაც ვერასდროს ვერ ამოწურავ. ხუთი წლის მუხლჩაუხრელი შრომის შედეგია ეს ნაშრომი და ერთი დღეც არ მენანება იმ ხუთი წლიდან, რომელიც ამ წიგნს მივუძღვენი,“ - განაცხადა წიგნის ავტორმა რუსუდან გორგილაძემ.

 

ნაშრომში სხვა საკითხებთან ერთად, ყურადღებას იქცევს ასევე, კვებისა და საკვების პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაცია საბჭოთა კავშირში, ფაშისტურ იტალიასა და ნაცისტურ გერმანიაში. წიგნში პოპულარული ენითაა განხილული თითოეული რეჟიმის თავისებურებები, მათ შორის საკვების იდეოლოგიზაციის გამორჩეული „მარგალიტები“ და მათი როლი სააგიტაციო სტრატეგიაში.

 

რუსუდან გორგილაძის პირველი წიგნი „კერძთაყვანისცემა - კულინარიული მოგზაურობა დროსა და სივრცეში“ 2012 წელს გამოიცა. წიგნი შერჩეულ იქნა „საბას“ ლიტერატურული კონკურსის ერთ-ერთ ფინალისტად.

 

ღონისძიების პარტნიორია ევროპის აკადემიის თბილისის რეგიონული ცენტრი.

თარიღი: 17/05/2023