გარდაიცვალა ცნობილი ქართველი ფიზიკოსი, პროფესორი ჯემალ ვლადიმერის ძე მებონია.ჯემალ მებონია დაიბადა 1939 წლის 29 ივნისს სოფელ ობუჯში(ახლანდელი წალენჯიხის მუნიციპალიტეტი). იყო ფიზიკა-მათემატიკურ მეცნიერებათა დოქტორი 1985 წლიდან, პროფესორი 1989 წლიდან. 1961 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი. 1961–66 წლებში მუშაობდა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში თეორიული ფიზიკის კათედრაზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბირთვული ფიზიკის სამეცნიერო-კვლევით ლაბორატორიაში. მაღალი ენერგიების ფიზიკის ინსტიტუტად გარდაქმნის შემდეგ 1966-86 წლებში მუშაობდა ბირთვული რეაქციების ლაბორატორიის გამგედ . 1986–95 წლებში იყო თსუ-ის ფიზკის ფაკულტეტის ზოგადი ფიზიკის კათედრის პროფესორი, 1995 წლიდან კათედრის გამგე, დეკანი 1988-2005 წლებში, თსუ-ის დიდი საბჭოს, პროფესორთა და სამეციერო ხარისხების მიმნიჭებელი სპეციალიზებული საბჭოს წევრი (1989–2005 წლები).
პროფესორ ჯემალ მებონიას სამეცნიერო ინტერესები ეხებოდა მრავალნაწილაკოვანი კვანტური სისტემების თეორიას. შემუშავებული აქვს N-ნაწილაკოვანი სისტემების მიახლოებითი ამოხსნის ორიგინალური მეთოდი, კონკრეტული შედეგები მიიღო 3-ნაწილაკოვანი ატომური და ბირთვული სისტემების ამოცანებისთვის. მისი სამეცნიერო ხელმძღვანელობით დაცული იქნა 4 საკანდიდატო დისერტაცია.
პროფესორ ჯემალ მებონიას ხსოვნა სამარადისოდ დარჩება მისი კოლეგების, ახლობლების და აღზრდილების გულში.