გარდაიცვალა ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, თურქოლოგი-ოსმანისტი, (1932-2024), 1960-1979 წლებში საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიის და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი, 1979-2008 წლებში ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, 1982-1986 წლებში ამავე უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტის დეკანი.
ნოდარ შენგელიამ 1956 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი – თურქეთის ისტორიის სპეციალობით და 1957-1959 წლებში სწავლობდა ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის ასპირანტურაში. მისი პედაგოგები იყვნენ ცნობილი თურქოლოგი, ქართული თურქოლოგიის ფუძემდებელი – აკად. სერგი ჯიქია, აღმოსავლეთმცოდნე ისტორიკოსთა სამეცნიერო სკოლის ფუძემდებელი ვალერიან გაბაშვილი და ცნობილი თურქოლოგი-ისტორიკოსი და პრაქტიკოსი-დიპლომატი – პროფ. ოთარ გიგინეიშვილი. მის სამეცნიერო მოღვაწეობაზე ასევე უდიდესი გავლენა მოახდინა პროფ. შოთა მესხიამ.
1961 წელს ნოდარ შენგელიამ დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე „ოსმალური გადასახადები და საგადასახადო სისტემა გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთრის მიხედვით“, რამაც პრაქტიკულად განსაზღვრა მისი შემდგომი სამეცნიერო მოღვაწეობა. დოკუმენტური და ნარატიული ძეგლების გარდა მისი ინტერესის სფეროში სულ უფრო იკვეთებოდა საქართველოს სელჩუკებთან და ოსმალებთან ურთიერთობების ისტორიის პრობლემები და 1968 წელს, ნოდარ შენგელიამ დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე „სელჩუკები და საქართველო XI საუკუნეში“.
ნოდარ შენგელიას სამეცნიერო მოღვაწეობის წარმატება დიდწილად განსაზღვრა ოსმალურ საარქივო დოკუმენტებზე მუშაობამ. თურქეთისა და ბულგარეთის არქივებში საქართველოსა და კავკასიის შესახებ არსებული დოკუმენტური მასალის მოძიება, მათი გაშიფვრა და სამეცნიერო მიმოქცევაში შემოტანა ახალი ეტაპია ქართული საისტორიო მეცნიერების განვითარებაში. მათ ბევრ მნიშვნელოვან საკითხს მოჰფინეს შუქი: ქართველი მეფეებისა და სულთნების წერილები, ოსმალთა დაპყრობების ქრონოლოგიური ჩარჩოების დაზუსტება, მოსახლეობის აღწერა, მათი ეთნიკური შემადგენლობა, გადასახადები, კულტურული ძეგლებისა და ეკლესიების აღწერა, ტოპონიმიკა და სხვ.
სწორედ საარქივო დოკუმენტებზე დაყრდნობით 2008 წელს ნოდარ შენგელიამ გამოსცა „ჩილდირის ვილაიეთის მოკლე დავთარი“ და „სამი ოსმალური წყარო თბილისის ისტორიისათვის“. 2012 წელს გამოვიდა ოსმალური ფირმანებისა და ბერათების კრებული - 202 დოკუმენტი. კრებულში შესული დოკუმენტები ძირითადად ეხება ტაო-კლარჯეთის ციხეებს. ფირმანები გაშიფრულია არაბული და ლათინური ტრანსკრიფციით. ეს არის ფირმანების ლათინური ტრანსკრიფციით გამოცემის პირველი შემთხვევა.
ნოდარ შენგელია 18 მონოგრაფიისა და 200 მეტი სამეცნიერო სტატიის ავტორია ქართულ, რუსულ, ინგლისურ და თურქულ ენებზე. დიდია ნოდარ შენგელიას წვლილი მომავალი თურქოლოგი-ისტორიკოსების აღზრდაშიც. მისი ხელმძღვანელობის დაცულია რამდენიმე ათეული საკანდიდატო და სადოქტორო დისერტაცია საქართველო-თურქეთის ურთიერთობის საკვანძო საკითხებზე.
ნოდარ შენგელია ივანე ჯავახიშვილის პრემიის ლაურეატია ნაშრომისთვის „XVI-XVIII სს ოსმალური დოკუმენტური წყაროები“, დაჯილდოვებულია ივ. ჯავახიშვილის მედლით. 2024 წელს, თვალსაჩინო თეორიული და პრაქტიკული მნიშვნელობის სამეცნიერო ნაშრომებისათვის მიიღო თავისი მასწავლებლის, გამოჩენილი მეცნიერის სერგი ჯიქიას სახელობის აკადემიური პრემია.
ნოდარ შენგელიას გარდაცვალება დიდი დანაკლისია ქართული სამეცნიერო საზოგადოებისა და აღმოსავლეთმცოდნეობის ქართული სკოლისათვის. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და მისი ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ცნობილი ქართველი მეცნიერის ნოდარ შენგელიას გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს, მეგობრებსა და კოლეგებს.