გარდაიცვალა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ემერიტუსი პროფესორი ნანა ფურცელაძე (1930-2024).
პროფესორ ნანა ფურცელაძეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან 60-წლიანი პედაგოგიური და სამეცნიერო, მთარგმნელობითი მოღვაწეობა აკავშირებს და განუზომლად დიდია აღმოსავლეთმცოდნე არაბისტთა თაობების აღზრდაში შეტანილი მისი გამორჩეული წვლილი.
აღმოსავლეთმცოდნე სემიტოლოგი, არაბისტი პროფესორი ნანა ფურცელაძის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მრავალწლიანი სამეცნიერო და პედაგოგიური ღვაწლი არის მყარი აკადემიური ღირებულებებით აღბეჭდილი.
ქართული აღმოსავლეთმცოდნეობის სკოლის გამორჩეული ფიგურის, აკადემიკოს გიორგი წერეთლის ერთ-ერთი პირველი მოწაფის – ნანა ფურცელაძის –სახელს უკავშირდება მანამდე წმინდა ლინგვისტური პროფილის ქართულ სემიტოლოგიურ სასწავლო-სამეცნიერო სკოლაში მრავალსაუკუნოვანი, მდიდარი ტრადიციების მქონე არაბული ლიტერატურის სწავლებისა და კვლევის, აკადემიური, მაღალმხატვრული თარგმანებისა და მთარგმნელობითი პროცესის შემოტანა და დანერგვა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.
ასევე განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია მის მიერ გამოზრდილი თაობები, რომლებიც დარგში უკვე საკუთარ სიტყვას ამბობენ და მათი გამორჩეული მასწავლებლის მიერ დანერგილ ტრადიციებს აგრძელებენ.
ნანა ფურცელაძე დაიბადა 1930 წლის 25 ივლისს ქალაქ თბილისში. მისი არჩევანი, გამხდარიყო აღმოსავლეთმცოდნე არაბისტი, დიდწილად განსაზღვრა იმხანად სახელგანთქმული მეცნიერის, აკადემიკოს გიორგი წერეთლის ავტორიტეტმა. აღმოსავლეთმცოდნეობის სამეცნიერო სკოლა, რომელსაც გ. წერეთელი ედგა სათავეში, მთელ საბჭოთა კავშირში ერთ-ერთი გამორჩეული იყო.
1948-1953 წლებში ნანა ფურცელაძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში არაბული ფილოლოგიის განხრით სწავლობდა, რასაც 1953-1956 წლებში საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ენათმეცნიერების ინსტიტუტის ასპირანტურა მოჰყვა. 1957 წელს ის აღნიშნული ინსტიტუტის თარგმნითი ლექსიკონის განყოფილების უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი იყო. ამავე წელს მასწავლებლად დაიწყო მუშაობა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სემიტოლოგიის კათედრაზე.
საკანდიდატო დისერტაცია დაიცვა თემაზე „დიალექტიზმები, ევროპეიზმები და ნეოლოგიზმები მაჰმუდ თეიმურის შემოქმედებაში“, ხოლო სადოქტორო დისერტაცია - თემაზე „სიმბოლო-ფორმულა არაბულ ლიტერატურაში“. ეს ნაშრომი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობის მიერ მონოგრაფიის სახით გამოიცა 1990 წელს (Очерк по исторической поэтике – символ-формула в арабской поэзии).
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სემიტოლოგიის კათედრაზე ნანა ფურცელაძე 1960-1963 წლებში უფროს მასწავლებლად, ხოლო 1964-1988 წლებში დოცენტად მუშაობდა. 1989 წლიდან ის არის პროფესორი. 1998-დან 2004 წლამდე იყო ამავე კათედრის გამგე. 2006 წელს დაიკავა თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სრული პროფესორის თანამდებობა, ხოლო 2012 წელს ემერიტუს პროფესორის წოდება მიენიჭა.
პროფესორი ნანა ფურცელაძე არის მონოგრაფიის, სამოცდაათამდე სამეცნიერო სტატიის ავტორი. მისი სტატიები გამოქვეყნებულია საქართველოში, რუსეთში (მოსკოვში), პოლონეთში (ვარშავაში), გერმანიაში (ჰალეში). მას ეკუთვნის არაბულიდან შესრულებული არაერთი მხატვრული თარგმანი, მათ შორის შუა საუკუნეების და თანამედროვე არაბ ავტორთა პოეზიის ნიმუშებისა. ისლამამდელი არაბული პოეტური კრებულის „მუალაკების“, შუა საუკუნეების არაბული ფოლკლორული პროზის უკვდავი ძეგლის „ათას ერთი ღამის“ სრული აკადემიური თარგმანი (პროფესორ თინათინ მარგველაშვილთან ერთად), რომელიც 2002 წელს ივანე მაჩაბლის მთარგმნელობითი პრემიით აღინიშნა, თანამედროვე არაბული პოეზიისა და პროზის გამორჩეული სახელების ქართულ სამეცნიერო თუ მთარგმნელობით ლიტერატურულ სივრცეში შემოყვანა პროფესორ ნანა ფურცელაძის დამსახურებაა.
2017 წელს გამოცემული მისი ბოლო სამეცნიერო კრებული „არაბული ლიტერატურა – ნარკვევები და ნიმუშები“ ერთგვარი შეჯამებაა ავტორის სამეცნიერო ნააზრევისა და მკითხველს ზოგად წარმოდგენას უქმნის იმ სამეცნიერო პრობლემატიკაზე, რაზეც მკვლევარი სამოცი წლის განმავლობაში მუშაობდა.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და მისი ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ამაგდარი მეცნიერის, მკვლევრისა და მთარგმნელის, ემერიტუს პროფესორ ნანა ფურცელაძის გარდაცვალების გამო და მადლიერებით აღნიშნავს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მის 60-წლიან პედაგოგიურ და სამეცნიერო, მთარგმნელობით ღვაწლსა და მომავალი თაობების აღსაზრდელად გაწეულ მის დიდ ძალისხმევას.