გარდაიცვალა ცნობილი ქართველი ფიზიკოსი, ფიზიკა-მათემატიკურ მეცნიერებათა დოქტორი, საბჭოთა კავშირის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, პროფესორი ლერი ქურდაძე.
ლერი ქურდაძე დაიბადა 1943 წლის 27 დეკემბერს თბილისში. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო ნოვოსიბირსკის უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტზე, რომლის წარმატებით დასრულებისთანავე მუშაობა დაიწყო ნოვოსიბირსკის ბირთვული ფიზიკის ინსტიტუტში, ელემენტარულ ნაწილაკთა ფიზიკის ფუნდამენტურ საკითხებზე მომუშავე ჯგუფში.
1986 წელს ლერი ქურდაძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გადმოვიდა სამუშაოდ, სადაც აირჩიეს ბირთვული ფიზიკის კათედრის გამგედ. ეს თანამდებობა მას 2006 წლამდე ეკავა. 1989 წელს ელექტრონულ-პოზიტრონულ შემხვედრ ნაკადებზე ელემენტარული ნაწილაკების მასის პრეციზიული გაზომვებისთვის ლერი ქურდაძეს მეცნიერთა ჯგუფთან ერთად მიენიჭა საბჭოთა კავშირის სახელმწიფო პრემია. პროფესორი ლერი ქურდაძე მსოფლიოში აღიარებული ავტორიტეტი იყო ელემენტარული ნაწილაკების, ამაჩქარებლებისა და დეტექტორების ფიზიკაში.
თსუ-ში მუშაობის დროს პროფ. ლერი ქურდაძე აქტიურად მონაწილეობდა ფიზიკის ფაკულტეტის როგორც სასწავლო და სამეცნიერო, ისე ორგანიზაციულ პროცესებში. მისი უშუალო და აქტიური მონაწილეობით განხორციელდა ფიზიკის პროგრამის გადასვლა ორსაფეხურიან სწავლებაზე (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა), რაც ერთ-ერთი პირველი შემთხვევა იყო საქართველოში. ლერი ქურდაძის, როგორც ლექტორისა და ხელმძღვანელის გარემოცვაში ცოდნა, გამოცდილება და კვლევითი უნარ-თვისება შეიძინა არაერთმა სტუდენტმა. ბევრი მათ შორის წარმატებულ სამეცნიერო საქმიანობას ეწევა წამყვან სამეცნიერო ცენტრებში.