საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

პროფესორი თენგიზ ცერცვაძე

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ გარდაიცვალა ცნობილი ქართველი ექიმი, მეცნიერი, ჯანდაცვის ორგანიზატორი,  თსუ მედიცინის ფაკულტეტის ინფექციურ დაავადებათა და კლინიკური იმუნოლოგიის კათედრის ხელმძღვანელი, საქართველოს ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალური დირექტორი, პროფესორი  თენგიზ ცერცვაძე.

 

პროფესორ თენგიზ ცერცვაძეს  განსაკუთრებული დამსახურება მიუძღვის საქართველოსთვის აივ/შიდსის ეპიდემიის აცილებაში. 1990 წელს მისი ინიციატივით ჩამოყალიბდა შიდსთან ბრძოლის თანამედროვე ტიპის სამსახური კარგად განვითარებული ინფრასტრუქტურით და მძლავრი სამეცნიერო და პრაქტიკული პოტენციალით, რომელიც, საერთაშორისო ექსპერტების მიერ, მიჩნეულია საუკეთესოდ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში და ერთ-ერთ საუკეთესოდ მსოფლიოში. ასევე განსაკუთრებულია მისი დამსახურება მსოფლიო მასშტაბით უნიკალური C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის მოპოვებასა და წარმატებულ იმპლემენტაციაში, რითაც ასეულ ათასობით საქართველოს მოქალაქის სიცოცხლე იქნა გადარჩენილი. და ბოლოს, მისი ხელმძღვანელობით შექმნილმა კოვიდ-19 პანდემიის კლინიკური მართვის სამსახურმა ერთ-ერთი საუკეთესო შედეგი აჩვენა მსოფლიოს მასშტაბით.

 

თენგიზ ცერცვაძე ეწეოდა უაღრესად ნაყოფიერ საექიმო, სამეცნიერო და პედაგოგიურ მოღვაწეობას.  მის სახელთან არის დაკავშირებული ქართველ ექიმთა და რეზიდენტთა პირველი გაცვლითი პროგრამების ამუშავება ამერიკის შეერთულ შტატების ჯანდაცვის ეროვნულ ინსტიტუტებთან და ევროკავშირის ქვეყნების შესაბამის სტრუქტურებთან. გამორჩეულია მისი წვლილი საქართველოს ჯანდაცვისა და სამედიცინო მეცნიერების ინტერნაციონალიზაციაში. თენგიზ ცერვაძე არის 200-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, რომელთა მნიშვნელოვანი ნაწილი  გამოქვეყნებულია მაღალი იმპაქტ ფაქტორის მქონე საერთაშორისო გამოცემებში. ის არის ორი ათეულზე მეტი სადოქტორო დისერტაციის და საერთაშორისო და ეროვნული კვლევითი პროექტების ხელმძღვანელი. ავტორია ორი მონოგრაფიის. ხელმძღვანელობდა 20-ზე მეტი ეროვნული კლინიკური რეკომენდაციების/გაიდლაინების შექმნას.

 

2014-2016 წლებში თენგიზ ცერცვაძე იყო თსუ აკადემიური საბჭოს წევრი. ის დაჯილდოებული იყო ბრჭყინვალების ორდენით, ღირსების ორდენით, მედლებით, მათ შორის,  თსუ ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედლით. 2020 წელს ის არჩეული იქნა ქალაქ თბილისის საპატიო მოქალაქედ. 

თენგიზ ცერცვაძის სახელი სამუდამოდ დარჩება ისტორიას.

თარიღი: 01/08/2024