საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

პროფესორ გიორგი ნადარეიშვილის გახსენება

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში  იურიდიული ფაკულტეტისა და თინათინ წერეთლის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტის თანამშრომლებმა, სტუდენტებმა, მოწვეულმა სტუმრებმა დიდი ქართველი მეცნიერი, პროფესორი გიორგი ნადარეიშვილი გაიხსენეს. ღვაწლმოსილი მეცნიერის დაბადებიდან 95 წლისთავთან დაკავშირებით გაიმართა მისი წიგნის „ქართული სამართლებრივი კულტურის ზოგიერთი საკითხი XI-XII სს. საქართველოში“ საიუბილეო გამოცემის წარდგენა.

 

ნაყოფიერი სამეცნიერო-პედაგოგიური საქმიანობისთვის იურიდიული მეცნიერებათა დოქტორ (1967წ.) გ.ნადარეიშვილს ჯერ კიდევ 1973 წელს მიენიჭა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის სამეცნიერო წოდება. თითქმის ნახევარი საუკუნის განმავლობაში 1957 წლიდან გარდაცვალებამდე, გ.ნადარეიშვილი შრომით საქმიანობას ეწეოდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის თინათინ წერეთლის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტის სახელმწიფოსა და სამართლის ისტორიის განყოფილებაში ჯერ მეცნიერ-თანამშრომლის, 1984 წლიდან კი განყოფილების უფროსის თანამდებობაზე. ხანგრძლივი და ნაყოფიერი სამეცნიერო-პედაგოგიური საქმიანობისთვის პროფესორი გ.ნადარეიშვილი 1998 წელს დაჯილდოვდა ღირსების ორდენით.

 

მეცნიერის შემოქმედებითი მემკვიდრეობა ქართული და მსოფლიო სამართლის ისტორიის საკითხებზე შექმნილ სამასზე მეტ სამეცნიერო ნაშრომსა და ოცზე მეტ ცალკე წიგნად გამოცემულ მონოგრაფიასა თუ სახელმძღვანელოს მოიცავს. პროფესორ გ.ნადარეიშვილის ინტერესთა სფეროს მრავალფეროვნება, მეცნიერული კვლევის სიღრმე და კეთილსინდისიერება განაპირობებდნენ და განაპირობებენ დღესაც მისი შემოქმედებისადმი მზარდ ინტერესს. ზემოთქმულის კიდევ ერთ, კონკრეულ გამოვლინებად უნდა შეფასდეს მისი მონოგრაფიის „ქართული სამართლებრივი კულტურის ზოგიერთი საკითხი XI-XII სს. საქართველოში“ ახალი, ამჯერად უკვე ქართულ-ინგლისურენოვანი გამოცემა.

 

ეს ნაშრომი პირველად 1959 წელს, ჯერ კიდევ საბჭოთა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიამ გამოსცა და დღეს უკვე ბიბლიოგრაფიული იშვიათობაა. სწორედ ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, აგრეთვე XI-XII საუკუნეების მდიდარი ქართული სამართლებრივი კულტურის შესახებ ცნობების საზღვარგარეთ გატანის სურვილით და მეცნიერის დაბადებიდან საიუბილეო თარიღის შესრულებასთან დაკავშირებით, თინათინ წერეთლის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტის ინიციატივით, სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტისა და უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მხარდაჭერით გადაწყდა მონოგრაფიის ქართული და ინგლისურენოვანი თარგმანის სახით გამოცემა.

 

წიგნი ინგლისურ ენაზე თარგმნა მეცნიერის ქალიშვილმა ნინო ნადარეიშვილმა. რედაქტორები არიან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის პროფესორი ნუგზარ სურგულაძე, ამავე ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი გოჩა ფერაძე. წიგნის გაფორმებაზე იზრუნა მხატვარ-დიზაინერმა თინათინ ჩირინაშვილმა. შეხვედრაზე პროფესორ გიორგი ნადარეიშვილის ღვაწლზე ქართული მეცნიერების წინაშე და განსაკუთრებით მის დამსახურებაზე ქართული სამართლის ისტორიის კვლევის მიმართულებით ისაუბრეს: იურიდიული ფაკულტეტის დეკანმა, პროფ. თამარ ზარანდიამ, თ.წერეთლის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტის დირექტორმა, პროფ. ლაშა ბრეგვაძემ, პროფესორებმა თევდორე ნინიძემ, ბესარიონ ზოიძემ, დავით სულაქველიძემ.

 

ღონისძიების მონაწილეთა აზრით, როგორც შინაარსით, ისე ფორმით უაღრესად საინტერესო და მაღალმხატვრულ დონეზე გამოცემული პროფ. გიორგი ნადარეიშვილის წიგნი „ქართული სამართლებრივი კულტურის ზოგიერთი საკითხი XI-XII სს. საქართველოში“ კეთილ სამსახურს გაუწევს ქართველ და განსაკუთრებით, უცხოენოვან მკითხველს შუა საუკუნეებში ქართული სამართლებრივი კულტურის მიღწევების უკეთ გაცნობაში.

თარიღი: 12/11/2022