საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ოჯახში ძალადობის სისხლის სამართლის საქმეების სასამართლო პროცესების მონიტორინგის ანგარიშის პრეზენტაცია თსუ-ში

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში  USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით მომზადებული ოჯახში ძალადობის სისხლის სამართლის საქმეების სასამართლო პროცესების მონიტორინგის ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა. დოკუმენტი, რომელიც თსუ-ს ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის კლინიკის სტუდენტების აქტიური მონაწილეობით შეიქმნა, ასახავს 2023 წლის მარტი - ივლისის პერიოდში თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე 62 სასამართლო სხდომაზე დაკვირვების შედეგებს.

 

დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართეს თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის დეკანმა, თამარ ზარანდიამ და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის ხელმძღვანელის მოადგილემ, ჰერბერტ ბოუმენმა. ამის შემდგომ მოწვეულმა ექსპერტმა, გოგა ხატიაშვილმა და თსუ-ს კლინიკის სტუდენტებმა განხორციელებული მონიტორინგის შედეგებზე ისაუბრეს. ანგარიშის თანახმად, ოჯახში ძალადობის უმეტეს საქმეში დაზარალებული იყო ქალი, ხოლო ბრალდებული - კაცი; ასევე, ძირითადად სავარაუდო მოძალადეს მსხვერპლის მეუღლე/ყოფილი მეუღლე ან მშობელი წარმოადგენდა; უმეტესად ორი სახის აღკვეთის ღონისძიება - გირაო და პატიმრობა იქნა გამოყენებული. ზოგიერთ შემთხვევაში, სავარაუდოდ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებების რაოდენობიდან და ძალადობის განმეორების პოტენციური საფრთხიდან გამომდინარე, არ იყო ნათელი თუ რამდენად უზრუნველყოფდა გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება ახალი დანაშაულის თავიდან აცილების მიზანს; ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება დაზარალებულის მიერ ახლო ნათესავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე უარის თქმა, რაც მტკიცებულებათა არასაკმარისობის მოტივით, ბრალდებულის გამართლების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ხდება; სასჯელის სახით უმეტესად ვადიანი თავისუფლების აღკვეთა და პირობითი მსჯავრი იქნა გამოყენებული, თუმცა, სასჯელის ავტონომიურად განსაზღვრისა და ინდივიდუალური მახასიათებლების გათვალისწინების მიუხედავად, ზოგიერთ შემთხვევაში, საეჭვოა, რამდენად პროპორციული იყო გამოყენებული სასჯელი ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან მიმართებით; რიგ შემთხვევებში, ვერ ხდება დაზარალებულისათვის მეორეული ვიქტიმიზაციის შესაძლო რისკების თავიდან აცილება. კერძოდ, დაფიქსირდა, ბრალდებულის მიერ მსხვერპლისათვის დამადანაშაულებელი შეკითხვების დასმის შემთხვევები, რაზეც მოსამართლეს უმეტესად ჰქონდა სათანადო რეაგირება და დაზარალებულს მიუთითებდა, რომ შეეძლო აღნიშნულ კითხვაზე არ ეპასუხა. ასევე, ზოგიერთ შემთხვევაში, ბრალდებულის ადვოკატი და სხდომის დარბაზში დამსწრე პირები პროცესის დაწყებამდე, მიმდინარეობისას ან მისი დასრულების შემდეგ ავლენდნენ არაეთიკურ, სტერეოტიპულ და შეურაცხმყოფელ დამოკიდებულებას, რაც უმეტესად მიმართული იყო დაზარალებული პირის ან მოწმის მიმართ; სერიოზულ გამოწვევას წარმოადგენს სასამართლო პროცესების დაგვიანებით დაწყება. სასამართლო პროცესების დაგვიანებით დაწყების გარდა, ხშირად მხარეთა მოთხოვნით ხდებოდა სხდომების გადადება, რაც ხელს უწყობს საქმის განხილვის გაჭიანურებასა და შეიცავს დაზარალებულის მეორეული ვიქტიმიზაციის რისკებს.

 

პრეზენტაციაზე მოწვეულები იყვნენ მოსამართლეები, ადვოკატთა ასოციაციის, უფასო იურიდიული დახმარების სამსახურისა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, სხვადასხვა უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი და სტუდენტები.

 

თსუ-ს ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის კლინიკა, 2022 წელს, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის ხელშეწყობით დაფუძნდა. ოჯახში ძალადობის შემდგომი პრევენციისათვის უმნიშვნელოვანესია, გარკვეული პერიოდულობით, მოცემულ ანგარიშში განხილული მონაცემების მსგავსი ინფორმაციის შეგროვება და ანალიზი, რაც მომავალში მტკიცებულებაზე დაფუძნებული პოლიტიკის განხორციელებასა და შესაბამისი პროგრამების შემუშავებას შეუწყობს ხელს. შესაბამისად, კლინიკის ფარგლებში სტუდენტების მიერ შეგროვებული და დამუშავებული ინფორმაცია, რომელიც ანგარიშში აისახა კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია ამ მიმართულებით.

 

მსგავსი მონიტორინგის ანგარიშები არის ერთგვარი გზავნილი მართლმსაჯულების სისტემის წარმომადგენელთათვის, რომ ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საქმეებზე საზოგადოების, მათ შორის, საგანმანათლებლო დაწესებულების მხრიდან დაკვირვების მომეტებული ინტერესი არსებობს, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სასამართლო პროცესის გამჭვირვალობის გაზრდას. ანგარიშის ნახვა შესაძლებელია ელექტრონულად

თარიღი: 14/02/2024