საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ნინო დანელია: „მინდა ხელი შევუწყო ადამიანებს, შეძლონ შესაძლებლობების მაქსიმალურად განვითარება და გამოვლენა“

“ყოველთვის სიამაყით ვივსები, როდესაც საკუთარ თავს ასე წარვადგენ:  „მოგესალმებით, მე ვარ ნინო დანელია, სოციალური მუშაკი,  საქართველოში სოციალურ მუშაკთა ბაკალავრიატის პირველი თაობის წარმომადგენელი“, - ნინო დანელია თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სოციალური მუშობის საბაკალავრო პროგრამის ერთ-ერთი პირველი კურსდამთავრებულია. მისი  საქმიანობა 14 წელზე მეტია სოციალურ მუშაობასა და ბავშვთა კეთილდღეობას უკავშირდება. ამჟამად დიდ ბრიტანეთში ბრისტოლის უნივერსიტეტის განათლების (სწავლება, ტექნოლოგია და საზოგადოება) სამაგისტრო პროგრამაზე სწავლობს.

 

„სოციალური მუშაობის შესახებ არაფერი ვიცოდი. ჩემს მომავალ საქმიანობასაც აბსოლუტურად სხვა სფეროში ვხედავდი. პრინციპში, მე კი არა, არც არავინ ვიცოდით, რადგან ეს იყო პირველი წელი, როდესაც საქართველოში, საუნივერსიტეტო დონეზე დაიწყო სოციალური მუშაობის სწავლება,“ - როგორც ნინო ამბობს,  სოციალური მუშაობის შესავალი კურსი, თავდაპირველად, ინტერესის გამო აირჩია, თუმცა კურსის დასრულების ბოლოს უკვე იცოდა, რომ მისი მომავალი პროფესია სოციალურ მუშაობასთან უნდა დაეკავშირებინა.

 

„დღემდე მახსოვს, როდესაც პირველკურსელებს მოწვეული სტუმარი შეგვხვდა შეფილდ-ჰალამის უნივერსიტეტიდან. მისი გაცნობითი სიტყვა ასე დაიწყო: „თუ თქვენ გინდათ იყოთ კარგი სოციალური მუშაკები, არ შეგეცოდოთ ადამიანები, რომლებთანაც მუშაობთ, არამედ გაბრაზდით იმ გარემოზე, რომელმაც ეს ადამიანები დაუცველებად აქცია და ყველაფერი გააკეთეთ ამ გარემოს ცვლილებისთვის“.  სწორედ ამ დღეს, საბოლოოდ მივხვდი,  რომ მინდოდა ვყოფილიყავი ამ ცვლილების ნაწილი და როგორც ჩვენი პროფესიის წარმომადგენლები ვამბობთ ხოლმე  „გავმხდარიყავი ცვლილებების აგენტი“, - გვეუბნება ნინო. სწავლის დასრულების შემდეგ ის  სხვადასხვა ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებსა თუ სახელმწიფო უწყებებში,  პრაქტიკოსი სოციალური მუშაკისა და სოციალური მუშაკების პროფესიულ ზედამხვედელად მუშობდა. 2013 წელს კი, კოლეგა სოციალურ მუშკებთან ერთად, ორგანიზაცია „ინიციატივა სოციალური ცვლილებებისთვის“ დაარსა.

 

„საქართველოში სოციალური მუშაობის აკადემიური საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამები ერთ-ერთი ყველაზე „ახალგაზრდა“ პროგრამებია. რაც ჩემთვის ამ პროგრამის სიძლიერეაცაა, რადგან სწავლების მიდგომები თუ აკადემიური პერსონალის გამოცდილება განსხვავებულია სხვა პროგრამებისგან,“ - ნინოს თქმით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში არსებული  სოციალური მუშაობის როგორც საბაკალავრო, ასევე სამაგისტრო პროგრამა ერთ-ერთი უნიკალური პროგრამაა, რომელიც სტუდენტს საშუალებას აძლევს ერთდროულად მიიღოს როგორც თეორიული ცოდნა, ასევე პრაქტიკული გამოცდილება.  გარდა იმისა, რომ თავად საგნების უმეტესობა მოიცავს პრაქტიკული შემთხვევების განხილვასა და მათზე მუშაობას (ინდივიდების, თემის, ორგანიზაციების და პოლიტიკის დონეზე) და სხვადასხვა საკურსო პროექტებზე დამოუკიდებლად  მუშაობას, სწავლების პროცესში ყველა სტუდენტი გადის პრაქტიკას. პრაქტიკა სოციალური მუშაობის აკადემიური პროგრამის სავალდებულო ნაწილია.  სტუდენტი სოციალური მუშაობის სერვისის მიმწოდებელ სხვადასხვა ორგანიზაციებში მუშაობს მთელი სწავლის განმავლობაში.

 

“ვფიქრობ, სწორედ ეს ყველაფერი ხდის განსაკუთრებულს ამ პროგრამას. ჩემთვის, როგორც სტუდენტისთვის, განსაკუთრებით მომხიბვლელი იყო ის, რომ სტუდენტებს თსუ-ში საშუალება გვეძლეოდა ჩავრთულიყავით სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტში, რომლებიც პარტნიორ უცხოურ უნივერსიტეტებთან ხორციელდებოდა. მონაწილეობა მიგვეღო სხვადასხვა სემინარში, ლექციებში, ვორქშოპებსა თუ საზაფხულო სკოლაში. გავცნობოდით და გვესწავლა იმ ქვეყნებისგან, რომელთაც თავად გამართული და კარგი კეთილდღეობის სისტემები აქვთ,“ - გვეუბნება ნინო. მისთვის პროგრამას გამორჩეულს ხდის სტუდენტებისა და პროგრამის ხელმძღვანელთან, პრაქტიკის კოორდინატორებთან შეხვედრისა და დისკუსიების შესაძლებლობა.

 

„ჩემთვის სოციალური მუშაობა არ არის უბრალოდ პროფესია, ის ჩემი ღირებულებების და ხედვის ყოველდღიური გამოვლინების შესაძლებლობაა. ჩემი პროფესია ყველაზე დამღლელი და დაძაბული დღის ბოლოსაც კი  მაძლევს შესაძლებლობას ვიყო კმაყოფილი იმ პოზიტიური ცვლილებებით, რასაც ცალკეული ინდივიდების თუ ჯგუფების ცხოვრებაში ვახდენთ“. ნინოს საქმიანობა ბოლო წლების განმავლობაში ორგანიზაცია „World Vision”-ში გაგრძელდა, სადაც სასკოლო საგანმანათლებლო სისტემაში არსებულ საჭიროებებს შეისწავლიდა.  სწორედ ამ გამოცდილებამ გაუჩინა სურვილი მიეღო ცოდნა განათლებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით. მისი გადაწყვეტილება პანდემიის პერიოდში კიდევ უფრო განმტკიცდა, როდესაც ყოველდღიურად უჭერდა მხარს სკოლებს, გამკლავებოდნენ არსებულ გამოწვევებს  ტექნოლოგიების მიმართულებით.  ახლა „განათლების საერთაშორისო ცენტრის“ სტიპენდიით დიდ ბრიტანეთში  სწორედ ამ მიმართულებით იღებს განათლებას და, უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ, აპირებს წარსული გამოცდილებისა და ახალი ცოდნის სინთეზსს ფორმალურ და არაფორმალურ საგანმანათლებლო გარემოში.

 

„სწავლების პროცესში, სხვადასხვა საგანმანათლებლო ტექნოლოგიების იდეებზე მუშაობისას, ყოველთვის ვცდილობ დავინახო, თუ როგორ გააუმჯობესებს და შეცვლის ეს  ტექნოლოგიები სხვადასხვა მოწყვლადი და მარგინალური ჯგუფის ცხოვრებას. მინდა ტექნოლოგიებით გამდიდრებული სწავლების საშუალებით, ხელი შევუწყო ადამიანების სოციალური ფუნქციონირების ხარისხის გაუმჯობესებას, რათა შეძლონ საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმალურად განვითარება და გამოვლენა,“- ამბობს ნინო დანელია.

 

თარიღი: 20/07/2022