საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

მშობლიური ენის საერთაშორისო დღე

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მშობლიური ენის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საზეიმო ღონისძიება გაიმართა, რომელსაც თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ალექსანდრე  თევზაძე, სახელმწიფო ენის პალატის თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორი ზაზა აბაშიძე, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.

ღონისძიების ფარგლებში წარმოდგენილი იყო  ხელნაწერთა ეროვნული ცენტრისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მუზეუმის ერთობლივი გამოფენა. მათ შორის გამოიფინა არქივებში დაცული ისტორიული მასალა - ენათა მრავალფეროვნების მატიანე.  უნივერსიტეტის მუზეუმმა წარმოადგინა გიორგი ახვლედიანის პირად არქივში დაცული დოკუმენტები, თუ როგორ ისწავლებოდა უნივერსიტეტის დაარსებისთანავე ევროპული და აღმოსავლური ენები, სანსკრიტი, ასევე ოსური და აფხაზური ენების პროგრამები.

თსუ რექტორის გიორგი შარვაშიძის თქმით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 80-მდე ენა ისწავლება, მათ შორის, ძალიან ბევრი ენა არის ეთნიკური უმცირესობების. „თსუ-ში აფხაზური, ოსური ენების შესწავლას100 წლიანი ისტორია აქვს. დღევანდელ გამოფენაზე წარმოდგენილია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი რექტორის ბრძანება, რომელმაც აფხაზური და ოსური ენის ცენტრები დააფუძნა უნივერსიტეტში. რეალურად, კავკასიის ენების სწავლების ცენტრი იყო თსუ-ში და ძალიან ბევრი მკვლევარი, მეცნიერი აქ გაიზარდა და შემდგომ თავის ერს გამოადგა,“ - აღნიშნა თსუ რექტორმა.

„დღევანდელი დღე კულტურათაშორის დიალოგის თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანია. იმ პირობებში, როდესაც საქართველო მიისწრაფის რაც შეიძლება უფრო მჭიდრო კავშირისაკენ ევროპასთან, ბუნებრივია, რომ ასეთი დღეები ჩვენთვის არის მნიშვნელოვანი. მინდა მივულოცო ჩვენს ყველა თანამოქალაქეს, დიასპორის წარმომადგენლებს, რომლებიც თავისი ერის, ენის, კულტურის შემაკავშირებლები არიან ჩვენს ქვეყანასთან. ქართული ენა არის სახელმწიფო ენა, ის ყოველთვის იყო შემაკავშირებელი სხვადასხვა კულტურისა და ენებისა და ბუნებრივია, ის საუკუნოვანი ტრადიცია, რომელიც ჩვენს ერს ჰქონდა, გაგრძელდება ყოველთვის,“ - განაცხადა სახელმწიფო ენის პალატის თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა.

21 თებერვალი მშობლიური ენის საერთაშორისო დღედ  იუნესკომ 1999 წელს გამოაცხადა, რაც ენობრივი და კულტურული მრავალფეროვნების შენარჩუნებას და განვითარებას ისახავდა მიზნად. იუნესკოს შეფასებით, მსოფლიოს დაახლოებით 6 ათასი ენიდან ნახევარს უახლოეს ხანებში გაქრობის საფრთხე ემუქრება.

„მსოფლიო კულტურისთვის დღევანდელი დღე ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ფაქტობრივად, აღინიშნება ერის იდენტიფიკაციის დღე. ენა არის მთავარი მონაპოვარი ამა თუ იმ ერისა, ეს არის განმსაზღვრელი ერის კულტურისა და მოხარეულები ვართ, რომ ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში წარმოდგენილია ბევრი სხვადასხვა ენაზე შესრულებული ხელნაწერი,“ - აღნიშნა კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორმა ზაზა აბაშიძემ.

ღონისძიება სახელმწიფო ენის დეპარტამენტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა.   

2000 წლის თებერვლიდან მშობლიური ენის საერთაშორისო დღე ყოველწლიურად სხვადასხვა ღონისძიებებით მთელ მსოფლიოში აღინიშნება. მშობლიური ენის საერთაშორისო დღე საქართველოში 2005 წლიდან აღინიშნება.  

თარიღი: 15/05/2018