საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

მზექალა შანიძის 95 წლის იუბილე

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ქართველი ენათმეცნიერის მზექალა შანიძის 95 წლის იუბილე აღნიშნა. საიუბილეო ღონისძიება პანდემიის გავლენით დისტანციურ ფორმატში, ზუმის პლატფორმაზე გაიმართა. ღონისძიებას თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩი, საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი განათლების, კულტურისა და მეცნიერების საკითხებში კოტე ნაცვლიშვილი, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორი ზაზა აბაშიძე, თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი ნანა გაფრინდაშვილი, ქართველი და უცხოელი მეცნიერები ესწრებოდნენ.

თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ ქართველ ენათმეცნიერს 95 წლის იუბილე მიულოცა და აღნიშნა, რომ მზექალა შანიძის დაბადების დღე საერთაშორისო მასშტაბის დღესასწაულია, რომელიც მომავალში კონფერენციითა და კრებულის გამოცემით აღინიშნება. „ქალბატონმა მზექალამ არაერთი თაობა აღზარდა, ყოველთვის გამოირჩეოდა პრინციპულობით და დღესაც უზარმაზარი მაგალითია ახალგაზრდებისთვის. მისი ენთუზიაზმი და მომავლისადმი ხედვა წარმოუდგენლად დიდ სტიმულს აძლევს ყველას. მჯერა, კიდევ მრავალი წლის განმავლობაში შეძლებს თაობების აღზრდას, ასწავლის მათ მეცნიერებისა და სამშობლოს სიყვარულს და გაუზიარებს იმ ხედვებს, რაც ნებისმიერ მეცნიერში ნამდვილად დასაფასებელია,“ - განაცხადა თსუ რექტორმა.

საქართველოს განათლების, მეცნიერების კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ნუნუ მიცკევიჩმა მეცნიერების განვითარებისა და ქვეყნის წინაშე გაწეული ღვაწლისთვის მზექალა შანიძეს მადლობა გადაუხადა. „მზექალა შანიძე ყველასთვის ლეგენდარული სახელი და გვარია, ის სიცოცხლეშივე იქცა ლეგენდად და მისი იუბილე ამ ერთი დღით არ შემოიფარგლება, ის გაგრძელდება მომავალშიც. დღემდე მახსოვს გამოცდების პერიოდში მის მიერ დასმული შეკითხვები, რომლებიც მოაროლად დადიოდა ახალგაზრდებში და ცალკე ნუსხა იყო ამ შეკითხვების. ჩვენ ყველას უნდა გვქონდეს უნარი ვისწავლოთ მისგან როგორ ვიცხოვროთ ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ,“ - აღნიშნა ნუნუ მიცკევიჩმა.

განათლების, კულტურისა და მეცნიერების საკითხებში პრეზიდენტის მრჩევლის კოტე ნაცვლიშვილის თქმით, ქართველი ენათმეცნიერის 95 წლის იუბილეს საქართველოს პრეზიდენტის სახელით ცალკე ღონისძიებაც მიეძღვნება. „ქალბატონი მზექალას სამეცნიერო მოღვაწეობაზე მე ახალს ვერაფერს ვიტყვი, თუმცა აუცილებლად უნდა აღვნიშნო ის უზარმაზარი წვლილი, რაც მან UNESCO-ში ქართული ანბანის წარდგენისას გასწია. სწორედ მისი რედაქტირებით გაიგზავნა ტექსტი UNESCO-ში და მისივე დამსახურებაა, რომ დღეს საქართველოს ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალი კულტურა მსოფლიოს მემკვიდრეობის ნუსხაშია შეტანილი,“ - აღნიშნა კოტე ნაცვლიშვილმა.

მზექალა შანიძეს ქართველ მეცნიერებთან ერთად 95 წლის იუბილე მიულოცეს უცხოელმა მეცნიერებმა და კოლეგებმა. როგორც  გერმანელმა ენათმეცნიერმა, ფრანკფურტის გოეთეს უნივერსიტეტის ემპირიული ენათმეცნიერების ინსტიტუტის დირექტორმა, თსუ საპატიო დოქტორმა იოსტ გიპერტმა განაცხადა, იბეჭდება ივერონის მონასტრის ქართულ ხელნაწერთა კატალოგი, რომელიც ქართველ ენათმეცნიერს საჩუქრად გადაეცემა.

თსუ პროფესორის დარეჯან თვალთვაძის თქმით, მზექალა შანიძის დაბადების დღე ყველასთვის გამორჩეულია, ვინაიდან თავად არის გამორჩეული სამეცნიერო თუ სამოქალაქო მოღვქაწეობით. “ყველაზე მნიშვნელოვანი რაც მას ახასიათებს, ეს არის მუდმივი ინტერესი სიახლისადმი, მუდმივი ინტერესი ცოდნის შეძენისადმი, რაც აძლევს კიდევაც მას საშუალებას, რომ ის მართლაც ახალგაზრდულად გამოიყურებოდეს ყველანაირად. თავისი საქმიანობითაც 95 წლის ასაკში ჰქონდეს ძალიან სერიოზული სამომავლო გეგმები, მეგობრობდეს ახალგაზრდებთან და უხაროდეს მათთან ურთიერთობა, რაც მთავარია, გამორჩეულ ოცნებას ატარებდეს - სანამ ცოცხალი ვარ კიდევ მინდა გამოვადგე ადამიანებს და საქმესო,“ - აღნიშნა დარეჯან თვალთვაძემ.

ღონისძიების დასასრულს ქართველმა ენათმეცნიერმა მზექალა შანიძემ ღონისძიების მონაწილეებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მეცნიერება აშენებულია იმ საფუძველზე, რომელსაც უნივერსიტეტის დამაარსებლებმა ჩაუყარეს საფუძველი და რომელთა შორის იყო აკაკი შანიძე. „მინახავს ხალხი რომელსაც სდევნიდნენ, აგინებდნენ ბურჟუაზიული მეცნიერების მიმდევრობისათვის, მაგრამ იმათ მაინც იცოდნენ რომ თავისი საქმე უნდა ეკეთებინათ. მეც ვცდილობდი რომ ეს სწორი გზა არ გამემრუდებინა და მივყოლოდი იმათ კვალს. ესაა რაც მე გამიკეთებია. ახლა, როდესაც 95 წლის გავხდი, ვფიქრობ რომ ის გზა რომელიც ჩემმა უფროსებმა და უფროსმა კოლეგებმა მაჩვენეს იყო სწორი გზა. ჩვენ ვცდილობდით რაღაცის გაკეთებას, იმისას, რასაც მოითხოვდა საქმე, გვიკარნახებდა სინდისი და ვცდილობდით არ ჩამოვრჩენოდით თანამედროვეობას. ამ წლების განმავლობაშ ბევრი რამ ვნახე ცუდიცა და კარგიც და მიხარია რომ ასე თუ ისე შევძელი რაღაცის გაკეთება, ისეთი მცირედისა, რომ ეს საჭირო ყოფილიყო საზოგადოებისათვის,“ - განაცხადა მზექალა შანიძემ.

მზექალა შანიძეს 1953 წლიდან დღემდე არ გაუწყვეტია აქტიური კავშირი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან. იგი არის ავტორი 150-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომისა, მისი კვლევის სფერო ფართოა, იგი ფუნდამენტურობით გამორჩეული, არაერთი ენის მცოდნე მრავალმხრივი მკვლევარია.

თარიღი: 16/01/2021