საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

მერაბ კოკოჩაშვილის 85 წლისთავისადმი მიძღვილი წიგნის პრეზენტაცია

წიგნის „,SELF MADE - ვინც თავისი თავი შექმნა“ (პუბლიცისტური ნარკვევები) პრეზენტაცია გაიმართა, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. წიგნი ცნობილი რეჟისორის, თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ტელე-კინოხელოვნების მიმართულების ხელმძღვანელისა და თსუ ასოცირებული პროფესორის მერაბ კოკოჩაშვილის 85 წლისთავს მიეძღვნა.

 

წიგნში მოცემულია ცნობილი რეჟისორის ცხოვრებისეული დეტალები, საინტერესო ფაქტები ბიოგრაფიიდან, მეგობრებისა და კოლეგებისა მოგონებები, ინტერვიუები, საინტერესო შემოქმედებითი მომენტების ამსახველი ფოტოსურათები.

 

წიგნის პრეზენტაციას თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი ნანა გაფრინდაშვილი, აკადემიური წრეების წარმომადგენლები, სტუდენტები და მოწვეული სტუმრები  ესწრებოდნენ.

 

თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ ისაუბრა მერაბ კოკოჩაშვილის თსუ-ში პედაგოგიურ საქმიანობაზე და აღნიშნა, რომ აღიარებულმა რეჟისორმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მთელი პლეადა აღზარდა. „მერაბ კოკოჩაშვილისადმი მიძღვნილი წიგნი უნიკალური გამოცემაა, სადაც ბატონ მერაბზე ძალიან საინტერესო მოგონებებია შესული. მერაბ კოკოჩაშვილი ჩვენთვის უპირველესად, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორია, რომელმაც ამ უნივერსიტეტის კედლებში ბევრი თაობა აღზარდა. იმედია, კიდევ დიდხანს გააგრძელებს ამ საქმიანობას ძალიან ენერგიულად, ისე როგორც ყოველთვის,“ - განაცხადა თსუ რექტორმა.

 

ცნობილმა რეჟისორმა საკუთარი შემოქმედებითი გზა გაიხსენა და უნივერსიტეტში გატარებულ პერიოდზე ისაუბრა. „უნივერსიტეტში უკვე 30 წელია ვმუშაობ. ყურადღება, რომელსაც უნივერსიტეტი იჩენს ჩვენი მიმართულების და პირადად ჩემს მიმართ, უზარმაზარია და ძალიან მადლობელი ვარ ამ ყველაფრისთვის,“ - მადლობა გადაუხადა რეჟისორმა უნივერსიტეტს.

 

წიგნის ავტორმა, თსუ გაზეთ „თბილისის უნივერსიტეტის“ რედაქტორმა ნინო კაკულიამ წიგნის შექმნის იდეასა და მის განხორციელებაზე ისაუბრა. „წიგნი ბიოგრაფიული ჩანახატია, რომელიც ყველაფერს მოიცავს - ბატონი მერაბის  წარსულს, მის ოჯახურ მდგომარეობას, მოსკოვში სწავლის პერიოდს; მოთხრობილია ცნობილი რეჟისორის წინაპრებსა და მემკვიდრეებზე,“- განაცხადა  ნინო კაკულიამ.

 

ღონისძიებაზე მერაბ კოკოჩაშვილმა მოწვეულ სტუმრებს მისი დოკუმენტური ფილმი „ღვინის აკვანი“ საჩუქრად გადასცა.

თარიღი: 16/10/2020