საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

მემორანდუმი თსუ-სა და აბასთუმნის ობსერვატორიას შორის

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის შესაბამისი მიმართულებების სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები აბასთუმნის ობსერვატორიაში გაივლიან სასწავლო პრაქტიკას. ასეთი თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და სსიპ ევგენი ხარაძის ეროვნულ ასტროფიზიკურ ობსერვატორიას (აბასთუმნის) შორის. მემორანდუმს ხელი თსუ  რექტორმა გიორგი შარვაშიძემ, ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ლაშა საღინაძემ და ევგენი ხარაძის ეროვნული ასტროფიზიკური ობსერვატორიის დირექტორმა რევაზ ჭანიშვილმა მოაწერეს. ამასთან, მემორანდუმის მიზანია უნივერსიტეტსა და ობსერვატორიას შორის  ერთობლივი სამეცნიერო კვლევების წარმოების და სამეცნიერო-კვლევითი ტექნოლოგიების განვითარების მიმართულებით თანამშრომლობა.

 

თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ მემორანდუმის ფარგლებში დაგეგმილ სიახლეებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს და ობსერვატორიას შორის არსებული მრავალწლიანი თანამშრომლობა დღეიდან ახალ ეტაპზე გადადის: „ვაპირებთ ერთობლივი საერთაშორისო პროექტების წამოწყებას. დიდი გეგმები გვაქვს იმასთან დაკავშირებით,თუ როგორ შედგება ჩვენი კოლაბორაცია ობსერვატორიასთან და იმ უცხოელ პარტნიორებთან,რომლებიც გვყავს ორივე მხარეს. სასიხარულოა,რომ მემორანდუმი გვაძლევს  საშუალებას  ინტენსიურად ჩავრთოთ ჩვენი სტუდენტობა, მაგისტრანტები, დოქტორანტები საქმიანობაში,რომელიც ძალიან დიდი ხანია ხორციელდება ობსერვატორიაში და სამაგალითოა მთელი რეგიონისთვის,“- აღნიშნა თსუ რექტორმა. 

 

მხარეთა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი მოიცავს გამოცდილების გაცვლას  კვალიფიციური სამეცნიერო კადრების მომზადების და სტუდენტთა თანამედროვე პროგრამებით მომზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების, ასევე სამეცნიერო პუბლიკაციების გამოცემის სფეროში. 

 

„ობსერვატორიასა და უნივერსიტეტს ხანგრძლივი თანამშრომლობის ისტორია აქვს, რომელიც ათეულობით წლებს ითვლის. ეს გვაძლევს იმის საფუძველს და რწმენას, რომ მომავალშიც უფრო რეგულარული გახდება ეს თანამშრომლობა და უფრო დიდი წარმატებები გვექნება,როგორც კვლევით, ისე საგანმანათლებლო საქმიანობაში,“- განაცხადა ევგენი ხარაძის ეროვნული ასტროფიზიკური ობსერვატორიის დირექტორმა რევაზ ჭანიშვილმა.

 

თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ფიზიკის დეპარტამენტის ასტროფიზიკის კათედრის გამგის, პროფესორ ნანა შათაშვილის თქმით, მემორანდუმის ფარგლებში თსუ სტუდენტები სამეცნიერო საგრანტო პროექტებში, ადგილობრივ და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებსა და სამეცნიერო-კვლევით ღონისძიებებში ჩაერთვებიან. 

 

„პირველივე კურსებიდან უფრო ადვილი გახდება ასტროფიზიკით, კოსმოლოგიით, დიდი სატელიტური დაკვირვებებით დაინტერესებული ახალგაზრდების პირდაპირი ჩაბმა  ჩვენს საქმიანობაში, მათ შორის სხვა მიმართულების სტუდენტების - მაგალითად, ელექტრონული ინჟინერიის, მათემატიკის, ბიოლოგიის, კომპიუტერული მეცნიერებების და სხვა. ეს კი რეალურად ზრდის კვლევის ხარისხს, პირდაპირი კავშირები უკეთესია სტუდენტებისთვის და მეორე მხრივ, ობსერვატორიისთვისაც კარგია გაახალგაზრდავება და ახალგაზრდა მეცნიერების მოზიდვა,“- აღნიშნა ნანა შათაშვილმა.

 

ხელშეკრულების თანახმად, თსუ და ობსერვატორია ერთობლივ პროექტებს შეიმუშავებენ საგრანტო კონკურსებში წარსადგენად ფუნდამენტური კვლევის, მეცნიერების ტექნოლოგიური უზრუნველყოფის, საერთაშორისო კვლევითი ქსელების ორგანიზების მონაწილეობის მიმართულებებით. ობსერვატორია, დარგის სპეციფიკიდან გამომდინარე,  მონაწილეობას მიიღებს სტუდენტთა საბაკალავრო, სამაგისტრო, სადოქტორო ნაშრომების შესრულებაში; ასევე, უნივერსიტეტის მიერ განსაზღვრული წესით უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებაში.

 

ამასთან, საქართველოში საუნივერსიტეტო ცხოვრების განვითარების და საერთაშორისო კვლევით ცენტრებთან თანამშრომლობის ხელშეწყობისთვის თსუ და ობსერვატორია ერთობლივად დააფინანსებენ ან მოიძიებენ დაფინანსების წყაროებს სამუშაო შეხვედრების, სტუდენტური პროგრამების განხორციელებისა და საერთაშორისო სემინარების ორგანიზებისათვის. 

თარიღი: 03/09/2020