თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან ილია დარჩიაშვილთან და საქართველოს ეროვნული არქივის გენერალურ დირექტორთან თეონა იაშვილთან ერთად ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერა ხელი, რომელიც აკაკი ჩხენკელის 150-ე საიუბილეო წლისთავის აღნიშვნის მიზნით დაგეგმილი ღონისძიებების განხორციელებას ითვალისწინებს.
მემორანდუმის ფარგლებში, გამოიცემა ქართველი პოლიტიკოსისა და დიპლომატის აკაკი ჩხენკელის ეპისტოლური მემკვიდრეობის შესახებ წიგნი-ალბომი; მოეწყობა აკაკი ჩხენკელის საარქივო და ფოტოდოკუმენტების ექსპოზიცია; ჩატარდება საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია; აკაკი ჩხენკელის სახელობის სტიპენდიატისთვის დაწესდება ერთჯერადი ფულადი ჯილდო.