საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

მარიამ ლორთქიფანიძის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ცნობილი ქართველი მეცნიერის, საზოგადო მოღვაწის, აკადემიკოს მარიამ ლორთქიფანიძის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნა.


ღონისძიებას თსუ რექტორის მოადგილე ნინო ოკრიბელაშვილი, მარიამ ლორთქიფანიძის ოჯახის წევრები, პროფესორები, სტუდენტები ესწრებოდნენ. 

 

“გამოფენაზე წარმოდგენილია ფოტოები, რომელიც მარიკა ლორთქიფანიძის ოჯახმა მოგვაწოდა. მათ შორის ისეთებია, რომელსაც ფართო საზოგადოება პირველად იხილავს. ქალბატონ მარიკას ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე რაიმე ახლის თქმა შეუძლებელია. ერთს ვიტყვი მხოლოდ, რომ ის იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტზე უზომოდ შეყვარებული, სიცოცხლის ბოლომდე მისი ერთგული ქართველი მეცნიერი, რომელმაც მნიშვნელოვანი კვალი დატოვა საქართველოს ისტორიის კვლევაში; ის იყო სიმბოლო ძლიერებისა და პრინციპულობის, ადამიანი, რომელიც მთელ საქართველოს უყვარდა”-აღნიშნა თსუ რექტორის მოადგილემ ნინო ოკრიბელაშვილმა.

 

გამოფენა საერთაშორისო კავკასიოლოგიური კონგრესის ფარგლებში გაიმართა, რომლის ორგანიზატორები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი არიან. საერთაშორისო კავკასიოლოგიური კონგრესი ტარდება შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფინანსებით.

 

თსუ რექტორის მოადგილის ნინო ოკრიბელაშვილის ინფორმაციით, კონგრესში ქართველ მეცნიერებთან ერთად მონაწილეობენ მკვლევრები უკრაინის, სომხეთის, აზერბაიჯანის, ახლო აღმოსავლეთის, ევროპის, აზიის ქვეყნების, კანადისა და ავსტრალიის, აგრეთვე, ჩრდილოეთ კავკასიის წამყვანი სამეცნიერო ცენტრებიდან. “საკმაოდ მრავალფეროვანია ის საკითხებიც, რომელზეც ისაუბრებენ მეცნიერები პლენარული სხდომების დროს; მათ შორის ისტორიის, ეთნოლოგიის, ხელოვნების ისტორიის, არქეოლოგიის თუ ნუმიზმატიკის საკითხები. ეს სწორედ ის თემატიკაა, რაც ქალბატონი მარიკას კვლევის საგანი იყო და რაშიც მას, უდიდეს მეცნიერს თავისი სიტყვა ეთქმოდა” - განაცხადა ნინო ოკრიბელაშვილმა. 

 

კონგრესის ფარგლებში, ასევე, გაიხსნა თამაზ გამყრელიძის სახელობის აუდიტორია გიორგი წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტში .




 

თარიღი: 04/10/2022