„ლეგენდა“ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაარსებული ლიტერატურული კონკურსია, რომელიც 2009 წელს შეიქმნა და მას შემდეგ ყოველ წელს ტარდება.
კონკურსში მონაწილეობა საქართველოს ყველა უმაღლესი სასწავლებლის, სამივე საგანმანათლებლო საფეხურის სტუდენტებს შეუძლიათ.
კონკურსი ორ ეტაპად ტარდება:
I ეტაპი – შიდა შესარჩევი ტური
მონაწილეობის მსურველები სწავლის დაწყების დღიდან 3 კვირის განმავლობაში - 14 ოქტომბრამდე, ავსებენ კონკურსის აპლიკაციას და აგზავნიან თავის ნებისმიერ პროზაულ ნაშრომს (მოთხრობა ან ნოველა, ნაწყვეტი ვრცელი ტექსტიდან), არანაკლებ ერთი და არაუმეტეს სამი თაბახის გვერდი; ჟანრი და თემა შეუზღუდავია;
II ეტაპი – იმპროვიზაციული ტური
შესარჩევ ტურში ჟიური გამოავლენს 10 ფინალისტს, რომლებიც იმპროვიზაციული ტურის მონაწილეები გახდებიან. მთავარ კონკურსზე შექმნილ ნაშრომებს ჟიური შეაფასებს და სამ გამარჯვებულს გამოავლენს.
2024 წლის ლეგენდას პირველი ევროპული შატო საქართველოში - „შატო მუხრანი“ უმასპინძლებს.
წელს გაიზარდა კონკურსის საპრიზო ფონდი, ფულად ჯილდოს გამარჯვებული სამეული მიიღებს:
I ადგილი – 1500 ლარს და კონკურსის სიმბოლოს;
II ადგილი – 1000 ლარს;
III ადგილი – 700 ლარს.
ლეგენდას არსებობის 15 წლის მანძილზე არაერთი თანამედროვე ქართველი მწერალი ჰყავს აღმოჩენილი, ლეგენდის ყველა გამარჯვებული უკვე დამოუკიდებელი მწერალია და გამოქვეყნებული აქვთ საავტორო წიგნები.