საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ლანდშაფტური მეცნიერებების აქტუალური პრობლემები: გარემო, საზოგადოება, პოლიტიკა

საერთაშორისო მულტიდისციპლინური კომბინირებული ღონისძიება "ლანდშაფტური მეცნიერებების აქტუალური პრობლემები: გარემო, საზოგადოება, პოლიტიკა", რომელიც მოიცავს კონფერენციას, სეზონურ სკოლას, გამოფენას, 2019 წლის 9-13 სექტემბერს, თსუ-ში ჩატარდება. ღონისძიება   ერთად შეკრებს  მეცნიერებს ევროპის ლანდშაფტების კონვენციასთან მიერთებული ქვეყნებიდან და იმ ქვეყნებიდან,  რომლებსაც არა აქვთ კონვენციის დოკუმენტი რატიფიცირებული,  მაგრამ გააჩნიათ ლანდშაფტური კვლევების დიდი გამოცდილება. 
2000 წელს ფლორენციაში მიღებულმა ევროპულმა კონვენციამ ლანდშაფტის შესახებ, მნიშვნელოვანი ბიძგი მისცა კომპლექსური მიმართულებით კვლევების განხორციელებას. კონვენციის მიხედვით ლანდშაფტი გაგებულია როგორც ტერიტორიული დაგეგმარების, მართვისა და ტრანსასაზღვრო თანამშრომლობის ობიექტი, რომელიც დიდ როლს ასრულებს საზოგადოების საქმიანობის სხვადასხვა სფეროში - კულტურაში, ეკონომიკაში, სოციალურ სფეროში.
ღონისძიება აღიარებს ევროპის ლანდშაფტების კონვენციაში გაცხადებულ იდეალებსა და ღირებულებებს და ეხმიანება იმ გამოწვევებს, რაც კონვეციასთან მიერთებასთან ერთად წარმოიშვა საქართველოში მეცნიერების, საზოგადოებისა თუ სახელმწიფოების წინაშე.

ღონისძიების მიზნებია: 
  • ქართველ მეცნიერთა მიღწევების წარმოჩენა, ქართველ და უცხოელ მეცნიერთა შორის ლანდშაფტური კვლევების შესახებ დიალოგის ხელშეწყობა და ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება/გაცვლა, ქართველ მეცნიერთა საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში ინტეგრაცია და თანამშრომლობის გაძლიერება სფეროში მომავალი კვლევების პრიორიტეტების დასახვისა და ინოვაციური მიმართულებების განვითარების მიზნით.
  • ახალგაზრდების მეცნიერებაში მოზიდვა, ახალგაზრდა მკვლევარების წარმოჩენა, მათ მიერ ჩატარებული კვლევების პოპულარიზაცია და მათი პროფესიული ზრდის ხელშეწყობა სამომავლო საერთაშორისო თუ ადგილობრივ კვლევით პროექტებში მათი ჩართვის მიზნით. 
  • მულტიდისციპლინური მიდგომების როლის წარმოჩენა ლანდშაფტურ კვლევებში.
  • საქართველოს ლანდშაფტების მრავალფეროვნების წარმოჩენა, ლანდშაფტების მნიშვნელობის და ღირებულების გააზრება და პოპულარიზაცია. 
  • ქართველ მეცნიერებთან ერთად ღონისძიების სამეცნიერო კომიტეტების წევრები, ასევე კონფერენციის მომხსენებლები და სეზონური სკოლის ლექტორები არიან მაღალი რანგის უცხოელი მეცნიერები. ღონისძიებაში მონაწილეობას იღებს 11 ქვეყნის 100-მდე წარმომადგენელი. საქართველო, გერმანია, გაერთიანებული სამეფი, იტალია, ესპანეთი, პორტუგალია,  სლოვაკეთი, ჩეხეთი, ესტონეთი, რუსეთი, სომხეთი - ეს ქვეყნები წარმოდგენილია უნივერსიტეტებითა და სამეცნიერო-კვლევითი ცენტრებით.
ლანდშაფტური კვლევების განსაკუთრებული მნიშვნელობა გააჩნია, ვინაიდან ლანდშაფტური კვლევები ორიენტირებულია ბუნების არა რომელიმე ცალკეულ კომპონენტზე, არამედ მთელ კომპლექსზე ერთდროულად, კომპონენტებს შორის მჭიდრო ურთიერთკავშირების გათვალისწინებით, ანუ ისე როგორც თვით ბუნებაა „მოწყობილი“ - კომპლექსური, ურთიერთზემოქმედი და ურთიერთგამაპირობებელი მოვლენებითა და პროცესებით. სწორედ ეს არის ის მთავარი უპირატესობა, რითაც გამოირჩევა ლანდშაფტური კვლევები.
ღონისძიება დაფინანსებულია შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ. ღონისძიების მოსალოდნელი შედეგები მეტად მნიშვნელოვანია დარგის განვითარებისათვის.
1. ღონისძიების ფარგლებში, ასევე ღონისძიების პუბლიკაციების საშუალებით განხორციელდება ქართველ მეცნიერთა მიღწევების პოპულარიზაცია და მოხდება საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავება როგორც საქართველოს აკადემიური წრის სფეროში უკვე დამკვიდრებულ წარმომადგენელთათვის, ასევე ახალგაზრდა მეცნიერთათვის, რომლებიც თავიანთ პირველ სამეცნიერო ნაბიჯებს დგამენ და რომელთათვისაც სანდო და მაღალი დონის კოლაბორატორების ყოლა ერთობ მნიშვნელოვანია მათი კარიერის ბოლომდე.
2. ღონისძიების ფარგლებში, ასევე ღონისძიების პუბლიკაციების საშუალებით მოხდება ქართველ და უცხოელ მეცნიერთა შორის  ლანდშაფტური კვლევების შესახებ დიალოგის ხელშეწყობა და ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება/გაცვლა, რაც ხელს შეუწყობს მომავალი კვლევების პრიორიტეტების დასახვასა და ინოვაციური მიმართულებების განვითარებას.
3. კონფერენციაზე ახალგაზრდა მეცნიერთა საუკეთესო მომხსენებლების გამოვლენით მოხდება ახალგარზდების მეცნიერებაში მოზიდვა, დაინტერესება, წახალისება და მათი კვალიფიკაციის ამაღლება, რაც ხელს შეუწყობს დარგის განვითარებას.
4.სეზონური სკოლის ფარგლებში მოხდება ახალგაზრდა მკვლევარების წარმოჩენა, მათი დაინტერესება ლანდშაფტური კვლევებით და მათი კვალიფიკაციის ამაღლება სამომავლო საერთაშორისო თუ ადგილობრივ პროეტებში ჩართვის მიზნით, რაც მეტად მნიშვნელოვანია დარგის განვითარებისათვის. 
5.ლანდშაფტის შესწავლით დაინტერესებულია არა მხოლოდ დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებები, არამედ იგი მოიცავს საბუნებისმეტყველო, საზოგადოებრივ, ჰუმანიტარულ და გამოყენებით სფეროებს; ამიტომ ღონისძიება ხელს შეუწყობს არა მხოლოდ საერთაშორისო კავშირების გაღრმავებას, არამედ მულტიდისციპლინური კვლევების განვითარებას და დისციპლინათაშორისი კვლევითი ჯგუფების შექმნას, რაც სფეროში ახალი დიდი მიღწევების წინაპირობა იქნება.

ღონისძიების ფარგლებში  10 სექტემბერს 12:00 საათზე, თსუ მუზეუმში გაიხსნება გამოფენა, რომლის უმთავრესი მიზანია წარმოჩინდეს, საქართველოს ლანდშაფტების მრავალფეროვნება, ქართული ლანდშაფტური სკოლის მრავალწლიანი გამოცდილება, ხოლო ამავე დროს მოხდეს საზოგადოებაში ლანდშაფტების მნიშვნელობის და ღირებულების გააზრება და პოპულარიზაცია.
ლანდშაფტების მნიშვნელობის და ღირებულების გააზრება არსებითია არა მარტო საქართველოს ან ცალკეული ქვეყნის დონეზე, არამედ ევროპისა და მსოფლიოს მასშტაბით.
გამოფენაზე წარმოდგენილია თანამედროვე პერიოდში და მე-19 საუკუნეში გადაღებული საქართველოს ლანდშაფტების ფოტოები, საველე კვლევების ამსახველი ფოტომასალა, საველე კვლევების ექსპონატები, სხვადასხვა პერიოდში გამოქვეყნებული ლანდშაფტური რუკები, ატლასები, მონოგრაფიები,  ქართველი მეცნიერების ფოტოები რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი აქვთ გეოგრაფიისა და ლანდშაფტური კვლევების განვითარებაში შეტანილი და სხვა.
ქართულმა ლანდშაფტურმა სკოლამ გარკვეული წვლილი შეიტანა ლანდშაფტ-მცოდნეობის განვითარებაში. ამ მხრივ, განსაკუთრებული ადგილი უკავია პროფ. ნიკო ბერუჩაშვილს. ქართული ლანდშაფტური სკოლის განვითარებაში ასევე მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს სხვა მეცნიერებმაც: დ. უკლებამ, მ. სანებლიძემ, ქრ. ჯაყელმა და სხვებმა. საქართველოს, სამხრეთ კავკასიის და მთლიანად მთელი კავკასიის რეგიონისათვის შედგენილია ლანდშაფტური რუკები. მათი ნაწილი  გამოფენაზეა ექსპონირებული.
ლანდშაფტური მრავალფეროვნებით  საქართველოს თვალსაჩინო ადგილი უკავია მსოფლიოში. ამ კუთხით იგი აღემატება ბევრ ისეთ ქვეყანას, რომელთაც მნიშვნელოვნად  ჩამორჩება ფართობით. ლანდშაფტური მრავალფეროვნებით საქარ-თ¬ველოს მსოფლიოში მე-10-14 ადგილი უკავია. და თუ ამ მაჩვენებელს ფართობის 1 ერთეულზე ვიანგარიშებთ, მაშინ თვალნათლივ დავინახავთ, რომ ამ მხრივ, საქართველო ლიდერია და მსოფლიოში მას I ადგილი უკავია. ამიტომ უწოდებენ საქართველოს „მსოფლიოს ლანდშაფტურ ლაბორატორიას“.
ექსპოზიციაზე წარმოდგენილია საქართველოს სხვადასხვა კუთხის ლანდშაფტები, დაწყებული ნოტიო კოლხური ტყის, ან ნახევრად უდაბნოს ლანდშაფტებიდან და დამთავრებული მაღალი მთის ნივალურ-გლაციალური ლანდშაფტებით. სულ რაღაც ორიოდე საათის სავალზე შეიძლება ერთი ლანდშაფტიდან მეორე, კონტრასტულ ლანდშაფტში მოხვედრა.
ლანდშაფტური მრავალფეროვნებით განსაკუთრებით გამოირჩევა კახეთი და აფხაზეთი - საქართველოს 2 უკიდურესი მხარე, მდებარე მის ჩრდილო-დასავლეთით და სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გარემოება. მართალლია, უკანასკნელ პერიოდში ძლიერ შეიცვალა ბუნებრივი გარემო, საქართველოში ადგილი აქვს მნიშვნელოვან ანთროპოგენურ ტრანსფორმაციებს, თუმცა ნიშანდობლივია, რომ აქ ჯერ კიდევ არ არის იმდენად დიდად სახეცვლილი და ეკოლოგიურად დეგრადირებული გარემო როგორც მსოფლიოს მრავალ რეგიონში. ეს უთუოდ დიდ ინტერესს უნდა იწვევდეს და ტურიზმის განვითარების კარგ პერსპექტივებს იძლევა. ეს კიდევ უფრო თვალნათელი გახდება, თუ  იმასაც გავითვალისწინებთ, რაოდენ მდიდარია საქართველო ბუნებისა და კულტურის ძეგლებით.
საქართველოში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ხელუხლებელ ლანდშფტებს. ამ მხრივ, განსაკუთრებით მდიდარია მდინარეების ბზიფის, კოდორის, ენგურის, ცხენისწყლის, ლიახვის, ალაზნის შუა და ქვემო წელის აუზები. აქ შემორჩენილია წიფლის, ნაძვის, სოჭის, ფიჭვის, უთხოვრის შესანიშნავი ხელხლებელი ტყეები. საუკუნეების მანძილზე დამკვიდრებულმა ტრადიციულმა ბუნებათსარგებლობამ შემოგვინახა ისინი.
რთულ ოროგრაფიულ პირობებში შექმნა ქართული მეურნის გენიამ ხელოვნური ტერასები სამცხე-ჯავახეთში, აჭარაში, ხევსურეთში და სხვაგან. ბუნებათ-სარგებლობის მდგრადი და რაციონალური პრაქტიკა მეტად ეფექტურად იყენებდა ფერდობის დახრილობასა და ექსპოზიციას, სოლარულ ენერგიას, წყლის მისაწვ-დომობას, მიწის ნაყოფიერებას. სამეურნეო ათვისების ეს ფორმა მეტად გონებამახ-ვილური და მდგრადი პრინციპების შესატყვისია, ვინაიდან ერთი მხრივ, მიღწეულ იქნა აგროკულტურების მაღალი მოსავლიანობა, მეორე მხრივ, კი შენარჩუნებული - ბუნებაში არსებული ეკოლოგიური წონასწორობა. ყოველივე ეს მიღწეულ იქნა ბუნებრივი პირპბების ღრმა ცოდნით, მასზე მრავალწლიანი დაკვირვებებითა და გამოცდილებით.
გამოფენაზე ფოტოების სახითაა წარმოჩენილი ხელოვნური ტერასბეის 2 ტიპი: ქვიანი (კედლიანი) და უქვო (უკედლო). ხერთვისის ტერასები ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულია მათ შორის: როგორ არის შეხამებული ის გარემოსთან. „ბაღები კლდე-კლდე მიდიან და გარეგანი სახით ძველ ბერძნულ ამფითეატრს წააგავს“ - ასე წერდნენ ამ ტერასებზე, სადაც დატერასებულ ციცაბო კალთებზე მოჰყავდათ ვაზი და ხეხილი - საუკუნეების მანძილზე ადგილობრივების მთავარი სამეურნეო დასაყრ¬დენი შინაური მოხმარებისათვის და როგორც სავაჭრო საქონელი.
თანამედროვე ლანდშაფტური კვლევებიც მსგავს რაციონალრ პრინციპებზე უნდა იყოს დაფუძნებული: იყენებდეს ტრადიციულ რაციონალურ ბუნებათსარგებლობით გამოცდილებასა და მეცნიერების თანამედროვე მიღწევებს. ღონისძიებაც ამ მიზანს ემსახურება - აზრთა ურთიერთგაცვლას, გამოცდილების ურთიერთგაზიარებას და საბოლოოდ, მისი განხორციელების შესაძლებლობების წარმოჩენას.


თარიღი: 02/09/2019