საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

კონფერენცია „ქართული დიასპორა - დღევანდელობა და გამოწვევები’’

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კონფერენცია–"ქართული დიასპორა - დღევანდელობა და გამოწვევებ" გაიმართა. კონფერენციას საქართველოს მთავრობისა და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) მისიის ხელმძღვანელი ილიანა დერილოვა და მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის (ICMPD) მისიის ხელმძღვანელი ვიოლეტა ვაგნერი ესწრებოდნენ.
ღონისძიების ორგანიზატორმა  დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა გელა დუმბაძემ თსუ-ს რექტორს გიორგი შარვაშიძეს  საპატიო მედალი ,,ჩვენ გვაძლიერებს ყოველი რაც გვაერთიანებს’’ გადასცა. თავის მხრივ,  თსუ-ს რექტორმა გიორგი შარვაშიძემ ლევილის მამულების საქართველოსათვის გადმოცემაში შეტანილი წვლილისთვის და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წინაშე გაწეული განსაკუთრებული დამსახურებისთვის ივანე ჯავახიშვილის მედლებით სახელმწიფო მინისტრი დიასპორის საკითხებში გელა დუმბაძე და საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი დააჯილდოვა.
თსუ-ს რექტორმა გიორგი შარვაშიძემ დიდი მადლობა გადაუხადა საფრანგეთში ქართული დიასპორის წარმომადგენლებს   უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში არსებული ცენტრისთვის უნიკალური კოლექციის გადმოცემისთვის, რომელიც უახლესი ისტორიის კვლევებისთვის მნიშვნელოვანია. ამავე დროს თსუ რექტორმა აღნიშნა, „ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თსუ მასპინძლობს ასეთი დონის ფორუმს, ვვარაუდობთ, რომ გაგრძელდება ეს თანამშრომლობა და მიიღებს ყოველწლიურ ხასიათს“.
კონფერენციაზე საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ქვეყნისთვის დიასპორის მნიშვნელობაზე ისაუბრა: ,,დიასპორის საქმიანობა მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის როგორც შიდა პოლიტიკისთვის, ასევე საგარეო პოლიტიკისთვის. უნდა აღინიშნოს ის პროექტები და ღონისძიებები, რომელსაც მთავრობა ახორციელებს ამ მიმართულებით სახელმწიფოსა და ქართული დიასპორას შორის ურთიერთობების გასაღრმავებლად“,
იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, საქართველოს მთავრობა მომავალი წლისთვის გეგმავს ლევილის მამულში პირველი რესპუბლიკის საპატივსაცემოდ ისტორიულ-კულტურული მემორიალის ჩამოყალიბებას, რის შემდგომაც ქართველ ხელოვანებსა და სტუდენტებს საშუალება ექნებათ ესტუმრონ ლევილის მამულს.
დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის გელა დუმბაძის  თქმით, „კონფერენციაზე იმუშავებს სამი ძირითადი სამუშაო პანელი - ლევილის მამული, მისი აწმყო და მომავალი, განვითარების საკითხები; ორი პარალელური პანელი, დიასპორულ სწავლებაზე, საკვირაო სკოლებზე, სტანდარტიზაციის საკითხებსა და ახალგაზრდულ პროგრამებზე; მესამე პანელი ეძღვნება დიასპორულ ინვესტიციას. ყველგან წარმოდგენილი იქნება შესაბამისი დოკუმენტური ფილმები. მნიშვნელოვანია, რომ ძალიან ბევრი სტუმარია უცხოეთიდან მოწვეული.“
კონფერენცია მიზნად ისახავს დიასპორის სფეროში არსებულ საკითხებზე საერთო სტრატეგიის ჩამოყალიბებას, მსჯელობას ფორუმის მონაწილეებს შორის განათლებისა და მეცნიერების საკითხებზე, ლევილის მამულსა და მის მომავალზე, ახალგაზრდულ პროგრამებსა და დიასპორულ ინვესტიციებზე.


თარიღი: 06/10/2018