საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

კონკურსი სკოლებში „გავუფრთხილდეთ მშობლიურ ენას“

საქართველოს მასშტაბით 27 სკოლის 400-მდე მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კონკურსის „გავუფრთხილდეთ მშობლიურ ენას“ მეორე ეტაპში. კონკურსი მოძრაობა „არა ბარბარიზმებს!“ ფარგლებში მიმდინარეობს. ღონისძიებას, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლის იუბილეს მიეძღვნა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პატრონაჟით საჯარო სკოლების მოსწავლეებისთვის იმართება, თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე და სკოლის მოსწავლეები ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე თსუ რექტორმა  გიორგი შარვაშიძემ  წაიკითხა ლექცია თემაზე „საუნივერსიტეტო განათლება საქართველოში“, ხოლო პროფესორ თინათინ მარგალიტაძის ლექციის თემა იყო „თანამედროვე ქართულ ენაში ინგლისური ენის გავლენით მიმდინარე პროცესები და მათი გამომწვევი მიზეზები“.    

"ძალიან მნიშვნელოვანი კონკურსია „გავუფრთხილდეთ მშობლიურ ენას“. სასიხარულოა, რომ სკოლის მოსწავლეები და პედაგოგები ყველა რეგიონიდან ჩამოვიდნენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენი უნივერსიტეტის იმ პროფესორებს, ვინც წამოიწყო მოძრაობა „არა ბარბარიზმებს“. დღეს ამ მოძრაობამ მართლა მთელი საქართველო მოიცვა. სიმბოლურია, რომ კონკურსში გამარჯვებულები მშობლიური ენის დღეს - 14 აპრილს გამოვლინდებიან და ფინალისტები დაჯილდოვდებიან,"- განაცხადა თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ.

თსუ პროფესორის თინათინ მარგალიტაძის განცხადებით, „ დაინტერესება სკოლებიდან ძალიან დიდია. პრაქტიკულად რეგიონი არ დარჩენილა, რომლის სკოლამაც მონაწილეობა არ მიიღო. ვფიქრობ, რომ მშობლიურ ენაზე ზრუნვა სწორედ ამ ასაკიდან უნდა დავიწყოთ. დღეს გვაქვს მეორე ეტაპი. გვესტუმრნენ სკოლების წარმომადგენლები, პედაგოგები, დირექტორები, მოსწავლეები, კონკურსანტები, რომლეთაც მოისმინეს საჯარო ლექციები. ამის შემდეგ მათ უნდა დაწერონ ესსე თემაზე: რატომ უნდა გავუფრთხილდეთ მშობლიურ ენას?!“    

“ინგლისური და რუსული ტერმინები ისე გვაქვს შესისხლხორცებული, რომ ვეღარც აღვიქვამთ, ისე ვუშვებთ შეცდომებს. მისასალმებელი იქნება ასეთი სახის თვალსაჩინო პროექტები, რომლებიც მიგვახვედრებს შეცდომებს. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მოსვლა, რადგან ძალიან მაინტერესებდა საუნივერსიტეტო გარემო და ღირსშესანიშნაობები. დღეს მომეცა საშუალება ეს ყველაფერი მენახა.“- აღნიშნა ღონისძიების მონაწილე მოსწავლემ თამარ ბესალაშვილმა.

მოსწავლეებმა და პედაგოგებმა დაათვალიერეს უნივერსიტეტის ისტორიული შენობა, პანთეონი და გაეცნენ უნივერსიტეტის დაარსების ისტორიას.

კონკურსის პირობების თანახმად, მონაწილე მოსწავლეებმა უნდა წარმოადგინონ ესსე თემაზე: „რატომ უნდა გავუფრთხილდეთ მშობლიურ ენას“.  კომპეტენტური ჟიური გამარჯვებულ მოსწავლეებსა და სკოლებს 2018 წლის აპრილში გამოავლენს. ფინალისტების დაჯილდოების ღონისძიება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში  14 აპრილს, ქართული ენის დღეს გაიმართება.



თარიღი: 09/02/2018