საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

კონკურსი საზღვარგარეთ მცხოვრები მოსწავლე-ახალგაზრდებისათვის

 თსუ არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მეცნიერების პოპულარიზაციის პროგრამის ფარგლებში აცხადებს კონკურსს „ანიდან ჰოემდე“.

კონკურსის მიზანია, ხელი შეუწყოს საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველ მოსწავლე-ახალგაზრდებში ქართული მეცნიერების პოპულარიზაციას, მის შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და  ქართული ენის ცოდნის განმტკიცებას. კონკურსი მათ დააახლოებს ქართულ საგანმანათლებლო და სამეცნიერო სივრცესთან.

კონკურსის ფარგლებში განსაზღვრულია ქართული ანბანის შესახებ ესეებისა და ვიდეორგოლების კონკურსის წესით შეფასება და თითოეულ ნომინაციაში საუკეთესო ნაშრომების (როგორც ესეს, ისე ვიდეორგოლის) გამოვლენა. საკონკურსო ნამუშევრები უნდა შესრულდეს ქართულ ენაზე.

კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ 10-17 წლის ახალგაზრდებს – უცხოეთის ქართული დიასპორის წარმომადგენლებს, რომლებიც საზღვარგარეთის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში იღებენ განათლებას. 

საკონკურსო ნამუშევრების შეფასების კრიტერიუმები:

 

1. ნომინაცია საუკეთესო ესე – საკონკურსო თემა უნდა ეხებოდეს ქართულ ანბანს (წარმოშობა, ისტორია, სამეცნიერო თეორიები, განვითარების საფეხურები...) და წარმოაჩენდეს ავტორის შემოქმედებით უნარს, ავლენდეს დამოუკიდებელ და ლოგიკურ აზროვნებას. მონაწილე უნდა იცავდეს თანამედროვე ქართული სალიტერატურო ენის ნორმებს, წერდეს გამართულად.

 საკონკურსო ესე უნდა იყოს აკრეფილი შრიფტით Sylfaen (შრიფტის ზომა − 11, ინტერვალი − 1.5) არაუმეტეს ორი ნაბეჭდი გვერდისა.

საკონკურსო ესეს ცალკე დოკუმენტად უნდა ერთვოდეს საკონკურსო განაცხადი, რომლის ფორმაც (ფორმა N1) გამოქვეყნდება კონკურსის პირობებთან ერთად.

 

2. ნომინაცია საუკეთესო ვიდეორგოლი – საკონკურსო თემა უნდა ეხებოდეს ქართულ ანბანს (წარმოშობა, ისტორია, სამეცნიერო თეორიები, განვითარების საფეხურები...) და წარმოაჩენდეს ავტორის შემოქმედებით უნარს, ავლენდეს დამოუკიდებელ და ლოგიკურ აზროვნებას. მონაწილე უნდა იცავდეს თანამედროვე  ქართული სალიტერატურო ენის ნორმებს, მეტყველებდეს გამართულად.

ვიდეორგოლის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 3 წუთს.

საკონკურსო ვიდეორგოლს ცალკე დოკუმენტად უნდა ერთვოდეს საკონკურსო განაცხადი, რომლის ფორმაც  (ფორმა N1) გამოქვეყნდება კონკურსის პირობებთან ერთად.

ერთ კონკურსანტს შეუძლია მონაწილეობა მიიღოს მხოლოდ ერთ ნომინაციაში.

თითოეულ ნომინაციაში გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან სხვადასხვა სახის სამახსოვრო საჩუქრებითა და ელექტრონული წიგნების სახლ „საბას“ 1-წლიანი მომსახურების პაკეტებით: I ადგილის მფლობელები – 8-წიგნიანი პაკეტით, II და III ადგილის მფლობელები – 4-წიგნიანი პაკეტებით. საუკეთესო ნაშრომების ათეულის დანარჩენი წარმომადგენლები კი – 1-წიგნიანი პაკეტებით.

იგეგმება საუკეთესო ესეების კრებულის გამოცემა.

 

კონკურსი „ანიდან ჰოემდე“ განხორციელდება  შემდეგი ვადების დაცვით:

კონკურსის გამოცხადება: 2021 წლის 10 ნოემბერი

საკონკურსო განაცხადებისა (იხ. ფორმა N1) და ნაშრომების მიღება: 2021 წლის 11 ნოემბრიდან 2021 წლის 30 ნოემბრის 18:00 საათამდე (საქართველოს დროით) შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: contact.icege@gmail.com

ტრენინგის ჩატარება – 14 ნოემბერი, 12:00 საათი (საქართველოს დროით); რეგისტრაციისათვის 11 ნოემბრიდან 12 ნოემბრის 24:00 საათამდე (საქართველოს დროით) გამოგზავნეთ შევსებული  ფორმა N2  შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: contact.icege@gmail.com

13 ნოემბერს მხოლოდ რეგისტრირებული მონაწილეები მიიღებენ ტრენინგის ზუმის ბმულს;

საუკეთესო ესეებისა და ვიდეორგოლების გამოვლენა და ავტორთა დაჯილდოება: 2021 წლის დეკემბერი.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ: დანართი 1, დანართი 2, დანართი 3.

თარიღი: 11/11/2021