თსუ საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის ორგანიზებით, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა უმასპინძლა ინტერკულტურულ ტრენინგს თემაზე „Act like a local: benefits of Intercultural Competences,“ რომელიც განკუთვნილი იყო უცხოელი გაცვლითი სტუდენტებისთვის.
ტრენინგს გაუძღვა თსუ-ს ფსიქოლოგიის მიმართულების პროფესორი ეკატერინე ფირცხალავა. შეხვედრის მიზანი იყო სტუდენტებისთვის ქართულ კულტურულ გარემოსთან ადაპტაციის მხარდაჭერა და ინტერკულტურული კომპეტენციების გაღრმავება.
მონაწილეებმა იმსჯელეს კულტურულ მსგავსებებსა და განსხვავებებზე, კომუნიკაციის სტილსა და სოციალური ნორმების მნიშვნელობაზე. სტუდენტებმა მიიღეს პრაქტიკული რჩევები, რომლებიც მათ დაეხმარება ადგილობრივ საზოგადოებასა და აკადემიურ სივრცეში ინტეგრირებაში.
ტრენინგი ჩატარდა ინტერაქციულ ფორმატში, რამაც ხელი შეუწყო გამოცდილების გაზიარებას, ღია დიალოგსა და კულტურათაშორისი ურთიერთობების გაღრმავებას.