თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ივანე ჯავახიშვილისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნა.
ექსპოზიციაზე წარმოდგენილია უნივერსიტეტის ისტორიის მუზეუმში დაცული ივანე ჯავახიშვილის პირადი ფონდის ექსპონატები:
უნიკალური ფოტოები, რომელიც ასახავს ივანე ჯავახიშვილის ცხოვრების სხვადასხვა პერიოდს: ოჯახურ გარემოს, წარმოაჩენს მას როგორც დიდ მეცნიერსა და საზოგადო მოღვაწეს;
ივანე ჯავახიშვილის სამეცნიერო მემკვიდრეობის ამსახველი ხელნაწერები, ფრაგმენტები, რომლებიც მოიცავს საქართველოს მეფის ბაგრატ მეოთხის პერიოდს, დავით აღმაშენებლის ეპოქას, ცნობებს გიორგი მესამისა და თამარ მეფის შესახებ და სხვ. მეცნიერის ნაშრომები, პირად არქივში დაცული მნიშვნელოვანი დოკუმენტები, მოგონებებსა და ეპისლტოლარული მემკვიდრეობა); ივანე ჯავახიშვილის პირად და მემორიალურ ნივთები.
გამოფენაზე წარმოდგენილია ივანე ჯავახიშვილის კარტოგრაფიული მემკვიდრეობა, რომელშიც ასახულია საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური, პოლიტიკურ-კულტურული და დიპლომატიური პროცესები. დიდი მეცნიერის მიერ პროფესიონალ კარტოგრაფებთან ერთად მომზადებული რუკები:
საქართველოს საზღვრების რუკა. 1919 წ.
საქართველოს რესპუბლიკის რუკა. 1922წ.
საქართველოს ისტორიული რუკა. 1923 წ.
საქართველოს ბოტანიკურ-აგრონომიული არეების რუკა, ძველი წყაროების მიხედვით შედგენილი. 1930წ.