საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

იაკობ გოგებაშვილისადმი მიძღვნილი ქართველოლოგიური სამეცნიერო კონფერენცია

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტების ინიციატივით იაკობ გოგებაშვილისადმი მიძღვნილი ქართველოლოგიური სამეცნიერო კონფერენცია გაიხსნა. კონფერენციის ფარგლებში გაიცა იაკობ გოგებაშვილის სახელობის სამეცნიერო პრემია.
შეხვედრა ონლაინ ფორმატში წარიმართა და მონაწილეებს თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი ნანა გაფრინდაშვილი და სახელმწიფო ენის დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი მიესალმნენ.
"იაკობ გოგებაშვილი არის ყველაზე დიდი პედაგოგი და პედაგოგიკის ფუძემდებელი საქართველოში და ბევრი რამ, რაც გვაქვს დღეს თანამედროვე განათლების სისტემაში არის დაკავშირებული მის სახელთან. ის, რომ საქართველოში ჩამოყალიბდა ეროვნული სკოლები, შეიქმნა სახელმძღვანელოები, ჩამოყალიბდა სახალხო განათლების სისტემა ეს უპირველეს ყოვლისა იაკობ გოგებაშვილის დამსახურებაა. მის მიერ დაწყებული საქმიანობა დაგვირგვინდა 20-იან წლებში ჩვენი ხანმოკლე დამოუკიდებლობის პერიოდში დიმიტრი უზნაძის მიერ შექმნილი ეროვნული განათლების კონცეფციით, რომელმაც გააერთიანა და ჩამოაყალიბა ის, რასაც დღეს ეწოდება ქართული განათლების სისტემა,"-აღნიშნა გიორგი შარვაშიძემ.
ღონისძიებაზე თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ნანა გაფრინდაშვილმა გოგებაშვილის ღვაწლზე, კონფერენციისა და პრემიის მნიშვნელობაზე ისაუბრა. “დღეს ჩვენი უნივერსიტეტისათვის მეტად მნიშვნელოვანი დღეა. შევიკრიბეთ, რათა ღირსეული პატივი მივაგოთ დიდ
ქართველს იაკობ გოგებაშვილს და მისი სახელით კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფორუმი გავმართოთ და ჩვენი წვლილი შევიტანოთ ქართველოლოგიური მეცნიერებების განვითარებაში. ორიოდე სიტყვით ასე შეიძლება დავახასიათოთ იაკობ გოგებაშვილი: მეცხრამეტე საუკუნიდან მოყოლებული, სრულიად საქართველოს მასწავლებელი, გენიალური მიგნების „აი იას“ ავტორი, ერთ-ერთი უმთავრესი და უბერებელი წიგნის დედაენის ავტორი, ქართული პედაგოგიკის ფუძემდებელი, ყველა ეპოქის უდიდესი ქართველი და საზოგადო მოღვაწე.“- განაცხადა ნანა გაფრინდაშვილმა.
სახელმწიფო ენის დეპარტამენტის თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა აღნიშნა იაკობ გოგებაშვილის მნიშვნელოვანი ღვაწლი - ძველი ტრადიციების შეხამება თანამედროვე გამოწვევებთან. „ ის რაც შექმნა და გააკეთა იაკობ გოგებაშვილმა გარკვეული წინაპირობის გარეშე ვერ იქნებოდა, რადგან ძველ საქართველოში გარკვეული ტრადიციები არსებობდა საგანმანათლებლო სისტემისა. მე არ ვგულისხმობ მხოლოდ სამონასტრო საგანმანათლებლო კერებს, სადაც მიდიოდა ამ მიმართულებით მუშაობა. არამედ, როცა უკვე ხდება ევროპეიზაცია ქართული საგანმანათლებლო სისტემისა და ბუნებრივია, რომ იმ ძველი ტრადიციების შეხამება თანამედროვე გამოწვევებთან იყო საჭირო და სწორედ ეს მოახერხა იაკობ გოგებაშვილმა. არამარტო დედა ენის შექმნით და იმ უნიკალური ფორმულის "აი ია"-ს უზმნო, უშემასმენლო წინადადების შექმნით, არამედ სხვა არაერთი სახელმძღვანელოთი, რომლის სწავლა სწავლების გარეშე, იმ პერიოდის თანამედროვე მოთხოვნების ახალგაზრდა ვერ გაიზრდებოდა.“- განმარტა გიორგი ალიბეგაშვილმა.
იაკობ გოგებაშვილის სახელობის სამეცნიერო კონფერენციის ფარგლებში გაიცა იაკობ გოგებაშვილის სახელობის სამეცნიერო პრემია.
წელს პრემია მიენიჭა ავტორთა ჯგუფს ერთობლივი ნაშრომისთვის „აღმოსავლეთი და დასავლეთი ქართულ ხალხურ ზღაპრებში“ . ამ ნაშრომის ავტორები არიან: დარეჯან გარდავაძე, ელენე გოგიაშვილი, ნინო ქავთარაძე, თეა თათეშვილი და ანდრო გოგოლაძე.
იაკობ გოგებაშვილის სახელობის სამეცნიერო კონფერენციისა და სამეცნიერო პრემიის გაცემას 2015 წელს ჩაეყარა საფუძველი და ყოველ ორ წელიწადში ერთხელ იმართება.
სამეცნიერო კონფერენციისა და პრემიის მიზანს წარმოადგენს ქართველოლოგიური სამეცნიერო დარგების (ქართული ენა, საქართველოს ისტორია და წყაროთმცოდნეობა, ქართულ სიძველეთა კვლევა და არქეოლოგია, ხელოვნებათმცოდნეობა, ქართული ლიტერატურათმცოდნეობა, საქართველოს ეთნოგრაფია და ფოლკლორი, ქართული ქრისტიანული კულტურის ისტორია და მსოფლმხედველობის საფუძვლები, ქართველოლოგიური ბაზების ტექნოლოგიური უზრუნველყოფა, ქართული პედაგოგიური აზროვნება) შემდგომი განვითარების ხელშეწყობა.
იაკობ გოგებაშვილისადმი მიძღვნილ სამეცნიერო კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო მოხსენებები, რომლებიც ხელს უწყობენ ქართველოლოგიური დარგების განვითარებას.

თარიღი: 28/10/2021