საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თსუ ხელოვნების ისტორიის და თეორიის ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებული ორი წიგნის პრეზენტაცია

5 დეკემბერს  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თსუ ხელოვნების ისტორიის და თეორიის ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებული ორი წიგნის პრეზენტაცია გაიმართება.
ორივე წიგნი შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ხელშეწყობით განხორციელებული პროექტის  “ანისი - ქართული კულტურული მემკვიდრეობა” (გრანტი #HE15-22) ფარგლებში მომზადდა. 
პირველი წიგნი – კრებული სათაურით: "ანისი გზაჯვარედინზე" პროექტის ფარგლებში ჩატარებულ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე წარმოდგენილი მოხსენებების კრებულია. კონფერენცია  2017 წლის ნოემბერში გაიმართა და მასში მონაწილეობდნენ აღნიშნული რეგიონითა და თემატიკით დაინტერესებული მკვლევარები როგორც საქართველოს, ისე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის სამეცნიერო და სასწავლო ცენტრებიდან.
კონფერენცია ჩატარდა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით. კრებული მომზადდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობაში, ხოლო დაიბეჭდა საქველმოქმედო ფონდ "ცისკარის" ფინანსური მხარდაჭერით.
მეორე წიგნი - "მასალები ანისის წმ. გრიგოლის ეკლესიის მოხატულობის შესწავლისთვის", ცნობილი ხელოვნებათმცოდნის და რესტავრატორის, ნიკოლაი სიჩოვის მიერ 1911 წელს ანისში განხორციელებული სამუშაოს დღიურის პუბლიკაციაა. ეს მასალები ინახება სანკტ-პეტერბურგის მატერიალური კულტურის ინსტიტუტის სამეცნიერო არქივში. XIII საუკუნის პირველ ნახევარში ქართველი ოსტატების მიერ შექმნილ ამ მოხატულობას დიდი მნიშვნელობა აქვს კავკასიის ქრისტიანული ხელოვნების შესწავლისთვის.    
პუბლიკაცია მომზადდა ივანე ჯავახიშვილი სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნების ისტორიისა და თეორიის ინსტიტუტის და სანკტ-პეტერბურგის მატერიალური კულტურის ისტორიის ინსტიტუტის თანამშრომლობით. წიგნი გამოიცა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობაში.  
პრეზენტაცია შედგება თსუ I კორპუსის 214-ე აუდიტორიაში (ი.ჭავჭავძის გამზ.N1). დასაწყისი 17:00 საათზე. 

თარიღი: 03/12/2019