თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლების მიერ ბათუმში ორი აქტივობა ჩატარდა. 4 ივნისს სამეცნიერო პიკნიკი წმინდა მატათას სახელობის სასულიერო გიმნაზიაში სკოლის მოსწავლეებისათვის და ასევე 5 ივნისს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში - სტუდენტებისთვის. ორივე ღონისძიებაში თსუ პროფესორებთან ერთად ბათუმის უნივერსიტეტის აგრარული და მემბრანული ტექნოლოგიების ინსტიტუტის წარმომaდგენელები იყვნენ ჩართული.
„ვინ და რატომ უნდა ისწავლოს ქიმია? – მეცნიერება ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში,“-ამ სახელით გამართული ღონისძიებების მიზანი სკოლის მოსწავლეებსა და სტუდენტებში ქიმიისადმი ინტერესის გაზრდა გახლდათ პრაქტიკული, ვიზუალური და ინტერაქტიული აქტივობების საშუალებით, რაც ლაბორატორიულ დემონსტრაციებს, ექსპერიმენტებს, ქიმიის პრაქტიკულ უნარ-ჩვევების დემონსტრირებას, ასევე საგანმანათლებლო ლექციებს და შემოქმედებით აქტივობებს გულისხმობს. ღონისძიებები (რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტის SPG-25-652 -ის) ფარგლებში ხორციელდება, რომლის მიზანია ქიმიის პოპულარიზაცია სკოლის მოსწავლეებში - ქიმიის ვიზუალური ეფექტების ჩვენება; საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისადმი ინტერესის გაზრდა; პრაქტიკული გამოცდილების მიღების ხელშეწყობა; მეცნიერების ყოველდღიურ ცხოვრებასთან დაკავშირება და სხვა.
ღონისძიების დამსწრეთ საშუალება ჰქონდათ მონაწილეობა მიეღოთ სხვადასხვა სახალისო ექსპერიმენტში და ასევე მოესმინათ ლექციები, რომლებიც თსუ პროფესორებმა ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ქიმიის სასწავლო-სამეცნიერო ლაბორატორიის გამგემ, ქიმიის დოქტორმა ელზა მარქარაშვილმა და აკადემიკოსმა რამაზ გახოკიძემ წაიკითხეს. მოგვიანებით, თსუ წარმომადგენლების ბათუმის უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა შედგა სადაც ელზა მარქარაშვილსა და რამაზ გახოკიძეს მადლობის სიგელები გადაეცათ.