საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თსუ-ში საქართველოში ამერიკისმცოდნეობის დაარსების 20 წლისა და უნივერსიტეტის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოში ამერიკისმცოდნეობის დაარსების 20 წლისა და თსუ-ს 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნა.

ამერიკისმცოდნეობის მე-19 ყოველწლიური კონფერენციის გახსნას თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს, სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, პროფესორები, სტუდენტები, მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.

„20 წელი შეუსრულდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ძალიან მძლავრ მიმართულებას - ამერიკისმცოდნეობას, ამ იუბილეს მიეძღვნა ძალიან საინტერესო კონფერენცია, რომელშიც 130 მომხსენებელი მონაწილეობდა, მათი მოხსენებები ეხებოდა ამერიკის პოლიტიკურ მოწყობას, საგარეო პოლიტიკასა და ურთიერთობებს. კონფერენციაში ბევრი ახალგაზრდა მეცნიერი და სტუდენტია ჩართული",-განაცხადა თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ.

თსუ ამერიკისმცოდნეობის ინსტიტუტის ხელმძღვანელის, პროფესორ ვასილ კაჭარავას თქმით, საქართველოში ამერიკისმცოდნეობის დაარსების 20 წლის იუბილე ქართველი ამერიკანისტებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა. "ჩვენი ინსტიტუტი მნიშვნელოვან საქმეს აკეთებს არა მხოლოდ უნივერსიტეტისთვის, არამედ მთელი ქვეყნისთვის, ერისთვის. ჩვენ გადავცემთ საზოგადოებას მეცნიერულ, ობიექტურ ინფორმაციას ჩვენს მთავარ მოკავშირესა და მსოფლიოს მთავარ სახელმწიფოზე", - აღნიშნა ინსტიტუტის ხელმძღვანელმა.

კონფერენციაში საქართველოსა და მსოფლიოს სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის წარმომადგენლები, პროფესორები, სტუდენტები და მკვლევრები მონაწილეობდნენ. მოხსენებების თემატიკა ამერიკული ცხოვრების სხვადასხვა სფეროს მოიცავდა. კონფერენციაზე იმუშავა: ისტორიისა და პოლიტიკის, აშშ-საქართველოს ურთიერთობის, საგარეო პოლიტიკის, მკვიდრი ამერიკელების, ლიტერატურისა და ენის, კულტურის, სოციალური საკითხების და სამართლის, ლათინური ამერიკის, ფილოსოფიის, მედიის, მედიცინის, ეკონომიკის და  არქიტექტურის სექციებმა.

ღონისძიებაზე მოწვეული იყო პუბლიცისტი გელა ჩარკვიანი. მისი თქმით, "ამერიკისმცოდნეობა ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებაა, რადგან ამერიკა ჩვენი ქვეყნის დიდი მეგობარი და სტრატეგიული პარტნიორია. ადამიანები ბედნიერებას აიგივებენ თავისუფლებასთან და სწორედ ამერიკის შეერთებული შტატები არის თავისუფლების ქვეყანა“.

ამერიკისმცოდნეობის მე-19 ყოველწლიური კონფერენცია თსუ ამერიკისმცოდნეობის ინსტიტუტისა და ამერიკის შესწავლის საქართველოს ასოციაციის ორგანიზებით გაიმართა.





თარიღი: 06/03/2018