საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თსუ-ში გიორგი კალანდიას წიგნის პრეზენტაცია გაიმართა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ისტორიკოს  გიორგი კალანდიას წიგნის პრეზენტაცია გაიმართა. 400-გვერდიანი ილუსტრირებული ენციკლოპედია, სახელწოდებით „ქართული მოდის ისტორია”, მკითხველს საშუალებას აძლევს გაეცნოს საქართველოში ქსოვილისა და სამოსის გაფორმების ევოლუციას, უძველესი დროიდან მეოცე საუკუნის 20-იან წლებამდე. ნაშრომში გამოყენებულია 3000-ზე მეტი ილუსტრაცია.

 

წიგნის პრეზენტაციას დაესწრო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ჯაბა სამუშია, რომელმაც უნიკალური გამოცემის სამეცნიერო მნიშვნელობაზე ისაუბრა და ავტორს საეტაპო ნაშრომის გამოცემა მიულოცა.

 

„თითქმის ბოლო ნახევარი საუკუნის განმავლობაში მსგავსი გამოცემა საქართველოში  არ შექმნილა, ქართული მოდის ისტორიის მიმართულებით. მეტიც, ამ ნაშრომს აქვს ძალიან  დიდი  სამეცნიერო დატვირთვა. მასში არის განხორციელებული ბევრი სამოსის რეკონსტრუქცია, რაც ძალიან საინტერესოა ისტორიკოსებისათვის, ეთნოლოგებისათვის, სხვადასხვა მიმართულების სპეციალისტებისათვის,“- განაცხადა რექტორმა.

 

ნაშრომის შექმნის მიზანზე და მნიშვნელობაზე ისაუბრა ავტორმა გიორგი კალანდიამ და გუნდის წევრებს  მადლობა გადაუხადა გაწეული შრომისთვის.

 

„საგულისხმოა, რომ ქართული ისტორიული დოკუმენტები, ფრესკები, ჩვენამდე მოღწეული ხელოვნების ნიმუშები, აზიურ და ევროპულ გავლენებს, წარსულის გამოწვევებსა და თვითმყოფად ქართულ კულტურას ყველაზე ნათლად წარმოგვიჩენენ. განსაკუთრებით საინტერესოა ქართული ქსოვილისა და სამოსის ფორმირების მრავალსაუკუნოვანი გზა, რომელიც წიგნშია წარმოდგენილი და საქართველოს ისტორიის ყველა ნაწილს აერთიანებს, “-აღნიშნა წიგნის ავტორმა გიორგი კალანდიამ.

 

აღსანიშნავია, რომ ალბომში ძირითადად თავმოყრილია საქართველოს ხელოვნების სასახლეში დაცული ქსოვილისა და კოსტიუმების კოლექციის ძვირფასი ნიმუშები.

„ნაშრომი ისტორიკოსებისთვის, ეთნოლოგებისთვისა და საქართველოთი დაინტერესებული მეცნიერ-მკვლევრებისთვის ძალიან  ღირებული არის. შეიძლება ითქვას, სამაგიდო გამოცემაც კი. წიგნში გადმოცემული ინფორმაცია გვაძლევს საშუალებას, რომ ახალი მიმართულებები აღმოვაჩინოთ, სწორედ იმიტომ, რომ მოდა ისეთი რამ გახლავთ, რაც ეპოქას გადმოსცემს იმდროინდელი ღირებულებების, ეთიკური თუ ესთეტიკური შეხედულებების, სოციალური ფენების სტრუქტურისა და ყოველდღიურობის ჭრილში,“-განაცხადა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ქეთევან ხუციშვილმა.

 

ღონისძიების დასასრულს, ავტორმა წიგნი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას საჩუქრად გადასცა.

 

წიგნი საქართველოს ხელოვნების სასახლემ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერითა და თიბისი ბანკის თანადგომით გამოსცა.

თარიღი: 26/01/2023