ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ქიმიის მიმართულების სტუდენტებმა წარმატებით დაასრულეს სტუდენტთა სტაჟირების პროგრამა „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის“ ნავთობპროდუქტების საგამოცდო ლაბორატორიაში. სტაჟირების ფარგლებში მონაწილეებმა შეისწავლეს ნავთობპროდუქტების თეორიული საფუძვლები, გაეცნენ თანამედროვე ფიზიკურ-ქიმიური კვლევის მეთოდებს და უშუალოდ ჩაერთნენ ლაბორატორიულ პრაქტიკაში. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ბენზინისა და დიზელის ხარისხის კონტროლის მეთოდებს, სტანდარტებსა და თანამედროვე ანალიტიკურ მიდგომებს.
პროგრამის მიზანი იყო სტუდენტებისთვის პრაქტიკული გამოცდილების გაზიარება, პროფესიული უნარების განვითარება და თანამედროვე ლაბორატორიული პროცესების გაცნობა რეალურ სამუშაო გარემოში. „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი“ მადლობას უხდის უნივერსიტეტს ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის და მომავალშიც მზად არის მხარი დაუჭიროს ახალგაზრდა სპეციალისტების პროფესიულ განვითარებას.