საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თსუ-ს დამატებითი საგამოცდო ცენტრები სრულ მზადყოფნაშია

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამატებითი რეგიონული საგამოცდო ცენტრები 20 ივნისიდან გაზაფხულის სემესტრის ფინალური გამოცდების ჩასატარებლად სრულ მზადყოფნაშია. ქუთაისისა და ახალციხის საგამოცდო ცენტრებში გამოცდის  ჩაბარების სურვილი სხვადასხვა ფაკულეტეტის 160-მდე სტუდენტმა გამოთქვა. რეგიონულ ცენტრებში გამოცდების ჩაბარების მსურველთა რეგისტრაცია 1 ივნისის ჩათვლით მიმდინარეობდა.

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ გაითვალისწინა სტუდენტების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა და ის გამოწვევები, რაც მიმდინარე სემესტრში, პოსტ-პანდემიურ გარემოში შეიქმნა. შესაბამისად, ჰიბრიდულ (შერეულ) ფორმატში სწავლებასთან ერთად სტუდენტებს თბილისის პარალელურად ფინალური გამოცდების 2 რეგიონულ ცენტრში შექმნილ დამატებით საგამოცდო ცენტრებში  ჩაბარების შესაძლებლობა მიეცათ. აღნიშნული გადაწყვეტილების მიზანია რეგიონში მცხოვრები სტუდენტებისთვის საგამოცდო პროცესის გამარტივება.

რეგიონული საგამოცდო ცენტრები აკაკი წერეთლის ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით ამავე უნივერსიტეტის ბაზაზე ამოქმედდა.

თბილისსა და რეგიონულ საგამოცდო ცენტრებში გამოცდები ჩატარდება მოქნილი საგამოცდო გრაფიკით, რითაც უნივერსიტეტი ხელს შეუწყობს ყველა სტუდენტის საგამოცდო პროცესში ჩართულობას. საგამოცდო ცხრილები სტუდენტებს უახლოეს დღეებში ეცნობებათ.

ამასთან, თსუ აკადემიური საბჭოს რეკომენდაციით და უნივერსიტეტის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, სტუდენტებს, ვისაც დამატებით საგამოცდო ცენტრებში გადაადგილების პრობლემა აქვთ, ან ამჟამად ცხოვრობენ ლისის და ბაგების საერთო საცხოვრებლებში, საგამოცდო პერიოდში საერთო საცხოვრებელში განთავსება უფასოდ შეეძლებათ.

თსუ-ში ამჟამად 3500-ზე მეტი სასწავლო კურსი ხორციელდება და  24 ათასი სტუდენტი სწავლობს.

თარიღი: 10/06/2022